Thumbnail
  • ფინანსურმა კრიზისმა ლა ლიგა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო
  • რეალი დასუსტდა - ზიდანი და დაცვის ცენტრალური წყვილი დაკარგა
  • ანჩელოტის ძლიერი მხარე ამ ტიპის გუნდის გაწვრთნა არ არის
  • ბარსელონა ორგანიზაციულ ქაოსშია - კუმანს რთული სამუშაო ელის
  • ყველაზე სტაბილური სიტუაცია ატლეტიკოს აქვს

ესპანური ლა ლიგა ამ საუკუნის საუკეთესო ჩემპიონატი იყო - ევროთასებზე ნაჩვენები შედეგებით ასეა. ეს იყო ერთადერთი ჩემპიონატი, რომელიც ფინანსურად და მარკეტინგულად ზემძლავრ პრემიერლიგას თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე ღირსეულად უწევდა კონკურენციას.

ამ საუკუნის დასაწყისში ფლორენტინო პერესმა ლუიშ ფიგუს ტრანსფერით რეალში ‘გალაქტიკოსების’ ერა დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები მუდამ ესპანეთში თამაშობდნენ. ფიგუს ზიდანი, რონალდო და ბექჰემი მიყვნენ, მერე მესის და რონალდოს ეპოქაც დაიწყო და რეალ-ბარსელონას დაპირისპირება მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ინტრიგად იქცა.

ამ ეპოქაში ჩემპიონთა ლიგა უპირველეს ყოვლისა რეალის და ბარსელონას ტურნირი გახლდათ. ესპანური ფინალებიც გვახსოვს - ორჯერ მადრიდული დერბი ლიგის ფინალში, ევროპალიგაზე სევილიას დომინაცია და ესპანეთის ნაკრები, რომელიც ყველაფერს იგებდა. კრიზისი რამდენიმე წლის წინ დაიწყო - კრიშტიანოს წასვლა ამის პირველი ნიშანი იყო, მესის წასვლით კი დიდი ეპოქა დასრულდა. ლა ლიგა ყველაზე კარგ შემთხვევაში 90-იანების რეალობას უბრუნდება. წელს ძალიან უცნაური წელი გველის - ესპანეთში პირველობისთვის კრიზისული გრანდები იბრძოლებენ.

რამ გამოიწვია კრიზისი?

შემთხვევითი არ არის, რომ ამ გაზაფულზე სუპერლიგის იდეის მთავარი გულშემატკივრები, იუვენტუსის გარდა, ორი ესპანური გრანდი - რეალი და ბარსელონა იყვნენ. როგორც გამოჩნდა, პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ისინი ვა-ბანკზე წავიდნენ. იცოდნენ, რომ ფული არ ჰქონდათ. სუპერლიგა მათი ბოლო შანსი იყო, რომ დამატებითი შემოსავლები მიეღოთ. კრიზისის ეპოქაში მხოლოდ პრემიერლიგურ გრანდებს, მიუნხენის ბაიერნს და ყატარის სამეფო ოჯახის მიერ დაფინანსებულ პსჟ-ს არ უჭირთ.

მესის წასვლით ბარსელონაში და მთლიანად ლა ლიგაში დიდი ეპოქა დასრულდა

ესპანური გრანდები ამ კრიზისს შეეწირნენ. რიცხვები ძალიან ჯიუტია - ამ სატრანსფერო ფანჯარაში პრემიერლიგურმა კლუბებმა 695 მილიონი ევრო დახარჯეს, ლა ლიგის კლუბებმა კი - მხოლოდ 125. უფრო ნაკლები, ვიდრე გერმანულმა (303 მილიონი), იტალიურმა (288 მილიონი) და ფრანგულმა (285 მილიონი) კლუბებმა. არადა, სულ რამდენიმე წლის წინ 125 მილიონს რეალი და ბარსელონა ლამის ერთ ფეხბურთელში იხდიდნენ.

კრიზისმა გრანდებს ცუდ დროს მოუსწრო - რეალი ახალ სტადიონს აშენებს, ხოლო ბარსელონას ბარტომეუს ხელში ანეკდოტურად ცუდი მენეჯმენტი ჰქონდა და კლუბის ვალები მილიარდს გადასცდა.

სრული კოლაპსის თავიდან ასაცილებლად ლა ლიგამ ამერიკული სპორტების მსგავსი სახელფასო და სატრანსფერო რეგულაციები შემოიღო. უახლოეს მომავალში ესპანურ გრანდებს დიდი თანხების დახარჯვა როგორც ტრანსფერებზე, ასევე ხელფასებზე გაუჭირდებათ. ლიგა ფინანსურ ხარჯებს მკაცრად აკონტროლებს და ამ რეგულაციების მთავარი მიზანი კლუბების გაკოტრებისგან გადარჩენაა.

ესპანური გრანდების გაჭირვება კარგად რომ გავიგოთ, უბრალო ფაქტი გავიხსენოთ - ერთ სატრანსფერო ფანჯარაში პსჟ-მ რეალის და ბარსელონას სიმბოლოები და კაპიტნები - სერხიო რამოსი და ლეო მესი იყიდა. ორივე შემთხვევაში წასვლის მთავარი მიზეზი ფინანსები იყო.

დასუსტებული რეალი

რეალს ძალიან რთული წელი ექნება. შარშანდელი რეალი შემადგენლობით ბოლო ათწლეულში ყველაზე სუსტი იყო, თუმცა ზინედინ ზიდანმა ფენომენალური სამუშაო გასწია და პრობლემური გუნდი ძალიან დისციპლინირებული და ორგანიზებული ფეხბურთით ბოლო მომენტამდე კონკურენტულად დატოვა, როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.

რეალისთვის ცუდი ამბავი ის არის, რომ ეს გუნდი შემადგენლობით კიდევ უფრო სუსტი გახდა და ზიდანიც წავიდა. ზიზუს წასვლის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც ჩანს, ამ პირობებში მისი ამბიციის მქონე კაცს მუშაობა აღარ უნდოდა. მისი შემცვლელი კარლო ანჩელოტი სამწვრთნელო საქმეში დიდი სახელია, თუმცა მის მთავარ ღირსებად ვარსკვლავური გუნდების დაყენება და სუპერვარსკვლავების მართვა მიიჩნევა - დელ ბოსკეს იტალიური ვარიანტია. ეს რეალი სხვანაირი გუნდია. ვარსკვლავების მართვაზე მეტად შედეგისთვის თამაშის მკაცრი ორგანიზაცია, ბევრი ბრძოლა და ტაქტიკური მრავალფეროვნება სჭირდება. ეს ანჩელოტის ძლიერი მხარე ნაკლებადაა. თანაც, იტალიელმა სამწვრთნელო პიკი დიდი ხანია გაიარა - მისი ბოლო გამოცდილებები (ბაიერნი, ევერტონი) არცთუ ისე წარმატებული გამოდგა. მოკლედ, ანჩელოტი რომ ამ გუნდს ზიდანზე უკეთ მართავს, პირადად მე არ მჯერა.

ანჩელოტის რთული სამუშაო ელის წინ

რეალი შემადგენლობის მხრივაც საგრძნობლად დასუსტდა. გუნდი ორივე ცენტრალურმა მცველმა დატოვა და რეალი დაცვის მრავაწლიანი ნაცადი დუეტის გარეშე დარჩა. განსაკუთრებით რთული სერხიო რამოსის დანაკლისის შევსება იქნება. ის არამხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, არამედ გუნდის უპირობო ლიდერიც იყო. ერთი წლის წინ რეალის ჩემპიონობაში მისი წვლილი უდიდესი გახლდათ. რამოსი გუნდის მეორე ბომბარდირი იყო ბენზემას შემდეგ და ზიდანის მებრძოლი გუნდის ხასიათს ყველაზე მეტას ის და კაზემირო განსაზღვრავდნენ.

დაცვის ცენტრის ახლიდან აწყობა ყველაზე რთულია და რეალი ამ გამოწვევის წინაშე დგას. გუნდს ახალწვეული დავიდ ალაბა დაემატა. ალაბა ნომინალურად მარცხენა მცველი იყო კარიერის უდიდესი ნაწილი და დაცვით კომპონენტებში თამაშით რამოსსა და ვარანსაც საგრძნობლად ჩამორჩება. ალაბა მათზე უკეთესი შეტევების ორგანიზების დროსაა, ძალიან მაგრად იწყებს შეტევას პირველი პასით. დაცვის ცენტრში ალბათ მას და მილიტაოს უნდა ველოდოთ. ავსტრიელის სათამაშო სტილი ბაიერნს, რომელიც ბუნდესლიგაში თამაშების უდიდესი ნაწილი მეტოქეებს ცალკარას ეთამაშება, ძალიან კარგად უხდებოდა. რეალს მეტოქეებთან ისეთი დომინაცია არ აქვს, როგორც ბაიერნს გერმანიაში და შესაბამისად, ალაბას სისუსტე დაცვით ფაზაში უფრო ხშირად გამოჩნდება. ავსტრიელს რეალში უფრო მეტად მოუწევს უშუალოდ დაცვაზე ზრუნვა - ანუ ის საქმე, რომელიც მას ყველაზე მეტად არ უყვარს.

პრობლემებია მოედნის ცენტრშიც, სადაც კროოსი-მოდრიჩი დუეტი უფრო ახალგაზრდა არ ხდება. კაზემირო და ბენზემა ამ გუნდის შეუცვლელი მოთამაშეები არიან. შეტევაში ბენზემას ალტერანტივა ანჩელოტის, ფაქტობრივად, არ ჰყავს. მოკლედ, რეალის შემადგენლობას ძალიან უჭირს. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ითამაშებს გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული მარტინ ოდეგაარდი და შემთხვევით თუ მოხდება ისე, რომ ანჩელოტი მუდამ ტრავმირებული აზარის, ან ყველას მიერ ჩამოწერილი ბეილისგან რაიმე მოულოდნელ ხეირს ნახავს.

ქაოსი ბარსაში

რეალზე რთული ვითარება ბარსელონაშია. მესის წასვლით ბარსას ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეპოქა დასრულდა. ერთი საკითხია, თუ როგორ შეძლებს ბარსელონა იმ ფეხბურთელის წასვლით გამოწვეული შოკის აღმოფხვრას, რომელზეც წლებია, გუნდის მთელი თამაში იდგა. მესის წასვლა იმას ნიშნავს, რომ კუმანმა უნდა მოიფიქროს, როგორ მოახერხებს სეზონში სულ მცირე 40-50 გოლის კომპენსაციას. მესი სეზონში მინიმუმ 40 გოლის გარანტი იყო. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, თუ როგორ შეძლებს ბარსელონა კლუბის შიგნით არსებული ქაოსის და მწვავე ფინანსური კრიზისის დასრულებას. ბარტომეუს წასვლით და ლაპორტას დაბრუნებით ბარსას სიტუაცია უკეთესი არ გამხდარა.

თუკი რეალი ორგანიზაციულ დონეზე მოწესრიგებულია, თუმცა შემადგენლობაში უჭირს, ბარსელონა პირიქითაა. ქაღალდზე ბარსას შემადგენლობა ესპანეთში საუკეთესოა: დაცვის ცენტრში პრობლემურ პიკე-ლენგლეს დუეტს პერსპექტიული ერიკ გარსია დაემატა მანჩესტერ სიტიდან. სეზონის მეორე ნახევარში დაცვაში კარგად გამოიყურებოდა ახალგაზრდა არაუხოც. ფლანგებზე სერჯინიო დესტი და ჟორდი ალბა ლა ლიგაში საუკეთესო დუეტია. ბუსკეტი უკვე ასაკშია, თუმცა მოედნის ცენტრში პედრი-დე იონგის წყვილის სტაბილურობის გარანტია. შეტევაშიც, ახალწვეულების, აგუეროს და მემფის დეპაისა და გრიზმანის ტრიო უპერსპექტივოდ არ გამოიყურება. განსაკუთრებით დეპაია აღსანიშნავი, რომელიც ამხანაგურ მატჩებში ძალიან კარგად თამაშობდა. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე. რეალურად კი კლუბში ძალიან ცუდი სიტუაციაა და არავინ იცის, როგორ აისახება ეს გუნდის თამაშზე.

დეპაიმ ბარსელონაში კარგად დაიწყო

მესის წასვლა ყველასთვის შოკი იყო, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ის რჩებოდა და ლა ლიგას სტარტამდე 1 კვირით ადრე მისი მოულოდნელი წასვლა, შიდა წყაროების ცნობით, გუნდზე ძალიან ცუდად აისახა.

ამას ემატება ის ფაქტი, რომ მოთამაშეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იცის, რომ კლუბს ამ ზაფხულში მათი გაყიდვა უნდოდა, თუმცა ვერ გაყიდა. ისინი თავს გუნდში ზედმეტად გრძნობენ.

"კოუტინიო თავს ისე გრძნობს, თითქოს ნაგავია, ნეტოს წასვლა უნდა, პიანიჩი ფიქრობს, რომ მოატყუეს. აქ ბევრი გაბრაზებული ხალხია - გაბრაზებული სხვადასხვა მიზეზით," - ასე უთხრა ბრიტანულ 'ატლეტიკს' კლუბის წევრმა, რომელმაც გასაგები მიზეზის გამო, ანონიმურობა შეინარჩუნა. გულშემატკივარი იმ ფეხბურთელებს უსტვენს და ლანძღავს, რომლებიც გუნდიდან არ წავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს მათი გაყიდვა უნდოდა. ასეთები გრიზმანი, უმტიტი, დემბელე და ბრაიტვაიტია. იუვენტუსთან ბოლო ამხანაგური თამაშის დროს ფანები უმტიტის ბურთის ყველა შეხების დროს უსტვენდნენ.

ცალკე ამბავია სერხიო აგუეროს საკითხი. ის ბარსაში თავისი ძალიან ახლო მეგობრის, მესის გამო და მასთან ერთად სათამაშოდ წავიდა. ახლა აგუერო თავს მოტყუებულად გრძნობს, ძალიან გაბრაზებულია და პლუს თითქმის სამი თვით დაიმტვრა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ მესის წასვლამ ბარსას ფინანსური პრობლემები ვერ მოაგვარა. კლუბის სახელფასო ფონდი შემოსავლების 90 პროცენტია, არადა რეგლამენტის მიხედვით, 70 პროცენტს არ უნდა გადაცდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბარსა ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. არადა, რეალურად, გუნდიდან წამსვლელი მხოლოდ პიანიჩია, რომელსაც იუვენტუსი განათხოვრებით ელოდება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ აგვისტოს ბოლომდე კატალონელებს გუნდის რომელიმე ლიდერის გაყიდვა მოუწიოთ. სხვაგვარად, ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია არ გამოვა.

კლუბი მოთამაშეებს ხელფასების დაკლებას სთხოვს, თუმცა ისინი უარზე არიან. ეს უკმაყოფილებას მხოლოდ ზრდის.

მოკლედ, კუმანს ქაღალდზე კი ჰყავს ძლიერი გუნდი, თუმცა მესის წასვლა, გუნდის შიგნით არეულობა და ფინანსური პრობლემები ბარსელონას მძიმე ტვირთად აწევს. კუმანს და კლუბის ხელმძღვანელობას დიდი შრომა მოუწევთ, ბარსელონა მხოლოდ ფეხბურთზე რომ კონცენტრირდეს. კატალონიელთათვის კარგი ის არის, რომ წინა სეზონში კუმანის ხელში ძალიან ცუდი და პრობლემური პირველი წრის შემდეგ, ბარსამ მეორე წრეში მოუმატა და ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დააკლდა. წელს, თუნდაც შარშანდელი მეორე წრის კალიბრის ფეხბურთის ჩვენება იოლი არ იქნება. ბარსელონა დიდ საკლუბო კრიზისშია და რთული მომავალი ელის.

მოქმედი ჩემპიონი

შარშან, ატლეტიკომ ბარსელონას და რეალის პრობლემებით ისარგებლა და ბოლო 10 წელიწადში მეორე ჩემპიონობა იზეიმა. მაშინ ეს სენსაცია იყო. წელს, სიმეონეს გუნდის კონკურენტებს პრობლემები მხოლოდ მოემატათ. ატლეტიკოს ძალიან კარგი შანსი აქვს, ზედიზედ მეორედ გაიფორმოს ესპანეთის ჩემპიონობა.

გრანდებს შორის სიმეონეს გუნდი ყველაზე კარგ სიტუაციაშია. ატლეტიკოს არცერთი ლიდერი არ გაუყიდია, პირიქით, მოედნის ცენტრში როდრიგო დე პაული დაიმატა, რაც მნიშვნელოვანი შენაძენია. არგენტინელი დე პაული დინამიური და შრომისმოყვარეა და სიმეონეს ფეხბურთს კარგად უნდა მოერგოს. კლუბს მოწესრიგებული ფინანსური სიტუაცია და სტაბილური შემადგენლობა ჰყავს. ატლეტიკოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ შარშანდელი მიღწევა გაიმეოროს.

როდრიგო დე პაული ატლეტიკოსთვის მნიშვნელოვანი შენაძენია

პრობლემა ისაა, რომ ატლეტიკოსნაირი გუნდისთვის ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან რთულია. თუმცა, კონკურენტების კრიზისი სიმეონეს ამის ძალიან კარგ შანსს აძლევს.

მოულოდნელობის ეფექტი

გრანდების კრიზისის ფონზე, არ არის გამორიცხული, მოულოდნელი ჩემპიონიც ვიხილოთ. ასეთი ამბები იშვიათად ხდება, თუმცა წელს ამისთვის კარგი ნიადაგია. სავარაუდოა, რომ 80 ქულაც კი საკმარისი იქნება ჩემპიონობისთვის. 90-იანებში დეპორტივომ მოიგო მოულოდნელად, ამ საუკუნეში კი - ვალენსიამ. წელს ამის ყველაზე კარგი კანდიდატი სევილიაა, რომელმაც მოახერხა და შარშანაც ბოლო ტურებამდე საჩემპიონო რბოლაში დარჩენა შეძლო.

ხულენ ლოპეტეგიმ შარშანდელი გუნდი სრულად შეინარჩუნა და ერიკ ლამელაც დაიმატა. თუკი ამ სეზონში ახალი ჩემპიონი უნდა ვნახოთ, სევილიას ამის ყველაზე კარგი შანსი აქვს.

მოკლედ, საფეხბურთო ესპანეთი ახალ ცხოვრებას იწყებს. გრანდებმა ჯერ კრიზისი უნდა გადალახონ და შემდეგ გაძლიერებაზე იფიქრონ. ლა ლიგა დასუსტდა, დიდი ვარსკვლავები წავიდნენ, თუმცა ინტრიგა შენარჩუნებულია. წელს ძალიან თანაბარი საჩემპიონო ბრძოლა და მოულოდნელობებით აღსავსე სეზონი გველის. ეს ის სეზონია, როცა მის დაწყებამდე კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები