- ლუის ენრიკეს სურს, რომ ესპანეთის ნაკრები ხოსეპ გვარდიოლამ გაწვრთნას
- პეპი არ მალავს, რომ სიტისთან განშორების შემდეგ, ნაკრების გაწვრთნა უნდა
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება, თუკი "ფურია როხაში" მისი მემკვიდრე ხოსეპ გვარდიოლა იქნება. 51 წლის სპეციალისტი პირდაპირ ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრებისთვის უკეთესი ვარიანტი არც არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ინგლისურ კლუბთან გამომშვიდობების შემდეგ, სიამოვნებით იმუშავებს რომელიმე ნაკრებში, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა.

ცნობისთვის, პეპს სიტისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ენრიკეს კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან - 2022 წლის ბოლომდე.
"ვისურვებდი, რომ ესპანეთის ნაკრების გვარდიოლამ გაწვრთნას. ეს იდეალური ვარიანტია და ბედნიერი ვიქნებოდი. მსურს ვიხილო ჩვენი ეროვნული გუნდი გვარდიოლას ხელში. არ მგონია, რომ ესპანეთის ნაკრებისთვის უკეთესი მწვრთნელი მოიძებნებოდეს", - ამბობს ენრიკე.
ასტურიელი ლუის ენრიკე და კატალონიელი ხოსეპ გვარდიოლა, როგორც ფეხბურთელები, ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ღირსებას წლების განმავლობაში ერთად იცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში საქართველოს მეტოქეა. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში “ფურია როხასთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა, სტუმრად კი 5 სექტემბერს შეხვდება, მანამდე კი 2 სექტემბერს, შინ კოსოვოსთან ითამაშებს.
კომენტარები