Thumbnail

ტოკიოს სპორტულ არენებზე დასრულდა პირველი საშეჯიბრო დღე ქართული დელეგაციისთვის. ასპარეზობაში 5 ქართველი ათლეტი ჩაება, რომელთაგანაც ორს დღესვე ოლიმპიური მედლის მოგების შანსი ჰქონდა. ყველაზე ახლოს მედალთან ფარიკაობაში ვიყავით, თუმცა დღე მაინც უმედლოდ დასრულდა.

სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა, მაგრამ ნახევარფინალში უნგრელ არონ სილაგისთან დამარცხდა და შემდეგ მესამე ადგილისთვის შეხვედრაც დათმო.

სილაგისთან დაპირისპირების დროს, როცა ანგარიში 13:13 იყო, მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და ქულა უნგრელ სპორტსმენს მიანიჭა, რაც სანდრომაც გააპროტესტა. პოპსპორტი ქართველ მოფარიკავეებს ნინა თიბილაშვილსა და ირმა ხეცურიანს დავუკავშირდით. მათ სანდროს გამოსვლისა და ნახევარფინალური ეპიზოდის შეფასება ვთხოვეთ.

ნინა თიბილაშვილი: სანდრო ბაზაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი. ის არის უკვე შემდგარი მოფარიკავე და მისი ფარიკაობა ოლიმპიადაზე გამორჩეულად კარგი იყო. ამას ვამბობ, როგორც ფარიკაობაზე შეყვარებული ადამიანი და მოფარიკავის თვალით დანახული ეს ყოველივე ნამდვილად მისაბაძია.

სანდრო ოლიმპიადისთვის ნამდვილად მზად იყო. შთამბეჭდავი იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მოფარიკავე მედლის გარეშე დაგვიბრუნდება და ეს ყველაფერი სანდროს ბრალი არაა, არამედ ცუდი მსაჯობის ბრალია.

ნახევარფინალში თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სანდროს ბრძოლა მსაჯმა წააგებინა. დამწყებ მოფარიკავესაც კი არ შეეშლებოდა ის, რაც ოლიმპიადაზე მსაჯს შეეშალა, რამაც სანდრო მედლის გარეშე დატოვა.

ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, თუმცა სანდრომ უმაღლესი ხარისხი აჩვენა და დარწმუნებული ვარ, ის თავის სათქმელს არაერთხელ იტყვის. ვიამაყოთ, რომ ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მოფარიკავე სანდროს სახით და მადლობა მას ასეთი ღირსეული გამოსვლისთვის ოლიმპიადაზე. სანდროს გვინდა ვუთხრათ, რომ გვეამაყება და გვეიმედება მთელ საქართველოს.

ირმა ხეცურიანი: ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა მსაჯმა ნახევარფინალში - 13:13-ზე. უხეში და გარდამტეხი შეცდომა, ეს დიდი დარტყმაა სპორტსმენისთვის და მოქმედებს მის განწყობასა და ფსიქოლოგიაზე. ფაქტობრივად, მედალი გამოგვტაცეს და გადაულოცეს სილაგს.

კომენტარები

ბოლო ამბები