Thumbnail

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებმა ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და პირველი ფინალისტი გახდა. მატჩის შემდეგ რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს შედეგი არა მისი, არამედ ფეხბურთელების დამსახურებაა.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "აქამდე რომ მოვედით, არა ჩემი დამსახურებაა, არამედ ბიჭების, ვისაც სჯეროდათ ამ ყველაფრის. თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა, სამუშაო დასასრულებელია. ძალები უნდა აღვიდგინოთ და ფინალში ვითამაშოთ.

ძალიან რთული თამაში იყო, ესპანეთის ნაკრები შესანიშნავი გუნდია. ისინი ბურთით ძალიან კარგად თამაშობდნენ და ბურთის ფლობის ოსტატები არიან. ჩვენც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვეულებრივ ვთამაშობთ. თუმცა, ვიცოდით, რომ ურთულესი თამაში იქნებოდა. მორატას წინააღმდეგ თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ მოვახერხეთ გადაწყობა და ბოლოს განსაკუთრებული საფრთხე არ დაგვმუქრებია. მინდა ვთქვა, რომ იტალიურ სტილში არ მოგვიგია. გუნდები უტევენ და თავს იცავენ, მხოლოდ შეტევა შეუძლებელია და ჩვენი საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა. ძალიან გახსნილი თამაში იყო. ვის ველოდები ფინალში? არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ფინალში ვართ. 4 დღე გვაქვს ენერგიის აღსადგენად და ვნახოთ რა მოხდება".

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში მეოთხედ გავიდა - 1968 წელს მოიგო, ხოლო 2000 და 2012 წლებში დამარცხდა. ამჯერად "სკუადრა აძურა" 11 ივლისს, ინგლისის ან დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები