Thumbnail
  • ⌚ 04:00 | 🏟 ასაკა | 🎯🏅 ნინო სალუქვაძე. კვალიფიკაცია 3 სერია და ფინალი
  • ⌚ 07:45 | 🏟 ბუდოკანი | 🥋🏅 გურამ თუშიშვილი V გრანდა/რახიმოვი
  • ⌚ 13:51 | 🏟 კოკუგიკანი | 🥊 ესკერხან მადიევი V ანდრეი ზამკოვოი
  • ⌚ 14:25 | 🏟 ოლიმპიური | 🥏 სოფო შათირიშვილი. კვალიფიკაცია

პარასკევს, 30 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ქართული დელეგაციის მე-7 და ბოლო ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი +100 კგ. წონით კატეგორიაში გამოვა და შეეცდება, საქართველოს მორიგი მედალი მოუტანოს. ლეგენდარული მსროლელი ნინო სალუქვაძე დაასრულებს კვალიფიკაციას და შეეცდება ფინალურ 8-ში მოხვედრას. მოკრივე ესკერხან მადიევს (67 კგ) ერთი გამარჯვება აშორებს ოლიმპიურ მედალთან. ასე რომ, არის შანსი, საქართველომ კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი გაინაღდოს. დაბოლოს, ოლიმპიადაზე ერთვებიან ქართველი მძლეოსნები - სოფო შათირიშვილი ბირთვის კვრაში იასპარეზებს. 

გურამ თუშიშვილი - ნახევარფინალი ტედი რინერთან?

ძიუდო. +100 კგ.

გურამ თუშიშვილი "ნიპონ ბუდოკანში" ასპარეზობას მე-2 წრიდან იწყებს. მანამდე კი მისი სავარაუდო მეტოქეები ერთმანეთს ეჭიდავებიან - ტაჯიკი ტემურ რახიმოვი კუბელ ანდი გრანდას ხვდება. თუშიშვილი მათ შორის გამარჯვებულს მე-2 ტატამიზე შეხვდება. ეს იქნება რიგით მე-9 ორთაბრძოლა მე-2 ტატამიზე.   

ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, გურამის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება (თუ მას გზიდან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური არ ჩამოიცილებს). სილვა ბოლო ორი ოლიმპიადის მე-3 პრიზიორია. 

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, გურამს შესაძლოა, ლეგენდარული ტედი რინერი დაუპირისპირდეს, რომელიც ლონდონისა და რიოს ოლიმპიადების ჩემპიონი და 10-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.  

ნინო სალუქვაძე - გამოთხოვება ოლიმპიადასთან

სროლა. 25 მ. სპორტული

9-გზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე, დიდი ალბათობით, ოლიმპიურ თამაშებზე ბოლო დისციპლინაში ასპარეზობს. ნინო 30-ში დაასრულებს 25 მეტრიდან სპორტული იარაღით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპს.

ნინო სალუქვაძე მე-9 ოლიმპიადაზე მონაწილეობს

პირველი სამი სერიის შემდეგ ნინო 291 ქულით მე-7 პოზიციაზეა. 30-ში მონაწილეები სამ სერიას სწრაფ სროლაში გაივლიან და ჯამური ქულებით გაირკვევა ის 8 სპორტსმენი, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ფინალური ეტაპიც ამავე დღეს არის გათვალისწინებული. საკვალიფიკაციო სროლები ასაკას სასროლეთში დილის 4 საათიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრი კი დილის 9 საათზე დაიწყება. 

სოფო შათირიშვილი - მძლეოსნებიც იწყებენ

მძლეოსნობა. ბირთვის კვრა

ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე 30 ივლისს მძლეოსნობაში დაიწყება ასპარეზობა. საქართველო 5 მძლეოსნით არის წარდგენილი, აქედან 3 ძალებს ბირთვის კვრაში მოსინჯავს. ქალთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპი 14:25-ზე დაიწყება. სოფო შათირიშვილი B ჯგუფშია. თუ ის ბირთვს 18.80 მეტრზე გაისვრის, ფინალში გავა. სხვათა შორის, თუ ამ შედეგს 12-ზე ნაკლები მძლეოსანი აჩვენებს, მაშინ ფინალში 12 საუკეთესო გავა. 

სოფო შათირიშვილის საუკეთესო მაჩვენებელია 18.74. ასე რომ, თუ ქართველ მძლეოსანს ფინალში გასვლა სურს, კარიერის მაჩვენებელი უნდა გააუმჯობესოს. შათირიშვილი 32 მონაწილეს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგისაა - 61-ე. 

ესკერხან მადიევი - მედალთან ახლოს

კრივი. 69 კგ

ესკერხან მადიევი ქართული ოლიმპიური დელეგაციის ნამდვილი აღმოჩენაა. 23 წლის მოკრივემ უკვე დაძლია ორი ბარიერი და მეოთხედფინალშია, სადაც მისი მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ანდრეი ზამკოვოია, 34 წლის გამოცდილი სპორტსმენი. 

ესკერხანმა ტოკიოში უკვე 2 ეტაპი გაიარა

ზამკოვოიმ წინა ეტაპზე ზამბიელი სტივენ ზიმბა დაამარცხა. ზამკოვოი ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა ესკერხანმა ოლიმპიადის ერთი მედალოსანი უკვე დაამარცხა - რიოს ვერცხლის პრიზიორი ლორენსო სოტომაიორი. 

ტოკიო 2020: 30 ივლისის მთავარი მოვლენები

პარასკევს, 30 ივლისს ოლიმპიური მედლები სპორტის 12 სახეობაში გათამაშდება, სულ 21 კომპლექტი:

მშვილდოსნობა (ქალები ინდივიდუალური); მძლეოსნობა (10 000 მ. რბენა ვაჟები); ბადმინტონი (შერეული წყვილები); კანოე სლალომი (ვაჟები კაიაკი); ველოსპორტი (ველო მოტოკროსი ქალები და ველო მოტოკროსი ვაჟები); ფარიკაობა (ვაჟები დაშნა გუნდური); ძიუდო (ქალები +78 კგ. და ვაჟები +100 კგ.); ნიჩბოსნობა (ქალები ერთეულები; ვაჟები ერთეულები, ქალები 8-ადგილიანი; ვაჟები 8-ადგილიანი); სროლა (25 მ. სპორტული ქალები); ცურვა (ქალები 100 მ. თავისუფალი; ქალები 200 მ. ბრასი; ვაჟები 200 მ. გულაღმა; ვაჟები 200 მ. ინდივიდუალური); მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები ერთეულები); ჩოგბურთი (ქალები ერთეულები); ბატუტზე ხტომა (ქალები). 

კომენტარები

ბოლო ამბები