Thumbnail

ტოჩინოშინი რეიტინგში დაქვეითდა – ბაშოზე ისევ ორ იოკოძუნას ვიხილავთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი დოჰიოზე დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით გავა
  • ნაგოია ბაშოს 12-26 სექტემბერს ტოკიოს ‘რიოგოკუ კოკუგიკანი’ უმასპინძლებს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მოახლოებული აკი ბაშოს წინ განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, სადაც 33 წლის ქართველმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მინიმალური ვარდნა განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი გასულ ნაგოიას ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას რანგში წარსდგა და 7 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო ტურნირზე კი დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს.

საინტერესოა, რომ ქართველი სუმოისტი 7 ბაშოს განმავლობაში ფლობდა ოძეკის ტიტულს, ახლა კი ზედიზედ 4 ბაშოზე დააფიქსირა უარყოფითი ბალანსი. ლევანს კარიერაში 617 გამარჯვება აქვს. ნაგოია ბაშოს ბოლო დღეს მან უმაღლეს დივიზიონში (მაკუუჩი) მე-500 მოგება მიითვალა.

ტერუნოფუჯი რიგით 73-ე დიდი ჩემპიონი გახდა

აღსანიშნავია, რომ მომავალ ბაშოზე დოჰიოზე ისევ 2 იოკოძუნა გავა (4-თვიანი პაუზის შემდეგ) და ლამის უკვე ტრადიციულად, ორივე მონღოლია. ლეგენდარული ჰაკუჰოს ამ რანგში ხილვას უკვე მიჩვეულები ვართ, რიგით 73-ე დიდი ჩემპიონი კი 29 წლის ტერუნოფუჯი გახდა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა. ის მხოლოდ მეშვიდე უცხოელია, ვინც იოკოძუნას რანგს მიაღწია. ამასთან, 7-დან 5 იოკოძუნა მონღოლია.

სათქმელია ისიც, რომ ოძეკის წოდება ოფიციალურად დაკარგა 27 წლის იაპონელმა ასანოიამამ, რომელიც კოვიდ-პროტოკოლის დარღვევისთვის 1-წლიანი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი და ეს, მისი კარიერული ვარდნის მხოლოდ დასაწყისია.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სუპერტურნირი 12-26 სექტემბერს არის დაგეგმილი და მას სუმოს მექად წოდებული ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს. მოახლოებული შეჯიბრის წინ ტრადიციულად მონაწილეთა ახალი მონაცემებიც გამოქვეყნდა და მისი თანახმად, ტოჩინოშინის სიმაღლე 191 სმ-ია, ხოლო წონა – 182 კგ.

კომენტარები

ბოლო ამბები