Thumbnail

ფინეთი ევროზე და მუნდიალზეც - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ხელბურთელთა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ. საქართველოს ნაკრები ამ ეტაპის წილისყრაზე, რომელიც დღეს გაიმართა, მე-3 კალათში იყო.

ვაჟთა ნაკრები ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მე-2 ჯგუფში იასპარეზებს. მისი მეტოქეები ფინეთი (პირველი კალათა), ესტონეთი (მეორე კალათა) და დიდი ბრიტანეთი (მეოთხე კალათა) არიან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო ნაკრები მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს. 

სახელბურთო მუნდიალი 2023 წლის იანვარში პოლონეთსა და შვედეთში გაიმართება. მასში 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ევროპიდან 12 ნაკრები ითამაშებს. 

გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდშიც - აქაც ჩვენი გუნდის მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება, რომელსაც 2022 წლის იანვარში დავუპირისპირდებით. თუ საქართველოს ნაკრები ფინეთს გაივლის, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში გადაინაცვლებს. ფინალურ ეტაპზე კი 4-გუნდიანი გუნდიდან 2-2 გადის, ასევე ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი. ევროპის ჩემპიონატი 2024 წელს გერმანიაში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში ერთა თასი  (IHF/EHF Trophy 2021) მოიგო. ფინალში გუნდმა 32:18 დაამარცხა კვიპროსი. ამით ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობის უფლება მიიღო. ფინალში გიორგი ცხოვრებაძემ 11 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები