- ნინო სალუქვაძემ 25 მეტრიდან სპორტული იარაღით სროლაში ასპარეზობა დაასრულა
- სალუქვაძე სწრაფ სროლებამდე მე-7 ადგილზე იყო, დღეს კი, 25-ე ადგილზე გავიდა
ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადაზე 25 მეტრიდან სპორტული იარაღით სროლაში ასპარეზობა დაასრულა. მან ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის საწყის ეტაპზე მონაწილეებმა სამი სერია 10-10 გასროლით გაიარეს, სალუქვაძეს ასეთი შედეგი ჰქონდა: 94, 98, 99. ჯამურად – 291, რაც მე-7 შედეგი იყო.
30 ივლისს მსროლელებს სამი სერია უკვე სწრაფ სროლებში ჰქონდათ და ფინალში გამსვლელი 8 სპორტსმენის ვინაობაც ასე გაირკვა. ნინომ 94, 96 და 97 ქულა დააფიქსირა, ჯამში 578 ქულა მოუგროვდა და პირველადგილოსან ბულგარელს ანტოანეტა კოსტადინოვას 12 ქულით ჩამორჩა. ნინომ 44 სპორტსმენში 25-ე ადგილი დაიკავა.
სალუქვაძემ მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ის ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი უკვე 2008 წელს, პეკინში, საქართველოს სახელით დაისაკუთრა.
კომენტარები