- ჩეხეთის ოლიმპიურ ნაკრებში კორონავირუსი გავრცელდა
- ქვეყნის პრემიერმინისტრმა მომხდარს სამარცხვინო ფაქტი უწოდა
- კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოლიმპიადაზე - რუსი მოცურავე შინ ბრუნდება
- ცუდად ხუმრობდა! ოლიმპიადის გახსნის კრეატიული დირექტორი მოხსნეს
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ქვეყნების დელეგაციებში კი კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების იმატებს. ხუთშაბათს დილით, ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ჩეხეთის დელეგაციაშია, სადაც კოვიდ-19 უკვე მეხუთე ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორისაა პლაჟის ფრენბურთელი მარკეტა ნაუშ-შლუკოვა, რომელიც ოლიმპიადაზე თავის პარტნიორ ბაბორა ჰერმანოვასთან ერთად ვეღარ იასპარეზებს. აღნიშნული ინფორმაცია ჩეხეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა.
ოლიმპიურ დელეგაციაში კორონავირუსის ასეთ გავრცელებას ჩეხეთის პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა. “ეს დიდი სკანდალია და ძალიან არ მომწონს. არ მესმის, როგორ შეიძლებოდა, რომ ეს მომხდარიყო,” - განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.

ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტი ახლა შეეცდება, გაარკვიოს, ვინ არ იცავდა რეგულაციებს ჩარტერული რეისის დროს, რომლითაც ჩეხეთის დელეგაცია ტოკიოში გასულ კვირას ჩაფრინდა.
აღსანიშნავია, რომ ნაუშ-შლუკოვა მთავარი მწვრთნელის, სიმონ ნაუშის ცოლია, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან პლაჟის ფრენბურთელი ონდრეი პერუშიჩი, მაგიდის ჩოგბურთელი პაველ შირუჩეკი და გუნდის ექიმი ვლასტიმილ ვორაჩეკიც.
შლუკოვას მენეჯმენტის წარმომადგენლები მომხდარში მგზავრობის ორგანიზატორებს ადანაშაულებენ: “მგზავრობა და მთლიანად ლოგისტიკა მოყვარულებმა დაგეგმეს. დამნაშავეა ის, ვინც ჩარტერულ რეისზე იყო პასუხისმგებელი,” - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.
კომენტარები