Thumbnail
  • ნინა თიბილაშვილმა ტოკიოში საქართველოს პირველი მედალი მოუტანა
  • ბრინჯაოს მოპოვების შანსი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ვერ გამოიყენა

ტიკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა. ეს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა შეძლო, რომელიც ფინალურ შეხვედრაში ჩინელ ბიან ცზინთან დამარცხდა (7:15).

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსთვის მეორე მედალია პარალიმპიური თამაშების ისტორიაში. 2016 წელს რიოში ჩემპიონობა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა იზეიმა. 

ნინა თიბილაშვილი ტოკიოში, ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალური შეჯიბრის A კატეგორიაში გამოვიდა. 24 წლის ქართველმა პარასპორტსმენმა, რომელსაც წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე 2-2 მოგება-წაგება ჰქონდა, 1/8-ფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიას აჯობა (15:9), 1/4-ფინალში კი უკრაინელ ნატალია მორკვიჩს მოუგო (15:13). ნინა ნახევარფინალში კიდევ ერთ უკრაინელს შეხვდა - ევგენია ბრეუსს, რომელსაც ასევე დაძაბულ ბრძოლაში აჯობა (15:12), ფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა.  

ირმა ხეცურიანმა ტოკიოში გამოსვლა მე-4 ადგილზე დაასრულა

დღესვე პარაფარიკაობაში იასპარეზა ირმა ხეცურიანმაც, რომელსაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა. 35 წლის პარასპორტსმენმა B კატეგორიის წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი წაგებული ბრძოლის შემდეგ, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიელ როსანა პასკინოს აჯობა (15:14). ირმამ ნახევარფინალი ჩინელ შუმეი ტანთან ანგარიშით 8:15 დათმო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ასევე ჩინელ შაო რონგთან დამარცხდა (6:15) და უმედლოდ დარჩა. 

ქართველი პარამოფარიკავეები ტოკიოში რაპირით ფარიკაობაშიც გამოვლენ. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მედლებისთვის 28 აგვისტოს ინდივიდუალურ შეჯიბრში იბრძოლებენ, 29-ში კი - გუნდურში. 

ქართველმა პარალიმპიელებმა ტოკიოში გამოსვლა წარმატებით დაიწყეს

საქართველოს ნაკრები ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე (24 აგვისტო - 5 სექტემბერი) სულ 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ქართველი პარალიმპიელები მედლებისთვის სპორტის 6 სახეობაში იბრძოლებენ - ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლასა და პარამძლეოსნობაში.

📸 | ფოტოები: საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი

კომენტარები

ბოლო ამბები