Thumbnail
  • ბრაზილიამ პერუს ნაკრები დაამარცხა და კოპა ამერიკის ფინალში გავიდა
  • მატჩის ერთადერთი გოლი ნეიმარის პასის შემდეგ ლუკას პაკეტამ გაიტანა
  • ნეიმარმა პერუსთან მატჩის არბიტრსა და სასურველ მეტოქეზე ისაუბრა

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირის მასპინძლებმა ნახევარფინალში პერუს მინიმალური ანგარიშით მოუგეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლუკას პაკეტამ 35-ე წუთზე, მას შემდეგ გაიტანა, რაც ნეიმარმა საჯარიმოში სამი მეტოქე მოატყუა და პასი გაუკეთა.

პარი სენ-ჟერნემის ფორვარდმა, რომელმაც მიმდინარე კოპა ამერიკაზე ჩატარებულ 5 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, პერუსთან თამაშის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვა. ნეიმარმა რობერტო ტობარი ამპარტავნებაში დაადანაშაულა:

"მსაჯი ასე არ უნდა იქცეოდეს. იმას, როგორც ის ელაპარაკებოდა და უყურებდა მოთამაშეებს, უპატივცემულობა ჰქვია. პირველი წამიდან, როგორც კი მას მივმართე, ზემოდან მიყურებდა. მიმაჩნია, რომ ეს არანორმალურია. ამ რეფერის მსაჯობაზე უკმაყოფილებას ორივე გუნდი გამოთქვამდა. შესაძლოა, როგორც ჩვენ, მოთამაშეებს, მასაც ეშლებოდეს რაღაც, მაგრამ კოპა ამერიკის ნახევარფინალის არბიტრი ასეთი ამპარტავანი არ უნდა იყოს". 

ნეიმარი კმაყოფილი არც ლაინსმენის გადაწყვეტილებებით იყო

კოპა ამერიკის მეორე ფინალისტის ვინაობა არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებების დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს, რომელიც 7 ივლისს გაიმართება. ბრაზილიელთა ლიდერს სურს, რომ მისი გუნდის მეტოქე გადამწყვეტ მატჩში არგენტინის ნაკრები იყოს:

"მინდა, რომ ფინალში არგენტინა გავიდეს და მას ვუგულშემატკივრებ, რადგან იქ ბევრი მეგობარი მყავს. აი, ფინალში კი ბრაზილია გაიმარჯვებს".

კოპა ამერიკის ფინალური შეხვედრა 11 ივლისს გაიმართება. ტურნირი ბრაზილიას ისტორიაში 9-ჯერ აქვს მოგებული და მათ შორის ბოლოც, რომელიც 2019 წელს ჩატარდა. არგენტინამ კოპა ამერიკა 14-ჯერ მოიგო, ყველაზე მეტჯერ კი ურუგვაიმ - 15-ჯერ.

📺 ბრაზილია V პერუ

კომენტარები

ბოლო ამბები