Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის გაფართოებული, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის დინამო ბათუმის 7 მოთამაშეა, მათგან 3 კი დებიუტანტია. სულ სანიოლის სიაში 5 დებიუტანტია და აქედან 4 საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულ გუნდში მიწვეულია ვალენსიას 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ლა ლიგაში უკვე ორ მატჩში ითამაშა. სიაში არიანი გიორგი ჩაკვეტაძე და ვაკო ყაზაიშვილიც, რომლებიც სანიოლის ფორმაციის ნაკრებში პირველად იქნებიან. გამოძახებული არ არის აპოელ-ის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა და მოედანს ახლახან დაუბრუნდა.

ჩაკვეტაძეს ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებში ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა

საქართველოს ნაკრები 2 და 5 სექტემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს გამართავს - ჯერ ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, შემდეგ კი სტუმრად, ქალაქ ბადახოსში ესპანეთს შეხვდება. კიდევ ერთი მატჩი ვილი სანიოლის გუნდს 8 სექტემბერს აქვს დაგეგმილი - სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში დინამო ბათუმიდან ლაზარე კუპატაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია მიიწვია. 

სანიოლი მეორედ იწვევს 25 წლის ლაზარე კუპატაძეს. მანამდე ბათუმელთა მეკარემ საქართველოს ნაკრების კარი ივნისში, სტუმრად რუმინეთთან ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში დაიცვა (2:1). ეროვნულ გუნდში ამავე შეხვედრაში შედგა 19 წლის მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის დებიუტიც. 25 წლის მარჯვენა მცველ გრიგოლ ჩაბრაძეს კი ნაკრებში უკვე 3 მატჩში აქვს ჩატარებული - შვედეთთან (0:1), ესპანეთთან (1:2) და რუმინეთთან (2:1).

სანიოლი გრიგოლ ჩაბრაძეს ეროვნულ გუნდში სისტემატურად იწვევს

29 წლის ჯაბა ჯიღაური ეროვნული ნაკრების გამოცდილი წევრია, რომლის ღირსებას 2016 წლიდან იცავს. დინამო ბათუმის ნახევარმცველმა ამ პერიოდში ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი აქვს.

საქართველოს ნაკრებში პირველად არიან გამოძახებულები 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი, 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი და 27 წლის ცენტრფორვარდი გიორგი ფანცულაია. სანიოლის სიაში დებიუტანტები ასევე არიან ავსტრიული ვოლფსბერგერის 23 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი და დინამო თბილისის 18 წლის მცველი საბა ხვადაგიანი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი), საბა ხვადაგიანი (დინამო საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), მურთაზ დაუშვილი (აპოელი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), გიორგი ქვილითაია (აპოელ), გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი)

მუნდიალის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს (3 მატჩი, 7 ქულა), მეორეზე შვედეთია (2 მატჩი, 6 ქულა), მესამეზე კი - საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა). ჯგუფში ბოლო ადგილს კოსოვო (2 მატჩი, 0 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები