Thumbnail

დღეს ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოუპოვა - მან მხოლოდ ფინალი დათმო იაპონელ აბესთან და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. 

ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედლით

საინტერესო ფაქტები

🏅 ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 33-ე ოლიმპიური მედალია

🏅 ვაჟა მარგველაშვილის მედალი მე-8 ვერცხლია საქართველოსთვის

🏅 ქართული ძიუდოსთვის ეს მედალი მეცხრეა (მე-3 ვერცხლი). 

🏅 საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ორ ვერცხლზე მეტი არასდროს მოუპოვებია

🏅 საქართველოსთვის საუკეთესო ოლიმპიადა იყო პეკინი 2008: 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

66 კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარგველაშვილმა შესანიშნავად იჭიდავა. ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირი მე-2 წრიდან დაიწყო, სადაც იაკობ შამილოვთან (როკ) ბრძოლის დასრულებამდე 6 წამით ადრე ვაზარით მოიგო. ბარუხ შმაილოვს (ისრაელი) ის თავიდანვე სჯობდა, ჯერ ვაზარი გამოიმუშავა, შემდეგ მეტოქის შებოჭვა სცადა, ბოლოს კი 2 წამით ადრე მეორე ვაზარიც მიითვალა და ნახევარფინალში გავიდა.


ნახევარფინალში მას დაძაბული ორთაბრძოლა ჰქონდა სამხრეთკორეელ ან ბაულთან. ყველაფერი დამატებით დროში გაირკვა - მე-7 წუთი სრულდება, როცა ვაჟამ ვაზარი მიითვალა და ამით მედალი გაინაღდა. სამწუხაროდ, ფინალში ვაჟა ვერაფერს გახდა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ მასპინძელ ჰიფუმი აბესთან (იაპონია), რომლისგანაც კონტრშეტევაზე ვაზარი "გაუშვა". ამის შემდეგ მარგველაშვილი ცდილობდა ბრძოლის შეტრიალებას, მაგრამ აბემ თავი კარგად დაიცვა. 

დასანანი ტრავმა

დღეს ტოკიოში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი. პირველ რაუნდში მან ჰაიტელ საბიანა ანესტორს იპონით აჯობა.

ასე გაიყვანეს ლევიცკა-შუკვანი ტატამიდან

მეორე წრეში ტეტიანა უკვე წონის ფავორიტ ამანდინ ბუშარს შეხვდა. ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კი მორიგი ილეთისას მეტოქე დააშავა. სამწუხაროდ, ლევიცკა-შუკვანმა ორთაბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 

ბოლო ოლიმპიადა?

ნინო სალუქვაძე უნიკალური სპორტსმენია - მან კარიერაში მე-9 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. ლეგენდარულმა ქართველმა მსროლელმა 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლებში მოიპოვა ლიცენზია. მან აქ კვალიფიკაციაში 31-ე შედეგი აჩვენა და ფინალს მიღმა დარჩა. 

ნინო სალუქვაძემ ტოკიოში მისთვის მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა

დიდი ალბათობით, ეს სალუქვაძის ბოლო ოლიმპიადაა. მას ოლიმპიადებზე სრული კომპლექტი აქვს: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

წარუმატებლობა ფიცარნაგზე

ოლიმპიურ ფიცარნაგზე, რომელიც საერთაშორისო ფორუმის დარბაზშია, ორმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა. 61 კილომდე წონით კატეგოშია შოთა მიშველიძემ ატაცში 133 კილო დაძლია, ხოლო აკვრაში 155. მან სულ ეს ორი ცდა გამოიყენა, დანარჩენი ოთხი კი გააცუდა. მიშველიძემ ორჯერ სცადა 165 კილოგრამის აკვრა, წარმატების შემთხვევაში, ის ბრინჯაოს მედალს იგებდა, მაგრამ მე-7 ადგილზე დარჩა.

შოთა მიშველიძეს ბრინჯაოს მოპოვება შეეძლო

გოგა ჩხეიძემ (67 კგ) ატაცში 138 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში კი - 173. ორი დისციპლინის ჯამში გოგა საბოლოოდ მე-8 ადგილზე გავიდა. 

სენსაცია - ამერიკა საფრანგეთთან დამარცხდა

კვირას, 25 ივლისს სპორტის 10 სახეობაში ჯამში მედლების 18 კომპლექტი გათამაშდა. დღის ჰაილაითი იყო, იაპონელი და-ძმის, ძიუდოისტ უტა და ჰიფუმი აბეების საოცარი მიღწევა - 1 საათის ინტერვალით, მათ ოჯას ორი ოლიმპიური ოქრო მოუტანეს. ჰიფუმიმ ფინალში ვაა მარგველაშვილს აჯობა. 

ბემ ადებაიო ფრანგების ალყაში

კალათბურთში სენსაცია მოხდა - წინასწარ რაუნდში ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი საფრანგეთთან 76:83 დამარცხდა. აშშ-მ ოლიმპიადაზე 2004 წლის შემდეგ პირველად წააგო.


დიდი სენსაცია დაფიქსირდა საცურაო აუზში - ტუნისელმა აჰმედ ჰაფნაუიმ 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში (სადაც ირაკლი რევიშვილი გამოდიოდა) ოლიმპიური ოქრო მოიპოვა! არადა, მან ფინალში ძლივს გააღწია და მე-8 გზა ერგო, მას არავინ განიხილავდა მედლის კანდიდატად, მაგრამ 18 წლის მოცურავემ საოცრება ჩაიდინა. ის მეორე ტუნისელი გახდა, ვინც ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონია. 

აჰმედ ჰაფნაუი - დღის სენსაციის ავტორი

25 ივლისის ყველა ოლიმპიური მედალი

მშვილდოსნობა. ქალები გუნდური

1. სამხრეთ კორეა, 2. როკ, 3. გერმანია

ველოსპორტი. ქალები შოსე

1. ანა კიზენჰოფერი (ავსტრია), 2. ანემიეკ ვან ფლოიტენი (ნიდერლანდები), ელისა ლონგო (იტალია)

წყალში ხტომა. ქალები 3 მ. სინქრონული

1. ჩინეთი, 2. კანადა, 3. გერმანია

ფარიკაობა. ვაჟები დაშნა

1. რომენ კანონი (საფრანგეთი), 2. დერდეი შიკლოში (უნგრეთი), 3. იგორ რეიზლინი (უკრაინა)

ფარიკაობა. ქალები რაპირა

1. ლი კიფერი (აშშ), 2. ინა დერიგლაზოვა (როკ), 3. ლარისა კორობეინიკოვა (როკ).

და-ძმა აბეები

ძიუდო. ქალები 52 კგ

1. უტა აბე (იაპონია), 2. ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი), 3. ოდეტ ჯუფრიდა (იტალია), 3. ჩელსი გილსი (დიდი ბრიტანეთი)

ძიუდო. ვაჟები 66 კგ

1. ჰიფუმი აბე (იაპონია), 2. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), 3. ან ბაული (სამხრეთ კორეა), 3. დანიელ კარნინი (ბრაზილია). 

სროლა. ქალები 10 მ. პნევმატური პისტოლეტი

1. ვიტალინა ბაცარაშკინა (როკ), 2. ანტოანეტა კოსტადინოვა (ბულგარეთი), რანქსინ ძიანგი (ჩინეთი)

სროლა. ვაჟები 10 მ. პნევმატური შაშხანა

1. უილიამ შენერი (აშშ), 2. ლიჰაო შენი (ჩინეთი), 3. ჰაორან იანი (ჩინეთი)

სკეიტბორდინგი. ვაჟები ქუჩა

1. იუტო ჰორიგომე (იაპონია), 2. კელვინ ჰოეფლერი (ბრაზილია), 3. ჯაგერ იტონი (აშშ)

ცურვა. ვაჟები 400 მ. ინდ.

1. ჩეიზ კალისზი (აშშ), 2. ჯეი ლითერლენდი (აშშ), 3. ბრენდონ სმითი (ავსტრალია)

ცურვა. ვაჟები 400 მ. თავისუფალი

1. აჰმედ ჰაფნაუი (ტუნისი), 2. ჯეკ მაკლაფლინი (ავსტრალია), 3. კირან სმითი (აშშ)

ცურვა. ქალები 400 მ. ინდ.

1. იუი ოჰაში (იაპონია), 2. ემა ვეიანტი (აშშ), 3. ჰალი ფლიკინგერი (აშშ)

ცურვა. ქალები 4x100 თავისუფალი

1. ავსტრალია, 2. კანადა, 3. აშშ

ტაეკვონდო. ქალები 57 კგ

1. ანასტასია ზოლოტიჩი (აშშ), 2. ტატიანა მინინა (როკ), 3. ჩია-ლინ ლო (ტაივანი), 3. კუბრა ილგუნი (თურქეთი)

ტაეკვონდო. ვაჟები 68 კგ

1. ულუგბეკ რაშიტოვი (უზბეკეთი), 2. ბრედლი სინდენი (დიდი ბრიტანეთი), 3. შუაი ჟაო (ჩინეთი), 3. ჰაქან რეჯებერი (თურქეთი)

ძალოსნობა. ვაჟები 61 კგ

1. ფაბინ ლი (ჩინეთი), 2. იული ირავანი (ინდონეზია), 3. იგორ სონი (ყაზახეთი)

ძალოსნობა. ვაჟები 67 კგ

1. ლიუან ჩენი (ჩინეთი), 2. ხავიერ მოსკერა (კოლუმბია), 3. მირკო ძანი (იტალია).  

 

კომენტარები

ბოლო ამბები