Thumbnail
  • ლეონარდმა კონტრაქტის ბოლო წელზე უარი თქვა
  • ის თავისუფალი აგენტი ხდება
  • ორ ძირითად ვარიანტად დალასი და ნიქსი მიიჩნევა
  • შესაძლებელია კლიპერსთან ახალი კონტრაქტი

NBA-ში მნიშვნელოვანი ამბავია - ამერიკული გამოცემები ერთხმად წერენ, რომ კლიპერსის კავაი ლეონარდი თავისუფალი აგენტი ხდება. მისი კონტრაქტის თანახმად ბოლო სეზონი მოთამაშის ოპცია იყო ანუ კავაის სურვილის მიხედვით მას შეეძლო კლიპერსში ის ერთი სეზონიც დარჩენილიყო, ან ბაზარზე თავისუფალ აგენტად გამოსულიყო. ლეონარდმა მეორე ვარიანტი აირჩია. წელს ბაზარზე ამ კალიბრის თავისუფალი აგენტები არ ყოფილან და ლეონარდის ახალი კონტრაქტის ამბავი NBA-ს წინასასეზონო მთავარი ინტრიგაა.

თავისუფალ აგენტად გახდომა ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ლეონარდი კლიპერსში აღარ ითამაშებს. მის ძველ გუნდს შეუძლია კავაის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. მეტიც მხარეები ხანდახან ამაზე წინასწარ შეთანხმებულები არიან ხოლმე. თუმცა, უცნობია, თუ რა სურს ლეონარდს. ბოლო სეზონში მას კონტრაქტით 36 მილიონი ეკუთვნოდა და სავარაუდოდ, თავის ახალ გუნდში მას დიდი ალბათობით გაუმჯობესებული პირობები ექნება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კლიპერსთან ახალი კონტრაქტი და ლოს ანჯელესში დარჩენა ლეონარდისთვის ყველაზე მართებული ვარიანტი იქნებოდა. ამის გარდა სხვა ორი პრეტენდენტიც არსებობს, რომელთაც საპლეიოფო ამბიცია და თავისუფალი ფული აქვთ ბიუჯეტში. ერთი ეს ლუკა დონჩიჩის დალასია, რომელსაც ლეონარდის დამატება მაშინვე ჩემპიონობის პრეტენდენტად აქცევს. მეორე კი ძალიან პოპულარული და ისტორიული ნიუ იორკ ნიქსი, რომელმაც წელს კარგი სეზონი ჩაატარა. ნიქსი საჩემპიონო გუნდი ვერ არის, თუმცა ნიუ იორკს, 'დიდ ბაზარს', წარმოადგენს, დიდი ამბიციები და ისტორია აქვს. თუმცა, დალასის ვარიანტი უფრო პრიორიტეტულად გამოიყურება.

უფრო რთულად არის საქმე ლეონარდის ტრავმასთან დაკავშირებით. მას ჯვარედინი იოგები ნაწილობრივ გაწყვეტილი აქვს და ექიმების პროგნოზით 9 თვე ვერ ითამაშებს. მას შემდეგი წლის რეგულარულის გამოტოვება თითქმის მთლიანად მოუწევს. არ არის გამორიცხული მთელი შემდეგი სეზონი გამოტოვოს, რადგან კავაი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში ძალიან ფრთხილია და არასოდეს რისკავს.

კომენტარები

ბოლო ამბები