Thumbnail

როგორც მოსალოდნელი იყო, დინამო ბათუმს ტრე პენეს დამარცხება არც მეორე მატჩში გაუჭირდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა უეფას ახალი ევროტურნირის, კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სან მარინოს კლუბს 3:0 მოუგო.

ტრე პენე, სადაც ლეგენდარული მაიკონი თამაშობს, დინამო ბათუმმა ორი მატჩის ჯამში ადვილად დაამარცხა

ბათუმელებს პირველი მატჩი დიდი ანგარიშით, 4:0 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, გია გეგუჩაძემ საპასუხო მატჩში როტაციას მიმართა და გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა. საერთო ჯამში, დინამო ბათუმის სასტარტოში 7 ცვლილება განხორციელდა: ძირითადში იყვნენ ოლეკსანდრ აზაცკი, გიორგი ნავალოვსკი, გიული მანჯგალაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი, გიორგი ზარია, ლაშა შინდაგორიძე და ვამარა სანოგო.

ბათუმელებისთვის ეს ბოლო 23 წლის განმავლობაში ევროტურნირის პირველი საშინაო მატჩი გახლდათ. რომ არა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, სტადიონი გაივსებოდა, 50-პროცენტიანი შეზღუდვის პირობებში კი ახალი არენა სწორედ სანახევროდ შეივსო. შთამბეჭდავ იყო ბათუმელი გულშემატკივრების მორიგი პერფორმანსი - სპეციალურად ევროსარბიელზე დაბრუნების აღსანიშნავი ბანერი.

'პირატების' პერფორმანსი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე

თამაში ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორც პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ - დინამო ბათუმმა თავიდანვე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და მე-16 წუთზე შეძლო დაწინაურება - გიორგი ზარიას პასის შემდეგ ვამარა სანოგომ ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა. მატჩის პირველი ნახევრიდან ასევე აღსანიშნავია ლაშა შინდაგორიძის მომენტი და ზარიას საჯარიმო დარტყმა ტაიმის ბოლოს, ასევე ლაზარე კუპატაძის ორი კარგი სეივიც.

მეორე ტაიმი ფაქტობრივად ბათუმელთა გოლებით დაიწყო: გაფრინდაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი სანმარინოელთა კარის ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი მანჯგალაძემ გაიტანა. 4 წუთში ანგარიში 3:0 გახდა: სანდრო ალთუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ, ფლამარიონ ჯოვინომ რთული პოზიციიდან ეფექტურად გადაგზავნა ბურთი მიგანის კარში. საინტერესოა, რომ ეს გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს.

ჯოვინო თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და 51-ე წუთზე გაიტანა

გეგუჩაძის გუნდი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტი აღარ გაუტანია. დინამო ბათუმი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვოს ბატე-ს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 22 ივლისს ბათუმში გაიმართება, საპასუხო კი - 29-ში. 

დინამო ბათუმი 3:0 ტრე პენე

გოლები: 1:0 სანოგო (16), 2:0 მანჯგალაძე (47), 3:0 ჯოვინო (51)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი - ტეიდი (46. ალთუნაშვილი), მანჯგალაძე (62. ფანცულაია) - გაფრინდაშვილი, ზარია, შინდაგორიძე (46. ჯოვინო) - სანოგო (61. ჯიღაური).

ტრე პენე (3-5-2): მიგანი - პალაცი, მაიკონი (65. კასადეი), ვანდი - სარტორი, სანტონი, რიგინი (73. ძონძინი), სემპირნი, ბოჩოლეტი - პიერი (63. კოშტა), ბადალასი.

კომენტარები

ბოლო ამბები