Thumbnail

პიკეს სამაგალითო საქციელი - მან ხელფასი შეიმცირა და ბარსელონას დაეხმარა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონას მცველმა ჟერარ პიკემ ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმცირა, რის ხარჯზეც კლუბმა ლა ლიგის ახალი სეზონის წინ ერთბაშად სამი ფეხბურთელის, მემფის დეპაის, ერიკ გარსიას და რეი მანაის რეგისტრაცია მოახერხა.

ამგვარად, პიკეს დამსახურებით, ბარსამ სამი ახალწვეული განაცხადში შეიყვანა და ვეტერანი ფეხბურთელის საქციელი უდაოდ მისაბაძია. თანხის ზუსტი რაოდენობა, რაც ჟერარმა დაიკლო, ამ დროისთვის უცნობია.

გარდა ამისა, ბარსელონა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ხელფასების შემცირებაზე, რისი დიდი შანსია და სავარაუდოდ, ისინიც დათანხმდებიან გასამრჯელოს დაკლებას.

"მშვენივრად გვესმის ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც ვართ, ამიტომ ნებისმიერი სახის მხარდაჭერა გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც მინდა ხაზი გავუსვა პიკეს, ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის პოზიციას. ისინი მრავალი წელია კლუბში არიან და სურთ თავიანთი ქმედებით აჩვენონ, რომ ეს ნამდვილად მათი სახლია", - თქვა კუმანმა სოსიედადთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

ჟერარ პიკე ბარსელონას აკადემიის აღზრდილია. 34 წლის ფეხბურთელი თავიდან მანჩესტერ იუნაიტედსა და სარაგოსაში თამაშობდა, მაგრამ მშობლიურ კლუბს 2008 წელს დაუბრუნდა და მას შემდეგ 566 მატჩში 49 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ლა ლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს სან სებასტიანის რეალ სოსიედადს უმასპინძლებს (თბილისის დროით 22:00 საათზე).

კომენტარები

ბოლო ამბები