Thumbnail

ეს არის თამაში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს!

შვედეთში (0:1), ესპანეთთან (1:2) და საბერძნეთში (1:1) მატჩების შემდეგ, ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში კოსოვოს ბათუმში უმასპინძლებს. სამწუხაროდ, მატჩი კოვიდ-ვითარების გამო უმაყურებლოდ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, ვილი სანიოლმა  კოსოვოსთან საშინაო მატჩში მხოლოდ 3 ქულა უნდა დაგეგმოს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწრთნელმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და მატჩის გარდა, ფეხბურთელების მდგომარეობასა და გუნდში შექმნილ ატმოსფეროზე ისაუბრა. პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ოთარ კიტეიშვილიც.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზე: "სატრანსფერო ფანჯრის შეფასება ამ წუთას რთულია. იმედია, რომ ის მოთამაშეები, რომლებიც კარგ ჩემპიონატებში წავიდნენ, ხშირად ითამაშებენ."

'გიორგი ლორია ნაკრების პირველი მეკარეა და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ შევცვალო'

...გიორგი მამარდაშვილზე: "ის ძალიან კარგი მეკარეა, 20 წლისაა და ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა ვალენსიაში. გიორგი ლორია ნაკრების პირველი მეკარეა და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ რამე შევცვალო. ლაზარე კუპატაძემ რუმინეთთან თავი კარგად წარმოაჩინა. ველოდები კუპატაძის, მამარდაშვილისა და მაკარიძის კარგ თამაშს."

...უმაყურებლო თამაშზე და ჯგუფიდან გასვლის შანსებზე: "ძალიან გვიყვარს ქომაგები. სამწუხაროდ, რეგულაციების გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. კოსოვოსთან თამაში უმნიშვნელოვანესია და გვსურს, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ. ესპანეთთან თამაშზე საუბარი კი ჯერ ადრეა."

...ხვიჩა კვარაცხელიაზე: "ჩვენ ის თავდაპირველად სიაში ჩავსვით. იმედი გვქონდა, რომ ხვიჩა ამ მატჩებში ითამაშებდა. იგი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და ველოდებით, რომ ოქტომბრისთვის მზად იქნება. ხვიჩას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რუბინის განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, ისინი რას დაწერენ, ეს მათი საქმეა."

'ხვიჩას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, რუბინის განცხადებაზე კი ვერაფერს ვიტყვი'

...კოსოვოს ნაკრებზე: "მათი ფეხბურთელები უძლიერეს კლუბებში თამაშობენ. პატივს ვცემთ მათ და ჩვენ სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ."

...მატჩისთვის მოსამზადებელ პერიოდზე: "სიტუაცია ყოველთვის იდეალური არაა. ბევრი მოთამაშე ერთდროულად ვერ შემოუერთდა ნაკრებს. ყაზაიშვილი გუშინ ჩამოვიდა, კაშია, ხოჭოლავა და კიტეიშვილი მზად არიან, გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ყაზაიშვილი მე მარტშიც და ივნისშიც გამოვიძახე, მაგრამ ვაკო მაშინ სამხრეთკორეული რეგულაციების გამო ვერ შემოგვიერთდა. იმედია, რომ მთამაშეთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა სისტემატიურად ექნებათ. ჩვენ გიორბელიძე და აბურჯანია მაინც გამოვიძახეთ. ვაკო გვილია და ნიკა კაჭარავა ნაკრებში უთამაშებლობის გამო არ გამოვიძახეთ."

...ჩაკვეტაძის და წიტაიშვილის სათამაშო დროზე: "ჩაკვეტაძე ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ის მალე 100%-ით მზად იქნება. მას არავინ აქცევს წნეხის ქვეშ, ფეხბურთის თამაშით უნდა ისიამოვნოს. იმედია, წიტაიშვილს ახალ კლუბში მეტი შანსი ექნება."

ოთარ კიტეიშვილი ნაკრების მატჩებს კარგ ფორმაში ხვდება

ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრები)

...ფიზიკურ ფორმაზე: "ყოველთვის ვცდილობ, რომ სანაკებო მატჩების წინ საუკეთესო ფორმაში ვიყო. ვფიქრობ, რომ ახლაც კარგ ფორმაში ვარ და იმედი მაქვს, ამ შეხვედრებში თავს კარგად წარმოვაჩენ."

...უმაყურებლო თამაშზე: "მინდოდა, რომ ხალხს ჩვენთვის ექომაგა, მაგრამ რეგულაციების გამო, ქომაგის გარეშე ვითამაშებთ, მაგრამ ამისთვისაც მზად ვართ."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან თამაშის შემდეგ, 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს დაუპირისპირდება. სექტემბრის სანაკრებო ფანჯარას ვილი სანიოლის გუნდი სოფიაში, ბულგარეთთან (8 სექტემბერს) ტესტ-მატჩით დაასრულებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს (3 მატჩი, 7 ქულა), მეორეზე შვედეთია (2 მატჩი, 6 ქულა), მესამეზე კი - საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა). ჯგუფში ბოლო ადგილს კოსოვო (2 მატჩი, 0 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები