- პეპი უკვე ფიქრობს იმ დროზე, როდესაც სიტისთან კონტრაქტი ამოეწურება
- 50 წლის სპეციალისტს შესაძლებლობების გამოცდა სანაკრებო დონეზე სურს
მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა უკვე ფიქრობს იმ დროზე, როდესაც ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება ამოეწურება. 50 წლის ესპანელი სპეციალისტი არ მალავს, რომ საკუთარი თავის გამოდა ნაკრების მწვრთნელის რანგშიც სურს.
"ჩემი შემდგომი ნაბიჯი ნაკრები იქნება, თუკი ასეთი შესაძლებლობა მომეცემა. სიტიში გატარებული 7 წლის შემდეგ პაუზას გავაკეთებ. დამჭირდება გაჩერება და გარშემო გახედვა, სხვა მწვრთნელებისგან რაღაცის სწავლა და შესაძლოა, ნაკრები ჩავიბარო. კარგი იქნებოდა ევროპის ჩემპიონატზე, ამერიკის თასზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობა", - ამბობს გვარდიოლა.
პეპი მანჩესტერ სიტის 2016 წლიდან წვრთნის და მასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა სამჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ერთხელ ქვეყნის თასი, ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი და ორჯერ ინგლისის სუპერთასი მოიგო.

მანამდე სპეციალისტი ბარსელონასა და მიუნხენის ბაიერნში მუშაობდა. გვარდიოლას კატალონიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული და ამ ტიტულთან ახლოს მანჩესტერ სიტისთან ერთადაც იყო, თუმცა 2020/21 წლების სეზონში ფინალი ლონდონის ჩელსისთან დათმო.
კომენტარები