Thumbnail

NBA-ს გამორჩეული მოთამაშეები კავაი ლეონადრი და კევინ დურანტი თავიანთ კლუბებთან, შესაბამისად, ლოს ანჯელეს კლიპერსსა და ბრუკლინ ნეტსთან ახალ კონტრაქტებს გააფორმებენ. 
 
კევინ დურანტი ბრუკლინს ახალ, 4-წლიან კონტრაქტს დათანხმდა. ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც ახლახან ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა, ამ პერიოდში 198 მილიონ დოლარს მიიღებს. 

დურანტი მძიმე ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს

კევინმა ბრუკლინის რიგებში პირველი სეზონი მას შემდეგ გაატარა, რაც 2019/20 წლების სეზონი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა. დურანტმა გასულ სეზონში კარგი შედეგი აჩვენა - საშუალოდ 26.9 ქულა, 7.1 მოხსნა და 5.6 შედეგიანი გადაცემა, რითაც დაამტკიცა, რომ ის ჩვეულ ფორმას იბრუნებს.

რაც შეეხება კავაი ლეონარდს, რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი თავისუფალი აგენტი გახდა. ლეონარდის ახალი კონტრაქტის ამბავი NBA-ს წინასასეზონო პერიოდის მთავარი ინტრიგა უნდა ყოფილიყო, თუმცა კლიპერსმა ყველაფერი მალევე მოაგვარა.

კონტრაქტის თანახმად, ბოლო სეზონი მოთამაშის ოპცია იყო, ანუ, კავაის შეეძლო გადაეწყვიტა, დარჩენილიყო კიდევ ერთი წლით თუ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიეღო. ლეონარდმა მეორე არჩია.

კავაი ლეონარდი კარიერას ისევ კლიპერსში გააგრძელებს

მიუხედავად ამისა და მუხლის ტრავმისა, რომელმაც შესაძლოა 30 წლის ამერიკელს სეზონის დიდი ნაწილი გამოატოვებინოს, კავაი კარიერას ისევ კლიპერსში გააგრძელებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩება ლეონარდი ლოსანჯელესურ კლუბში და რა თანხას გამოიმუშავებს ახალი ხელშეკრულების მიხედვით.

კომენტარები

ბოლო ამბები