Thumbnail

3 აგვისტოს დღის რეკორდი უნდა დამყარებულიყო - ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში ექვს ქართველ სპორტსმენს უნდა ეასპარეზა - სამ  მოჭიდავეს და ამდენივე მძლეოსანს. სამწუხაროდ, დოპინგ-სკანდალმა ერთი დაგვაკლო. 

ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მას 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) დაადასტურა. ვითარების საბოლოო გარკვევამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, 36 წლის მძლეოსანი გათამაშებიდან მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს.

📋 მეტი ამ თემაზე: 

ამ ოლიმპიადაზე ქართველ მძლეოსანთა გუნდი იმაზე ცუდად გამოვიდა, ვიდრე მათ საერთაშორისო ტურნირებზე დაფიქსირებული შედეგები ჰქონდათ. ამ ყველაფერს კი დოპინგ-სკანდალი დაერთო.

ლაშა ღულელაურმა ცდა ვერ დააფიქსირა

ბირთვის მკვრელთა შორის მხოლოდ გიორგი მუჯარიძემ იასპარეზა და ჯგუფში 16 სპორტსმენში მე-15 შედეგი აჩვენა. მუჯარიძემ პირველ ცდაზე ბირთვი 18,71 მეტრზე გადააგდო, რის შემდეგაც მეორე ცდაზე საკუთარი შედეგი გააუმჯობესა - 19,76 მეტრი. სამწუხაროდ, გიორგიმ ბოლო მცდელობის დროს 19,55 მეტრი დააფიქსირა. ქართველმა სპორტსმენმა მხოლოდ კანადელ ტიმ ნედოუს გაუსწრო. 

ლაშა ღულელაურმა ძალიან წარუმატებლად იასპარეზა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ის ბედს სამხტომში ცდიდა. ღულელაურს სხვების მსგავსად 3 ცდა ჰქონდა, თუმცა, შედეგიანი ნახტომი ვერცერთხელ დააფიქსირა (ბოლო ცდა მცირე ტრავმის გამო არც შეუსრულებია).

ეს დღე ქართული დელეგაციისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა, რადგან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97) რეპეშაჟში წააგო და ბრინჯაოსთვის მატჩამდე ვერც მიაღწია. 

მხოლოდ ზოიძე

მელია დამამშვიდებელ ტურნირში უნგრელ ალექს გერგო სიოკეს დაუპირისპირდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. ორივე მოჭიდავეს გაფრთხილებების ხარჯზე თითო ქულა ჰქონდა, ბოლო ქულის უპირატესობით კი ქართველი ფალავანი იგებდა. თუმცა, ბრძოლის დასრულებამდე 11 წამით ადრე გიორგი მოდუნდა და მეტოქემ დგომიდან 4-ქულიანი ილეთის გაკეთება მოახერხა. ამგვარად, საქართველო 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა.

გიორგი მელია რეპეშაჟში დამარცხდა

87 კილო წონით კატეგორიაში ლაშა გობაძისთვის ყველაფერი პირველ წრეში დასრულდა - ტოკიოს ოლიმპიადის მერვედფინალში ვეტერან უზბეკ რუსტამ ასაკალოვს გაეჯიბრა და დაძაბულ ორთაბრძოლაში მარცხი განიცადა. 

პირველ პერიოდში გობაძემ დგომიდან ჩინებული ორქულიანი ილეთი განახორციელა, რასაც მეტოქის გაფრთხილება მოჰყვა და მართალია, ლაშამ ტრიალი ვერ განახორციელა, შესვენებაზე კარგი უპირატესობით (3:0) გავიდა. მე-2 პერიოდი კიდევ უფრო სანახაობრივი გამოდგა, მეტოქეებმა შეტევები გაცვალეს და საბოლოოდ, უზბეკმა 6:5 იმარჯვა.

ლაშა გობაძე ოლიმპიადას პირველივე წრეში დაემშვიდობა

ქართული დელეგაციის ერთადერთი ნათელი წერტილი დღეს რამაზ ზოიძე (67) იყო, რომელიც 4 აგვისტოს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მან ერვედფინალურ სტადიაზე მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ისმაელ ბორერო მოლინას მოუგო! რამაზი 1/4-ფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდის დაუპირისპირდა და იოლად, 10:0 გაიმარჯვა.


25 წლის ქართველი ფალავანი 1/2 ფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაეის დაუპირისპირდა, მისი დამარცხება ვერ მოახერხა და ოქროს, ან ვერცხლის მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.


ზოიძე აქტიურობდა, ორჯერ ილეთის გაკეთებაც სცადა, მაგრამ ირანელმა თავი კარგად დაიცვა. პირველი პერიოდი რამაზმა 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ირანელმა ზედიზედ 6 ქულა მიითვალა და 6:1 იმარჯვა.

რამაზ ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა, თუმცა მედლის შანსი აქვს

რამაზ ზოიძე ხვალ, 4 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე გერმანელი ფრანკ შტაბლერისა და კოლუმბიელი ხულიან ჰორტა ასევადოს შეხვედრაში გაირკვევა, რომლებიც რეპეშაჟში შეხვდებიან. 32 წლის გერმანელი სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონია და კოლუმბიელთან აშკარა ფავორიტად მიიჩნევა. ასე რომ, ზოიძეს სავარაუდოდ, ამ ტიტულოვანი მოჭიდავის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.

3 აგვისტოს ყველა ოლიმპიური მედალი

სამშაბათს, 3 აგვისტოს ოლიმპიური მედლები სპორტის 9 სახეობაში გათამაშდა, სულ 28 კომპლექტი:

ტანვარჯიში (ვაჟები ორძელი)

1. ინგიუან ზოუ (ჩინეთი), 2. ლუკას დაუზერი (გერმანია), 3. ფერჰათ არიჯანი (თურქეთი)

ტანვარჯიში (ვაჟები ჰორიზონტალური ძელი)

1. ჩენჩენ გუანი (ჩინეთი), 2. სინგ ტანგი (ჩინეთი), 3. საიმონ ბაილსი (აშშ)

ტანვარჯიში (ქალები ბალანსი)

1. დაიკი ჰაშიმოტო (იაპონია), 2. ტინ სრბიჩი (ხორვატია), 3. ნიკიტა ნაგორნი (როკ)

მძლეოსნობა (ვაჟები 400 მ. წინაღობებით)

1. კრისტენ ვარჰოლმი (ნორვეგია), 2. რაი ბენჯამინი (აშშ), 3. ალისონ დოს სანტოსი (ბრაზილია)

მძლეოსნობა (ვაჟები ჭოკით ხტომა)

1. არმანდ დუპლანტისი (შვედეთი), 2. კრისტოფერ ნილსენი (აშშ), 3. ტიაგო ბრაზი (ბრაზილია)

მძლეოსნობა (ქალები 200 მ)

1. ელაინ თომპსონ-ჰერა (იამაიკა), 2. კრისტინ მბომა (ნამიბია), 3. გაბრიელ თომასი (აშშ)

მძლეოსნობა (ქალები 800 მ)

1. ეტინგ მიუ (აშშ), 2. კილი ჰოდჯინსონი (დიდი ბრიტანეთი), 3. რეივენ როჯერსი (აშშ)

მძლეოსნობა (ქალები სიგრძეზე ხტომა)

1. მალაიკა მიჰამბო (გერმანია), 2. ბრიტნი რიისი (აშშ), 3. ესე ბრუმე (ნიგერია)

მძლეოსნობა (ქალები უროს სროლა)

1. ანიტა ვლოდარჩიკი (პოლონეთი), 2. ჟენგ ვანგი (ჩინეთი), 3. მალვინა კოპრონი (პოლონეთი)

კრივი (ვაჟები 57 კგ)

3. ალბერტ ბატირგაზიევი (როკ), 3. დიუკ რაგანი (აშშ)

კრივი (ვაჟები 69 კგ)

1. რანიელ იგლესიასი (კუბა), 2. პეტ მაკკორმაკი (დიდი ბრიტანეთი) 

კრივი (ვაჟები 91 კგ)

3. ხულიო ლა კრუსი (კუბა), 3. მუსლიმ გაჯიმაგომედოვი (როკ)

კრივი (ქალები 57 კგ)

1. სენა ირიე (იაპონია), 2. ნესტი პეტესიო (ფილიპინები)

კანოე სპრინტი (ვაჟები კაიაკი 1 000 მ)

1. ბალინტ კოპასი (უნგრეთი), 2. ადამ ვარგა (უნგრეთი), 3. ფერნანდო პიმენტა (პორტუგალია)

კანოე სპრინტი (ვაჟები კანოე 1 000 მ)

1. კუბა, 2. ჩინეთი, 3. გერმანია

კანოე სპრინტი (ქალები კაიაკი 200 მ)

1. ლიზა კარინგტონი (ახალი ზელანდია), 2. ტერესა პორტელა (ესპანეთი), 3. ემა იორგენსენი (დანია)

კანოე სპრინტი (ქალები კაიაკი 500 მ)

1.  ახალი ზელანდია, 2. პოლონეთი, 3. უნგრეთი

ველოტრეკი (ვაჟები გუნდური სპრინტი)

1. ნიდერლანდები, 2. დიდი ბრიტანეთი, 3. საფრანგეთი

ველოტრეკი (ქალები გუნდური გამოდევნებაზე)

1. გერმანია, 2. დიდი ბრიტანეთი, 3. აშშ

წყალში ხტომა (ვაჟები 3 მ.)

1. სიი ქსიე (ჩინეთი), 2. ზონგიუნ ვანგი (ჩინეთი), 3. ჯეკ ლაგერი (დიდი ბრიტანეთი)

აფროსნობა (ვაჟები ერთადგილიანი)

1. გილ სკოტი (დიდი ბრიტანეთი), 2. ცომბორ ბერეჩი (უნგრეთი), 3. ხოან კარდონა (ესპანეთი)

აფროსნობა (ვაჟები სკიფი)

1. დიდი ბრიტანეთი, 2. ახალი ზელანდია, 3. გერმანია

აფროსნობა (ქალები სკიფი)

1. ბრაზილია, 2. გერმანია, 3. ნიდერლანდები

ძალოსნობა (ვაჟები 109 კგ)

1. აკბარ ჯურაევი (უზბეკეთი), 2. სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი), 3. არტურს პლესნიეკსი (ლატვია)

ჭიდაობა (ვაჟები ბ-რ 77 კგ)

1. ტამაშ ლორინჩი (უნგრეთი), 2. აკზოლ მახმუდოვი (ყირგიზეთი), 3. რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი), 3. შოჰეი იაბიკუ (იაპონია)

ჭიდაობა (ვაჟები ბ-რ-97 კგ)

1. მუსა ევლოევი (როკ), 2. არტურ ალექსანიანი (სომხეთი), 3. მოჰამადჰადი სარავი (ირანი), 3. ტადეუშ მიხალიკი (პოლონეთი) 

ჭიდაობა (ქალები 68 კგ)

1. ტამირა მენსა (აშშ), 2. ბლესინგ ობორუდუდუ (ნიგერია), 3. მერიმ ჟუმანაზაროვა (ყირგიზეთი), 3. ალა ჩერკასოვა (უკრაინა).

კომენტარები

ბოლო ამბები