Thumbnail

'შთამბეჭდავი დებიუტი პროფესიონალებში' - მამუკელაშვილი ექსპერტებმა შეაქეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

22 წლის სანდრო მამუკელაშვილს NBA-ის ჩემპიონი მილუოკი ბაქსის რიგებში წარმატებული დებიუტი ჰქონდა - საზაფხულო ლიგის პირველ მატჩში, რომელიც ბაქსმა კლიპერსს 81:78 მოუგო, ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ორმაგი დუბლიც შეასრულა - 11 ქულა და 12 მოხსნა. ეს იყო ერთადერთი ორმაგი დუბლი გამარჯვებულ გუნდში. გარდა ამისა, სანდროს ანგარიშზე 4 პასი და თითო ჩაჭრა და დაფარებაა. მან ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა. 

სანდრომ პირველივე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა

"მთავარი - მილუოკის სამმა დამრტყმელმა ძალამ ამ საზაფხულო ლიგაზე, კარგად ითამაშა. ესენია ჯორდან ნვორა, მამადი დიაკიტე და სანდრო მამუკელაშვილი. თითოეულმა მათგანმა გვიჩვენა დამაიმედებელი გაელვებები მატჩის მიმდინარეობისას. 
თითქმის არავინ წინასწარმეტყველებს, რომ ეს სამეული ბაქსის როტაციაში იქნება. ასე რომ, მათ დასამტკიცებელი ბევრი აქვთ. სანამ NBA-ის და G ლიგის სეზონი დაიწყება. ამ ტრიომ მთავარი როლი შეიტანა კლიპერსთან შეტევებში, დანარჩენებს კი, რომელთაც მილუოკისთან კონტრაქტი არ აკავშირებთ, თითქმის არაფერი გამოუვიდათ (თუ არ ჩავთვლით ძალზე აქტიურ პოლ ებუას). 
სანდრო მამუკელაშვილისთვის ეს იყო პირველი მატჩი პროფესიონალის სტატუსით. მან ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა, როგორც მის შესახებ სკაუტები წერდნენ - შეასრულა ორმაგი დუბლი, დაარიგა კარგი პასები. მან თამაშიდან 8-დან მხოლოდ 3 ჩააგდო, ჯარიმის ხაზიდან კი - 6-დან 5. მან შეტევაში ბევრი გააკეთა გუნდისთვის, რომელსაც მომენტებში უჭირდა. როგორც გვესმოდა, მამუკელაშვილს მართლა კარგი პასების გაკეთება შეძლებია. ერთი განსაკუთრებული იყო, რასაც ნვორას სამიანი მოჰყვა.
დაცვაში განსაკუთრებული არ ყოფილა, მაგრამ არც სუსტი. რაც ძალიან კარგია მამუკელაშვილისთვის, რადგან ბევრი მიიჩნევდა, რომ დაცვაში გაუჭირდებოდა. მას ორმხრივი კონტრაქტი აქვს და შეუძლია თავისი ოსტატობა G ლიგაში დახვეწოს. მაგრამ ეს იყო შთამბეჭდავი სტარტი დრაფტის 54-ე ნომრად არჩეული ბიჭისთვის", - წერს behindthebuckpass.com.

პეტ სენტ ენდრიუსი (მილუოკის მწვრთნელი საზაფხულო ლიგაზე): "მას ჯერ კიდევ ვეცნობი, მაგრამ მოხიბლული ვარ მისი ადამიანურობით. დიდებული ბიჭია, რომელიც გუნდზე ფიქრობს. მისი პასები ძალიან კარგია, ის ნიჭიერია. ქულებიც ჩააგდო, ორმაგი დუბლი შეასრულა, მოხსნებში საუკეთესო იყო. მოკლედ, მან ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა".

შემდეგ მატჩს მამუკელაშვილი ბრუკლინის წინააღმდეგ ითამაშებს

სანდროს თამაში საკალათბურთო ექსპერტებმაც დადებითად შეაფასეს.

ტაილერ კალვარუსო (247Sports): "მესმის, რომ ეს ჯერ მხოლოდ ერთი მატჩია, მაგრამ სანდრო მამუკელაშვილი იმსახურებს უმაღლეს დონეზე თამაშს. მან დღეს ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა". 

კეინ პიტმენი (MELB): "სანდრო რეკლამირებული იყო, რომ კარგი პასების კეთება შეუძლია. დღეს მან ეს თამაშით დაადასტურა". 

ერიკ ნემი (TheAthletic): "მამუკელაშვილმა პირველივე თამაშში აჩვენა, რომ კარგი მეპასეა". 


მილუოკი საზაფხულო ლიგაში მომდევნო მატჩს 12 აგვისტოს, ბრუკლინთან გამართავს. მატჩი 00:00-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს ბაქსმა უკვე გაუფორმა 2-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც. ის სეზონში 45 დღე მილუოკის რიგებში იქნება, დანარჩენი დრო კი G ლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები