Thumbnail

პარალიმპიადა | თიბილაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს, ხეცურიანი ბრინჯაოსთვის

  • ქართველი პარალიმპიელები ტოკიოში ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
  • ნინა თიბილაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო, ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალი დათმო

ტოკიოს პარალიმპიადაზე მედლებისთვის იბრძოლებენ ქართველი ეტლით მოფარიკავეები - ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი, რომლებმაც ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ შეჯიბრში, შესაბამისად, ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

24 წლის ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორია), რომელსაც წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე 2-2 მოგება-წაგება ჰქონდა, 1/8-ფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიას აჯობა (15:9), 1/4-ფინალში კი უკრაინელ ნატალია მორკვიჩს დაძაბული შეხვედრა მოუგო (15:13). ნინა ნახევარფინალში კიდევ ერთ უკრაინელს შეხვდა - ევგენია ბრეუსი, რომელთანაც ასევე დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 15:12. 

ფინალური შეხვედრა, რომელშიც თიბილაშვილი ჩინელ ბიან ჟინგს შეხვდება, თბილისის დროით 13:30 სთ-ზე გაიმართება. 

ირმა ხეცურიანმა (B კატეგორია) წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი წაგებული ბრძოლის შემდეგ, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიელ როსანა პასკინოს დაძაბულ ბრძოლაში (15:14) აჯობა. ხეცურიანმა ნახევარფინალური ბრძოლა ჩინელ შუმეი ტანთან გამართა და ანგარიშით 8:15 დამარცხდა.

35 წლის ქართველი პარალიმპიელი ბრინჯაოს მედლისთვის ჩინელ შაო რონგთან, თბილისის დროით 12:00 სთ-ზე იბრძოლებს. 

საქართველოს ნაკრები ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე (24 აგვისტო - 5 სექტემბერი) 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ქართველი პარალიმპიელები მედლებისთვის სპორტის 6 სახეობაში იბრძოლებენ - ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლასა და პარამძლეოსნობაში.

📸 | ფოტოები: საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი

კომენტარები

ბოლო ამბები