Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადის ვაჟთა საფეხბურთო ტურნირის ფინალში ბრაზილიის ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება. პირინეელებმა მასპინძელი იაპონია 120-წუთიან ბრძოლაში 1:0 დაამარცხეს და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

თამაში საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. ესპანეთი ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა, რადგან იაპონია, პრაქტიკულად მთელი გუნდით, თავს ძალიან კარგად იცავდა. მეორეს მხრივ, მასპინძლები შეტევაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ და ესპანელთა უკანა ხაზს დიდი საქმე არ ჰქონია.

ესპანეთი ოლიმპიადის ფინალში ბოლოს 2000 წელს იყო

მატჩი ლოგიკური ფინიშისკენ - პენალტების სერიისკენ მიდიოდა, მაგრამ 115-ე წუთზე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა გოლის გატანა მოახერხა. მარკო ასენსიომ ბურთი საჯარიმოში მიიღო და შორეულ კუთხეში ეფექტური დარტყმით გაიტანა. ესპანეთი ოლიმპიური თამაშების ფინალში 21 წლის შემდეგ გავიდა. სიდნეიში 2000 წელს "ფურია როხა" პენალტების სერიაში კამერუნთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ესპანეთის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში 7 აგვისტოს, ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო 6 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის მასპინძელი იაპონიის მეტოქე მექსიკის ნაკრები იქნება.

იაპონია 0:1 ესპანეთი

გოლი: 0:1 ასენსიო (115)

კომენტარები

ბოლო ამბები