Thumbnail

რუსულმა ვებგვერდმა Metaratings-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილანი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან ახლოს იყო და შუამავლის როლი კახა კალაძეს ჰქონდა, რომელიც იტალიურ კლუბში 10 წელიწადი თამაშობდა. თუმცა, ეს ინფორმაცია იტალიურმა გამოცემებმა არ დაადასტურეს, ამჯერად კი საკითხს Calciomercato გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ მილანის ინტერესი მართლაც არსებობდა, მაგრამ ქართველი არ შედის კლუბისთვის პრიორიტეტულ ფეხბურთელებში და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

Calciomerсato: "კრისტალურად სუფთა ტალანტი მზად არის დიდი ნახტომისთვის. ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია, 20 წლის შემტევი გარემარბი, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შუძლია და შთამბეჭდავია ერთი-ერთზე. მისი სატრანსფერი უფლებები ყაზანის რუბინს ეკუთვნის, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია, აგვისტოს ბოლომდე ალაბთ გუნდს შეიცვლის. ეს მამამისმაც აღიარა. რუსეთიდან ისმის სიგნალები, რომ მილანი კახა კალაძის შუამავლობით კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

იმის მიხედვით, რა ინფორმაციაც Calciomercato-მ შეაგროვა, სიტუაცია სულ სხვაგვარადაა. კვარაცხელია "როსონერის" სკაუტების ბლოკნოტში გარკვეული დროის განმავლობაში იყო, მაგრამ მალდინისთვის და მასარასთვის, რომლებმაც ფეხბურთელის პროფილი შეისწავლეს, პრიორიტეტი არ არის. ყაზანელები მას 18-20 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც მილანში გადაჭარბებულ ფასად მიაჩნიათ და ასევე არსებობს პასპორტის პრობლემა. ფიკაიო ტომორის ტრანსფერის შემდეგ, მილანს მხოლოდ ერთი ადგილი აქვს ევროკავშირის არაწევრი მოთამაშის რეგისტრაციისთვის, რის გამოც სანტოსთან კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე მოლაპარაკებებიც შეფერხდა. სატრანსფერო ბაზარი გრძელია და ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, მაგრამ ამ დროისთვის კვარაცხელიასთვის არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. მისი მომავალი დანიშნულების ყველაზე სავარაუდო ადგილი შორს არის იტალიისგან: ფეხბურთელი ტოტენჰემს, ბაიერ ლევერკუზენსა და გლადბახს მოსწონთ".

კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ითამაშა

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი Transfermarkt-ის მონაცემებით ამ დროისთვის 18 მილიონი ევროა. ქართველი ფეხბურთელი რუბინში 2019 წლიდან თამაშობს, 51 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები