Thumbnail

ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიადის სტარტისთვის აქტიურად ემზადებიან. ტოკიოში ძიუდოს ტურნირი 24-30 ივლისს ჩატარდება და მასში 9 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - 7 კაცი და 2 ქალი. 

გუნდის სამზადისსა და მოლოდინზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ისაუბრა: 

"ვიმყოფებით ტოკიოში. ძიუდოს ნაკრები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ოპტიმალურად ჩაერთოს ოლიმპიურ თამაშებში. 24 ივლისს სტარტს იღებს ძიუდო. მოგეხსენებათ, 7 წონითი კატეგორიაა და 7 დღის განმავლობაში გვექნება შეჯიბრება. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი წარმატება გვექნება. ჩემი გუნდის თითოულ წევრს ვუსურვებ წარმატებას, ძალიან მაღალი ხარისხის მედლებს. მინდა, მთლიანად ქართულ დელეგაციას, თითოეულ სპორტსმეს ძალიან დიდი წარმატება და ოქროს მედლები ვუსურვო".

კომენტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონმა ლაშა ბექაურმაც გააკეთა, რომელმაც ტრავმის შემდეგ ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა:

"გუნდმა სრული დატვირთვით დავიწყეთ მომზადება. ვფიქრობ, საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია და გულშემატკივარი ჩვენგან ბევრ მედალს უნდა ელოდოს. გამარჯვებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივარი გავახაროთ", - თქვა 20 წლის ძიუდოისტმა.

საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრები
📷 | საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრები: ლუხუმ ჩხვიმიანი - 60 კგ; ვაჟა მარგველაშვილი - 66 კგ; ლაშა შავდათუაშვილი - 73 კგ; ტატო გრიგალაშვილი - 81 კგ; ლაშა ბექაური - 90 კგ; ვარლამ ლიპარტელიანი - 100 კგ; გურამ თუშიშვილი + 100 კგ; ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი - 52 კგ; ეთერ ლიპატელიანი - 57 კგ

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები