Thumbnail
  • 26 წლის სოფო შათირიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე სუსტად ისპარეზა
  • მას რომ კარიერის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა, საუკეთესოებში ხვდებოდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე დღეს საქმეში პირველი ქართველი მძლეოსანი ჩაება და როგორც მოსალოდნელი იყო, მას კარგი შედეგი არ ჰქონია. სოფო შათირიშვილი ბირთვის კვრაში ტურნირში გამოვიდა და 32 მონაწილიდან მხოლოდ ერთს აჯობა, ისიც, იმის გამო, რომ კანადელი სპორტსმენი სტარტზე არ გასულა.

26 წლის შათირიშვილს სხვა მონაწილეთა მსგავსად 3 ცდა ჰქონდა, საიდანაც მან მხოლოდ ორი (14.91 და 15.31) გამოიყენა და როგორც კონკრეტულად B ჯგუფში, ასევე სრულიად ტურნირზე უარესი მაჩვენებელი დააფიქსირა. ვინაიდან ფინალში 12 საუკეთესო ბირთვის მკვრელი გადიოდა, ნათელია, რომ სოფომ მიზანს ვერ მიაღწია.

საინტერესოა, რომ ქართველი მძლეოსნის საუკეთესო მაჩვენებელი 18.74 მეტრია (გამოდის, პირად რეკორდს 3.43 მეტრით ჩამორჩა) და მას იდენტური შედეგი რომ დაეფიქსირებინა, ფინალში მე-11 ადგილით შევიდოდა. კვალიფიკაციის გამარჯვებული ჩინელი ლიჯიაო გონგი გახდა, რომლის საუკეთესო ცდაზეც ბირთვმა 19.46 მეტრს უწია.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე კიდევ 4 ქართველი მძლეოსანი იასპარეზებს. ასევე ბირთვის კვრაშს სცდიან ძალებს გიორგი მუჯარიძე და ბენიკ აბრამიანი (ორივე – 3 აგვისტო), ბაჩანა ხორავა (31 ივლისი) სიგრძეზე ხტომაში გამოვა, ხოლო ლაშა ღულელაური (3 აგვისტო) – სამხტომში.

კომენტარები

ბოლო ამბები