Thumbnail

'სტუმრად ძალიან სახიფათო გუნდია' - სივასპორის მწვრთნელი დინამო ბათუმზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

უეფას კონფერენსლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დინამო ბათუმი თურქეთში სივასპორს დაუპირისპირდება. თამაშამდე თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ და ფეხბურთელმა აჰმეთ ოღუზმა პრესკონფერენცია გამართეს.

ჩალიმბაი იოლ თამაშს არ ელოდება და თქვა, რომ დინამო ბათუმი უკეთეს ფორმაშია, თანაც, სტუმრად გაცილებით კარგად თამაშობს და სახიფათოა:

რიზა ჩალიმბაი: "ისინი ჩვენზე მეტად არიან მომზადებული თამაშის რიტმის თვალსაზრისითი. ეს გუნდი სახიფათოა და განსაკუთრებით სტუმრად ძალიან კარგად თამაშობს. ამიტომ, შესაბამის ზომებს მივიღებთ. თუ არ ვიბრძლებთ, თუ თამაშში ჩართული არ ვიქნებით, თუ ჩვენი დისციპლინა დაირღვევა, შეიძლება პრობლემები შეგვექმნას. ჩემი აზრით, ძალიან რთული და დაძაბული თამაში იქნება. ყველა ასეთ მატჩს ვუყურებთ, როგორც ეროვნული მნიშვნელობის მატჩს და ვითამაშებთ ჩვენი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის, რომელთაგანაც ახლა შორს ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე გამარჯვებისთვის. ახლა უკვე კარგად ვიცნობთ დინამო ბათუმს და მათ ფეხბურთელებს.

მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, გვაქვს უპირატესობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩვენი ფანების გამარჯვებით გახარებაა და ერთადერთი საზრუნავიც გამარჯვებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროთასებსა და ჩემპიონატში კარგად ვიასპარეზობთ. თუ ამ ეტაპს გავივლით, წინ ძალიან ინტენსიური თამაში გველოდება, რთული იქნება, მაგრამ ჩემი გუნდის მთელი გულით მჯერა. უეცარი ტრავმები ერთადერთია, რისიც მეშინია. თუ მსგავსი რამ არ მოხდება, მჯერა, რომ გუნდს კარგად თამაში ნებისმიერ ტურნირზე შეუძლია".

აჰმეტ ოღუზს ბათუმში ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ ახლა მზად არის

აჰმეთ ოღუზი: "ვეთამაშებით გუნდს, რომელიც 22 კვირის განმავლობაში სათამაშო ტონუსშია. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ გვინდა ეს უპირატესობა გამარჯვებად ვაქციოთ, რადგან საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. ვფიქრობ, გავიმარჯვებთ და წინ წავალთ, როგორც ქვეყნისთვის, ისე სივასისთვის".

შეგახსენებთ, რომ ბათუმში სივასპორმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგო. საპასუხო მატჩი 12 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები