Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნმა სეზონი კარგად დაიწყო
  • ჯამალ მუსიალა რეკორდმაისტერის აღმოჩენაა

სანამ ლეროი სანეს ვერ გაურკვევია, რა სურს და შეუძლია თუ არა მიუნხენის ბაიერნში თავის დამკვიდრება, რეკორდმაისტერს ახალი გმირი ჰყავს: იულიან ნაგელსმანის ხელში 18 წლის ჯამალ მუსიალა ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. ახალგაზრდა ნახევარმცველი აღარ არის მხოლოდ ნიჭიერი ბიჭი, რომელიც სკამზე უნდა იყოს - უფრო მეტიც, მუსიალამ ახალ სეზონში მიუნხენური გრანდის ფანებს თავი უკვე ძალიან შეაყვარა.

ბერლინის ჰერტასთან მატჩის (5:0) დროს, როდესაც ნაგელსმანმა მუსიალა შეცვალა, “ალიანც არენის” პუბლიკამ ახალგაზრდა ნახევარმცველს აპლოდისმენტები და ოვაციები მიუძღვნა - ზედიზედ მესამედ ახალ სეზონში!

ჯამალ მუსიალა ახალი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა

ჯამალ მუსიალას მართლაც შესანიშნავი კვირა ჰქონდა: კიოლნთან (3:2), ბრემერთან (თასზე, 12:0) და ახლა ჰერტასთანაც (5:0), 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ბაიერნში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მუსიალამ ამ სამ თამაშში ჯამში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ბერლინელებთან შეხვედრაში მან სულაც ლეროი სანე ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან - ფეხბურთელი, რომელშიც რეკორდმაისტერს 49 მილიონი ევრო აქვს გადახდილი და რომელიც ბაიერნში მე-10 ნომერია. მუსიალამ ნაგელსმანს ნდობისთვის მადლობა საკმაოდ ეფექტური გოლით გადაუხადა.


ნაგელსმანი ცნობილია, როგორც მწვრთნელი, რომელიც ახალგაზრდა ტალანტებთან განსაკუთრებით კარგად მუშაობს. ბაიერნის ახალი მწვრთნელი მუსიალას თამაშით აღფრთოვანებულია: “ყველაზე კარგი ის არის, რომ ჯამალ მუსიალა დაუჯერებლად თავმდაბალი და მოკრძალებული ბიჭია. მიუხედავად იმისა, რომ ახალ სეზონში მართლაც გამორჩეულად კარგად თამაშობს, ჯერჯერობით არაფერს ზეიმობს და შრომას აგრძელებს. ეს კარგი ბაზა და მიზეზია საიმისოდ, რომ შესანიშნავი კარიერა ჰქონდეს. თანაც, ე.წ. “ქუჩის ფეხბურთის მენტალიტეტი აქვს”, რაც ასევე ძალიან მომწონს.” - აცხადებს ნაგელსმანი.

ჰერტასთან მუსიალა ძირითად შემადგენლობაში იყო, სანემ ის მეორე ტაიმში შეცვალა

ჯამალ მუსიალას ბაიერნთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული. რეკორდმაისტერის ფანებს მისი იმედი აქვთ. არაა გამორიცხული, უკვე ახლო მომავალში სწორედ მან მიიღოს “ათიანი” - თუკი სანემ ასე ცუდად გააგრძელა...

კომენტარები

ბოლო ამბები