Thumbnail

PREVIEW | საქართველო V კოსოვო - პირველად ბათუმში, პირველი გამარჯვებისთვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

2 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველად თამაშობს ბათუმის ახალ სტადიონზე და პირველად ხვდება იმ ქვეყნის ნაკრებს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო საერთოდ არ აღიარებს. საქართველოს კანონმდებლობით კოსოვო სერბეთის ნაწილია. მაშინ, როცა ევროპის უმეტეს ქვეყნებში სტადიონებზე ფანები დაუშვეს, საქართველოში პირიქით, ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ასე რომ, ბათუმის ახალ სტადიონს დააკლდება მთავარი, მაყურებელი...

ვილი სანიოლის გუნდი კოსოვოსთან მატჩს არცთუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობით ხვდება - სამი მატჩიდან ერთადერთი ქულა აქვს და ხუთგუნდიან B ჯგუფში მხოლოდ სწორედ კოსოვოს ნაკრებს (ნული ქულა 2 თამაშიდან) უსწრებს. შეგახსენებთ, რომ ყატარის მუნდიალზე პირდაპირ ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადის, მე-2 ადგილზე გასული კი საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. 

📋 მეტი ამ თემაზე: 

ცუდი შედეგის მიუხედავად, ფრანგმა სპეციალისტმა მისთვის სადებიუტო მატჩებში ნაკრებს თამამი და სანახაობრივი ფეხბურთი ათამაშა. მარტის მატჩებში ბენეფისი ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, რომელმაც ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს სუპერგოლები გაუტანა და ევროპა აალაპარაკა. სამწუხაროდ, სექტემბრის სანაკრებო ფანჯრისას კვარაცხელიას იმედი არ უნდა გვქონდეს. ოფიციალურად მისი გამოკლების მიზეზი ტრავმაა.

წაიკითხე | სანიოლის ეფექტი - რა დავინახეთ საქართველოს ნაკრების თამაშში

კვარაცხელიას ეროვნულ გუნდში სავარაუდო დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი შეცვლის - მსოფლიოს ჩემპიონი 20-წლამდელთა შორის (უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში). გაზაფხულზე და ზაფხულის ამხანაგურ მატჩებში წიტაიშვილს ეროვნულ გუნდში დებიუტი ტრავმამ არ დააცალა, ახლა კი ის გუნდთან ერთადაა და მატჩისთვის ემზადება. კოსოვოსთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო, გამოტვებს ლევან შენგელია, რომელიც ბელგიურ ლიოვენში შესანიშნავ ფორმაშია. 

კოსოვოს ნაკრებს შვეიცარიელი თავკაცის ბერნარ შალანდი წვრთნის. მან შეძლო და გუნდში თითქმის უძლიერესები მიიწვია - სტუმრებს რეიმსის არბერ ზენელი დააკლდება, მირლინდ კრეიზიუ კი საქართველოსთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო, გამოტოვებს. გუნდის ლიდერები არიან მილოტ რაშიცა (ნორვიჩი) და ვედატ მურიქი (ლაციო). შესანიშნავ ფორმაშია ელბასან რაშანი, კლერმონის შემტევი ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში ლიდერებშია. 

შეგახსენებთ, ფრანგი ვილი სანიოლის ნაკრებმა ყატარი 2022-ის შესარჩევ ციკლში პირველი სამი მატჩი ჩაატარა: დამარცხდა შვედეთში (0:1), შინ ესპანეთთან (1:2) და ფრედ ითამაშა საბერძნეთში (1:1).

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოს ისტორიაში პირველად ხვდება.

📌 საქართველოს ნაკრებს მუნდიალის მატჩებში 20-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბოლო გამარჯვება ბელარუსთან (1:0) 2012 წელს.

📌 ამ შესარჩევ ციკლში სრულად სამივე მატჩი (270 წუთი) ითამაშეს: ლორია, გიორბელიძე, კაშია, დვალი. ყველაზე ცოტა ითამაშეს: მიქაუტაძე, ჯიღაური (6-6 წუთი).

📌 თუ საქართველოს ნაკრებს მუნდიალზე 20-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, კოსოვოს საერთოდ არ მოუგია (1 ფრე, 11 წაგება). 

📌 საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ბოლო 5 მატჩიდან 3-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. კოსოვოს ნაკრების მონაწილეობით ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

📌 საქართველოს ნაკრებისთვის კოსოვოსთან მატჩი 255-ე იქნება. 76 მოგება, 55 ფრე, 123 მარცხი, ბურთები 289:359.

📌 ჯაბა კანკავასთვის კოსოვოსთან მატჩი ეროვნულ ნაკრებში 97-ე იქნება (10 გოლი), გურამ კაშიასთვის - 88-ე (2 გოლი), გიორგი ლორიასთვის - 67-ე. 

📌 ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი გოლი თორნიკე ოქრიაშვილს (12) აქვს გატანილი, მას მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ვაკო ყაზაიშვილი.

 სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი - კანკავა, აბურჯანია - დავითაშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი - მიქაუტაძე

კოსოვო (4-4-2): მურიჩი - ჰადერგიონაი, ვოივოდა, დრესევიჩი, ალიტი - ბიტიქი, ჰალიმი, ბერიშა, რაშანი - მურიქი, სელმანი

კომენტარები

ბოლო ამბები