Thumbnail

მუნდიალი 2022 | ყატარში ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანები მოულოდნელად კვდებიან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში გაიმართება
  • 2010 წლიდან, სამშენებლო სამუშაოებზე 6500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty International მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში, ყატარში გარდაცვლილი მიგრანტი მუშების საქმის გამოძიებას ითხოვს. პოპსპორტი ადრეც წერდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყატარში 2022 წლის მუნდიალისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Amnesty International-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გარდაცვალების მიზეზი შემთხვევების აბსოლუტურ უმეტესობაში, უდიდესი საფრთხის შემცველ სამუშაო პირობებთანაა დაკავშირებული. უფლებადამცველი ორგანიზაცია ყატარს პირდაპირ ადანაშაულებს, როდესაც წერს, რომ ადამიანების გარდაცვალების მიზეზების დასადგენად კვლევები არ ტარდება და შემთხვევების უმეტესობაში ასეთი დასკვნებია ჩაწერილი: “ბუნებრივი სიკვდილი” და “სიკვდილის გულის პრობლების გამო.”

“როდესაც საკმაოდ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანები ექსტრემალურ სიცხეში დიდხანს მუშაობის შემდეგ მოულოდნელად კვდებიან, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს. უდიდესია იმის ალბათობა, რომ ადამიანების მოულოდნელი გარდაცვალება ყატარში შექმნილი სახიფათო სამუშაო პირობებით იყოს გამოწვეული,” - აცხადებს Amnesty International-ის ექსპერტი კატია მიულერ-ფალბუში და დეტალურ, გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.

ყატარის ახალი, Al Wakrah Stadium 2019 წელს გაიხსნა

როგორც იცით, მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატს 2022 წელს ყატარმა უნდა უმასპინძლოს და ამის გამო ფიფას იმ დღიდან აკრიტიკებენ, როცა ეს ამბავი გადაწყდა. ინგლისური გამოცემა ‘გარდიანის’ ინფორმაციით, 2010 წლიდან 2021 წლამდე, მუნდიალისთვის მზადების პროცესში სამშენებლო სამუშაოებზე 6500-ზე მეტი მუშა გარდაიცვალა. ეს ადამიანები ძირითადად ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან და შრი ლანკიდან იყვნენ. მეტიც: ‘გარდიანის’ ინფორმაციით, გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

ყატარი ხშირადაა კრიტიკის ობიექტი ადამიანების უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩასულ მუშებს უკიდურესად ცუდ პირობებში უწევთ ყოფნა. თავად ყატარელები კი მუდმივად ირწმუნებიან, რომ ბოლო წლებში ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები