Thumbnail

ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა გამოსვლა დაასრულეს. ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა შედეგი შეაფასეს.

კახაბრიშვილის თქმით, საქართველოს შეეძლო, უფრო მეტი მედლის და მათ შორის, მეტი ოქროს მოპოვებაც, ხოლო ხაბელოვმა აღნიშნა, რომ შედეგით კმაყოფილია:

ზურაბ კახაბრიშვილი (საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი): "საქართველომ მედლების რაოდენობით დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე კარგ შედეგს მიაღწია და ამის უკან ოლიმპიური კომიტეტის, მწვრთნელების, ექიმების, სამინისტროს უდიდესი შრომა დგას და ყველას მადლობას ვუხდი. ნამდვილად არ მეგონა, რომ გურამ თუშიშვილის წაგების მერე კიდევ რამე თუ გამაოცებდა, მაგრამ გენო პეტრიაშვილის წაგება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული წერტილი და ისტორია იყო. ალბათ, ეს იქნება მაგალითი ყველა მწვრთნელისა და სპორტსმენისთვის, თუ როგორ უნდა იბრძოლო ბოლო წამამდე და აღიარო მერე შენი შეცდომები, როგორც გენომ აღიარა. მან თქვა, რომ ნერვები აღარ ეყო, თუმცა ბოლო თვეები მასთან განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მუშაობა მიდიოდა, რამდენიმე ფსიქოლოგი მუშაობდა. იცით, რომ მწვრთნელი გარდაეცვალა, გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთმა წამმა ოქროს მედალი დაგვაკარგვინა.

გენოს ოქროს მედლამდე ერთადერთი წამი დააკლდა
📸 | TAMUNAPHOTO ტოკიოდან

ბევრი ვერცხლის მედალი ავიღეთ, მაგრამ მედლები დაკარგეს ვარლამ ლიპარტელიანმა, ტატო გრიგალაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა. სანდრო ბაზაძეზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, რადგან მსაჯებმა ნამდვილად საშინელება ჩაიდინეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ეს ბიჭი მედლის გარეშე დატოვეს.

გამოსასწორებელი ბევრია, რაც დავინახეთ, მაგრამ მედლების რაოდენობით ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ კიდევ 4-5 მედლის აღება, აქედან ორი ოქროს, თავისუფლად შეგვეძლო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ოლიმპიურ კომიტეტს, პირადად ლერი ხაბელოვს, რომელმაც 9 ექიმი დამირეგისტრირა და მათაც პირნათლად შეასრულეს თავიანთი მისია, დიდი წვლილი შეიტანეს სპორტსმენების რეაბილიტაციაში. ეს იყო მთელი გუნდის მუშაობა, რომელშიც სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი ფედერაციებთან და მწვრთნელებთან ერთად. ჩვენ ამ კუთხით სასწაულ შედეგს მივაღწიეთ, ეს სპორტული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. იმედი მაქვს, რომ ეს შეცდომები, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა ვაღიაროთ, უფრო მეტი გამარჯვების მომტანი იქნება, არა მარტო ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ევროპის თამაშებზე, რომელიც მალე გვექნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვასწოროთ შედეგები და მივაღწიოთ იმას, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება. თამაშებს დადებითად ვაფასებ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ პარიზში გამოვასწორებთ, რადგან მინიმუმ 4 ოქროს მოპოვება რეალურად შეგვეძლო და ეს ყველამ დაინახა".

ლერი ხაბელოვი (სეოკ-ის პრეზიდენტი): "ჩვენმა დელეგაციამ დიდ წარმატებას მიაღწია. პირადად მე და ალბათ გულშემატკივრებიც კმაყოფილები არიან. რიოს ოლიმპიადის შედეგების გაუმჯობესება 8 მედლით ნამდვილად მოვახერხეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სპორტსმენს, ყველა ფედერაციას, სამედიცინო პერსონალს, მედია საშუალებებს, ვინც აშუქებდა და გულშემატკივრებამდე ყველა ნიუანსი მიჰქონდა. ნამდვილად კარგი ოლიმპიური თამაშები იყო შედეგობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობებში ოლიმპიადის ჩატარება რთული იყო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს განსაკუთრებით, რადგან მათ გარეშე ეს წარმატებები არ გვექნებოდა".


იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტოს დასრულდება, საქართველოს გუნდმა კი, რომელიც 35 სპორტსმენისგან შედგებოდა, გამოსვლა უკვე დაასრულა. ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ტოკიოში 8 მედალია - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (კლასიკური ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ბრინჯაოს კი ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები