Thumbnail

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130 კგ) ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გავიდა, რითაც სულ ცოტა, მედალი უკვე გაინაღდა. ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, ქაჯაიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია. იაკობი ფინალშიც გამარჯვებაზე ფიქრობს და სურს, რომ საქართველო ასახელოს.

იაკობ ქაჯაია: "ფინალში გასვლა და კარგი ჭიდაობა მწვრთნელების და ექიმების დიდი დამსახურებაა. ვერ აღვწერ, ძალიან გახარებული ვარ და ვემზადები ხვალინდელი დღისთვის, მინდა, რომ საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ყველას, ვინც გვერდით მედგა".

გიორგი კიკაბიძე (საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი): "ძალიან ბედნიერები ვართ, ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, ეს დიდი წარმატებაა. ხვალ ფინალი აქვს საჭიდაო და დარწმუნებული ვარ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მეტოქეს აუცილებლად მოუგებს. ვულოცავ იაკობს, მის ოჯახს და ყველა გულშემატკივარს. მწვრთნელების და ბიჭების თავდაუზოგავი შრომა დაფასდა. შეჯიბრის პირველი დღეა და ჩვენს ბიჭებსაც, ასე რომ ვთქვათ, იაკობის წყალი გადასხმოდეთ. ბიჭებს ოქროს მედლებს ვუსურვებ და მჯერა, რომ არაერთი მედალი გვექნება. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციას".

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 1 აგვისტოს ჩაერთვნენ. იაკობ ქაჯაიამ ტოკიოში ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო - ფინელ ელიას კუოსმანენთან (9:0), რუს სერგეი სემიონოვთან (3:1) და ნახევარფინალში ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნანდესთან (1:1). ფინალში ქაჯაია 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 38 წლის კუბელ მიაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდება. 2 აგვისტოს ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები