Thumbnail
  • საფრანგეთი 82:87 აშშ
  • ამერიკელმა კალათბურთელებმა ოლიმპიადა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს
  • ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა კევინ დურანტი ვერ გააჩერა

აშშ-ის კალათბურთელთა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა და ოლიმპურ ოქროს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ.

შეგახსენებთ, რომ აშშ და საფრანგეთი ერთმანეთს ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირსიპირდნენ და მაშინ გამარჯვება ევროპელებს დარჩათ - 83:76. ფრანგებმა ოლიმპიადის ფინალში ბოლოს 2000 წელს ითამაშეს და იმ თამაშშიც ოქრო ამერიკელებს დაუთმეს. 

ამერიკელებმა ოლიმპიადა წაგებით დაიწყეს, მაგრამ გამარჯვებით დაასრულეს

რაც შეეხება ტოკიოში გამართულ ფინალურ დაპირისპირებას, თავიდან საფრანგეთის ნაკრები დაწინაურდა, მაგრამ ამერიკელებმა პირველი მეოთხედის ბოლოს ხელთ იგდეს ინიციატივა და უპირატესობა აღარ დათმეს.

გრეგ პოპოვიჩის გუნდში მოედანზე საუკეთესოები კევინ დურანტი (29 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი), ჯეისონ ტეიტუმი (19 ქულა), ჯრუ ჰოლიდეი (11 ქულა) და დემიენ ლილარდი (11 ქულა) იყვნენ. საფრანგეთის ნაკრებში რუდი გობერი (16 ქულა, 8 მოხნა), ევან ფურნიე (16 ქულა), გერშონ იაბუსელე (13 ქულა) და ნანდო დე კოლო (12 ქულა, 7 პასი) გამოირჩნენ. 

მატჩის შემდეგ ამერიკელთა ფორვარდმა კევინ დურანტმა მედიას შთაბეჭდილებები გაუზიარა: 

"სირთულეები გამოვიარეთ. წავაგეთ სასტარტო მატჩი, წავაგეთ ორი ამხანაგური შეხვედრა. ზოგიერთი მოთამაშე გუნდს მზადების გვიანდელ ეტაპზე შემოუერთდა, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი მაინც დავძლიეთ", - აღნიშნა დურანტმა, რომელმაც ოლიმპიური ოქრო კარიერაში მესამედ მოიპოვა. მანამდე ფორვარდმა გამარჯვება ლონდონისა და რიოს თამაშებში იზეიმა.

ნანდო დე კოლომ კევინის შეჩერება ვერ მოახერხა

საფრანგეთის ნაკრების მცველმა ნანდო დე კოლომ კი აღნიშნა, რომ მის გუნდს ყველაზე მეტად სწორედ დურანტის შეჩერება გაუჭირდა. 

"კევინ დურანტი ბრწყინვალეა. მიუჩენ "დიდს", ახერხებს გასვლას. დაუყენებ "პატარა" მოთამაშეს და ისვრის.  ჩემმა თანაგუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ დურანტის წინააღმდეგ თამაში მართლა ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ გვაქვს უარყოფითი ემოციები, მაგრამ მაინც ვამაყობთ". 

ტოკიოს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, რომელიც მოგვიანებით გაიმართება, ერთმანეთს სლოვენიისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები