Thumbnail

ოლიმპიადა | საქართველო მედლის გარეშე - სანდრო ბაზაძე კიმთან დამარცხდა

  • ქართველმა მოფარიკავემ ბრინჯაოსთვის ბრძოლა სამხრეთკორეელთან დათმო
  • ტოკიოში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის არცერთი მედალია

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ხმლით ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მოპოვებისა და თამაშებზე საქართველოსთვის პირველი მედლის მოპოვების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა. 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა გადამწყვეტი შეხვედრა სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანთან წააგო - 11:15.

ჟუნგვან კიმი თავიდან 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ სანდრომ ზედიზედ 5-ჯერ წარმატებით შეძლო შეტევა და ანგარიშში 5:2 დაწინაურდა. სამხრეთკორეელმა ჩამორჩენის გაბათილება კი მოახერხა (6:6), თუმცა ქართველმა სპორტსმენმა შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გასვლა მიანც შეძლო - 8:7.

დაძაბული ბრძოლა მეორე პერიოდშიც გაგრძელდა. პირველი-ორი ჩხვლეტა წარმატებით ბაზაძემ შეასრულა, შემდეგ კი სერია კიმს ჰქონდა და ეს უკანასკნელი ანგარიშშიც წინ გავიდა - 11:10.  ამის შემდეგ ქართველმა მოფარიკავემ ქულა მხოლოდ ერთხელ მოიპოვა, სამხრეთკორეელმა კი ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა და ბრინჯაოს დაეუფლა.

მანამდე ქართველმა მოფარიკავემ 1/2-ფინალური შეხვედრა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, უნგრელ არონ შილაგისთან, მსაჯების საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებების გამო დათმო - 13:15. არადა, სანდრომ 1/4-ფინალში რეიტინგის პირველი ნომერი და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ოჰ სანგუკი დაამარცხა (15:13), სტარტზე კი ზედიზედ ორ ეგვიპტელ სპორტმენს აჯობა - მოჰაბ სამერსა (15:10) და ზიად ელ სისის (15:12).


საქართველომ ტოკიოს თამაშებზე ჯერჯერობით ვერცერთი მედლის მოპოვება შეძლო. 24 ივლისს წარუმატებლად დაასრულეს ასპარეზობა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) და მოცურავე ირაკლი რევიშვილმა. პირველი შეხვედრები მოიგეს და ოლიმპიადაზე გამოსვლას აგრძელებენ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მოკრივე ესკერხან მადიევი (-69 კგ). 

კომენტარები

ბოლო ამბები