Thumbnail

მას შემდეგ, რაც მესამე რაიხმა საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინა, ალექს ვილაპლანმა ნაკრების კაპიტნის რეპუტაცია SS-ის მუნდირში გაცვალა. ეს ისტორია პირველი მუნდიალის მონაწილე ყოფილ ოლიმპიელზეა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ, ფაშისტების სადისტ მარიონეტად იქცა.

1944 წლის შობის კვირეულისთვის მეორე მსოფლიო ომის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო. ამავე წლის აგვისტოში, საფრანგეთის წინააღმდეგობის ფრონტმა პარიზი გაათავისუფლა და ნაცისტური საოკუპაციო რეჟიმი დაამხო.

ქალაქი ნელ-ნელა იბრუნებდა ძველი ცხოვრების რიტმს. ამ პროცესში, ბევრი კოლაბორატორი და სამხედრო დამნაშავე კედელთან მიაყენეს, მათ შორის 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადის და 1930 წლის ურუგვაის მუნდიალის მონაწილე, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ლიდერი და კაპიტანი - ალექს ვილაპლანი.

ვილაპლანი კარიერის დასრულების შემდეგ წვრილი თაღლითი და რეკეტიორი, ფრანგული წინააღმდეგობის წევრებმა 1944 წელს, ზუსტად შობის მეორე დღეს დახვრიტეს. "მხოლოდ სიკვდილი იქნება საფასური" - ასეთი იყო განაჩენი, რომელიც ბუნებრივია, თევზის კონსერვების და სიგარეტის კოლოფების შავ ბაზარზე გასაღებისთვის არ გამოუტანიათ.

კარიერა და ნაკრების წლები

ალექსანდრ ვილაპლანი საფრანგეთის ყოფილ კოლონიაში - ალჟირში, ფრანგი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. განათლება თითქმის არ ჰქონდა მიღებული, როდესაც 1920 წელს ალჟირიდან სამხრეთ საფრანგეთში, ბიძასთან საცხოვრებლად გაუშვეს.

1920-იანი წლები საფრანგეთში საშინელი ეპოქაა. ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის გამოსული პირველი მსოფლიო ომის შოკიდან, სადაც დასავლეთის ფრონტზე 1.4 მილიონი ფრანგი დაიღუპა, რაც მაშინ მოსახლეობასთან შეფარდებით, ომში მონაწილე ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო.

ამ დეპრესიულ კრიზისს საფრანგეთში ავანგარდიზმის ეპოქა მოჰყვა - მთელი მსოფლიოდან ჩასული არტისტები, ფილოსოფოსები და მწერლები, პარიზის კაფეებში იყრიდნენ თავს. ამას ამერიკული ჯაზის მძლავრი შემოჭრა, კაბარეების და კაზინოების ჭარბი რაოდენობით გამოჩენაც დაემატა - ასეთ გარემოში მოხვედრილი, ალჟირში გაზრდილი ვილაპლანი, ცხოვრების მომდევნო წლებში საშინელ მატერიალისტად იქცა.

ვილაპლანის ფეხბურთი 1921 წელს, სეტიში დაიწყო, დღეს უკვე პატარა ფრანგულ კლუბში, თუმცა ოდესღაც 2 გზის საფრანგეთის ჩემპიონში. ალჟირელი-ფრანგი სეტიში წარმოშობით შოტლანდიელმა ინგლისელმა, ვიქტორ გიბსონმა აღმოაჩინა - ფრანგული ფეხბურთის პიონერმა და სელტიკის გულშემატკივარმა, ვის გამოც, სეტი დღემდე მწვანე-თეთრი ფორმით, ანუ სელტიკის ფერებით თამაშობს.

ბრიტანეთისგან განსხვავებით, პროფესიონალიზმი ფრანგული ფეხბურთისთვის ჯერ უცხო ცნება იყო. თუმცა, ვილაპლანმა კარიერის სტარტზევე შეძლო კლუბში დასაქმება და ცალკე ფინანსური რესურსის პოვნა. სეტში თამაშისას, ნიჭიერი შემტევი ნაციონალური დონის სკაუტებმა შენიშნეს და ჯერ ნიმში, ხოლო შემდეგ პარიზის რასინგში მოუწია თამაში. გუნდებში, რომელთა სახელებიც დღეს ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ 1920-იანი წლებში, ფრანგული ფეხბურთის ელიტას წარმოადგენდნენ.

ნიმში გადასვლის პარალელურად, ვილაპლანი საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ და ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 1926-27 წლების სეზონი, ტრავმის გამო თითქმის მთლიანად გაუცდა და მის გარეშე დარჩენილ ნაკრებს, ჯერ ესპანეთმა და პორტუგალიამ გადაუარეს, ბოლოს კი ინგლისმა. მაგრამ ყველაზე მწარე მაინც უნგრელებთან ბუდაპეშტში წაგება იყო - 13:1. მატჩი, რომელიც უნგრეთის ნაკრების ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა.

ნაკრების ფორმით მისთვის პირველი დიდი ტურნირი 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადა გახლდათ. საფრანგეთს წილისყრის შედეგად, პირველივე რაუნდში იტალიასთან თამაში მოუწია, დრამატული და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, იტალიელთა გამარჯვებით - 4:3 დასრულდა.

თუმცა, ვილაპლანის შესანიშნავ თამაშს უკვალოდ არ ჩაუვლია და 2 წელიწადში, ურუგვაიში ორგანიზებულ FIFA-ს პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ნაკრები მინდორზე სწორედ მან გაიყვანა.

პირველ მუნდიალზე პირველი მატჩი, ვილაპლანის საფრანგეთმა მექსიკას 4:1 მოუგო, მაგრამ შემდეგ სამხრეთ ამერიკელ მეტოქეებთან, არგენტინასთან და ჩილესთან ორივე მატჩი მინიმალური სხვაობით - 0:1 დათმო.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების კაპიტნის კარიერა უკან წავიდა, ვარჯიშების გაცდენის და სკანდალებში გახვევის გამო, რაც ძირითადად ცხენების დოღზე მიღებულ ფსონებს უკავშირდებოდა, ვილაპლანი ჯერ რასინგიდან გააგდეს, შემდეგ ნიცადან. ბოლოს თავის პირველმა მწვრთნელმა, ვიქტორ გიბსონმა შეიფარა, რომელიც ბორდოს პატრა კლუბს, ჰისპანო-ბასტიდინს წვრთნიდა, მაგრამ გიბსონის მოთმინებაც მალე ამოიწურა და ვილაპლანის საფეხბურთო კარიერაც 1935 წელს აქ, ბორდოს პერიფერიაში დასრულდა.

ომის წლები და ფრანგული გესტაპო

1940 წლის 22 ივნისს, საფრანგეთმა კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი. პარიზის ასაღებად, ჰიტლერს სულ 1 თვე დასჭირდა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ოკუპანტებს ადგილობრივი მოკავშირეები სჭირდებათ და პარიზის იატაკქვეშეთი ფაშისტებისთვის სწორედ ასეთი დასაყრდენი აღმოჩნდა.

ბანდიტი, სახელად ჰენრი ლაფონტი გერმანელების მთავარი მოკავშირე იყო. პარიზის კრიმინალური სინდიკატის ლიდერმა, SS-ს ერთგულება ბელგიური წინააღმდეგობის ლიდერის დატყვევებით და მისი წამებით დაუმტკიცა. ლაფონტმა კიდევ ერთ კოლაბორატორთან, პიერ ბონისთან ერთად, ლორისტონის 93-ში დაარსა ორგანიზაცია, რომელიც ისტორიას "ფრანგული გესტაპოს" სახელით შემორჩა.

პარიზის ქუჩები მალევე გაივსო ლაფონტის და ბონის მიერ ციხიდან გამოშვებული თანამზრახველებით, რომლებიც თავისუფლების სანაცვლოდ, მთელი ოკუპაციის მანძილზე, ეთნიკური ებრაელების დაჭერით, დასმენით და წამებით ივყნენ დაკავებული. 

პარალელურად, ჩრდილოეთ აფრიკაში 'მოღვაწე' ალექს ვილაპლანი, "ფრანგული გესტაპოს" ლიდერებს დაუახლოვდა და ალჟირის სანაპიროებზე ოქროს კონტრაბანდაში მოხვეჭილი რეპუტაციით, ორგანიზაციის იერარქიაში მალევე აღზევდა. ვილაპლანმა ნაკრების ლურჯი ფერი SS-ის ობერშტურმფიურერის შავ პიჯაკზე სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ მიუსიდანში გაცვალა, სადაც 17-დან 26-წლამდე წაინააღმდეგობის 11 მებრძოლი დაახვრეტინა.

1942 წელს, იოზეფ გიობელსის დავალებით, პარიზში არაბულ ენაზე გამოცემული ფაშისტური იდეოლოგიის გამტარი გაზეთის ბეჭდვა დაიწყეს, რასაც ვილაპლანი თავისი მიკრო-პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებდა. საფრანგეთში წესრიგის დასამყარებლად, ეთნიკური უმცირესობების კოლონიალისტების წინააღმდეგ განწყობა, მესამე რაიხის ერთ-ერთი ბერკეტი იყო. შედეგად, 1944 წლის დასაწყისში, ვილაპლანმა "ჩრდილოეთ აფრიკის ბრიგადა" ჩამოაყალიბა. 

ახალი დივიზიით წინააღმდეგობის მებრძოლების და ეთნიკური ებრაელების დევნას და წამებას, ვილაპლანი ახალი შემართებით შეუდგა. თუმცა, 1943 წელს ნორმანდიის ნაპირებზე მოკავშირეების დესანტმა, პარიზის მისადგომებს მალევე მიაღწია. 1944 წლის 25 აგვისტოს, ქალაქში ამერიკის მე-4 ქვეითი და ფრანგული მე-2 სატანკო დივიზია შევიდა.

"ფრანგული გესტაპოს" ლიდერები რამდენიმე თვეში დააკავეს, დე გოლის მთავრობამ ხალხს მათი ჩაქოლვის უფლება არ მისცა და ამავე წლის შობის მეორე დღეს, სასამართლო პროცესის შემდეგ, ჰენრი ლაფოტნი, პიერ ბონი და ნაკრების ყოფილი კაპიტანი - ალექს ვილაპლანი ქალაქის გარეუბანში, ფორტ მონტროჟის კედელთან დახვრიტეს.

ხეიუს ვან დერ მოილენი (1903-1972): ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მეკარე, რომელიც ვილაპლანის მსგავსად SS-ის წევრი გახლდათ. 1924 და 1928 წლების ოლიმპიადების მონაწილე, ასევე 1930 წლის ურუგვაის მუნდიალზე წასული ნაკრების წევრი. 1928-1990 წლებში ფლობდა რეკორდს - ნიდერლანდების ნაკრებში ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი მეკარეთა შორის - 54, რომელიც 1990 წელს ჰანს ვან ბრიოკელენმა გააუმჯობესა. ვან დერ მიოლენიც გაასამართლეს, მიუსაჯეს 8 წელი, თუმცა მხოლოდ 2 მოიხადა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები