Thumbnail

ესპანეთის ნაკრებთან ასე ლიხტენშტაინის და სან მარინოს ნაკრები გუნდები თამაშობენ ხოლმე…

ხვიჩა კვარაცხელიას და სხვა წამყვანი ფეხბურთელების არყოფნაც გასაგებია და ისიც, რომ “ფურია როხა” შვედეთთან მარცხის შემდეგ ძალიან მოტივირებული იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშზე (განსაკუთრებით პირველ ტაიმში) სხვა ასოციაცია არ გვაქვს. ეს იყო სრული ფიასკო, რომელმაც აბსოლუტური უიმედობის შეგრძნება დაგვიტოვა.

ვილი სანიოლის შეგირდები ბადახოსის “ესტადიო ნუევო ვივეროზე” მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდ ესპანეთს დაუპირისპირდნენ და 0:4 წააგეს. 

გიორგი აბურჯანიასა და როდრის ორთაბრძოლა

საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ მატჩებში უკვე 9 წელია, რაც არ მოუგია. ბოლოს ქართველებმა ბელარუსი დაამარცხეს (1:0) და ეს 2012 წელს მოხდა. მას მერე ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჯამში 22 მატჩი გამართა...

სანიოლმა კოსოვოსთან მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ერთბაშად 5 ცვლილება განახორციელა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტებმა არ გაამართლა. სასტარტო თერთმეტეულში ადგილები შეინარჩუნეს გიორგი ლორიამ, ირაკლი აზაროვმა, გრიგოლ ჩაბრაძემ, გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამა და გიორგი აბურჯანიამ, დავით ხოჭოლავას, გიორგი წიტაიშვილის, ოთარ კიტეიშვილის, ვალერი ყაზაიშვილისა და გიორგი ქვილითაიას ნაცვლად კი, მინდორზე გურამ გიორბელიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ზარია და ზურიკო დავითაშვილი ვიხილეთ.

ცნობისთვის, ეროვნული ლიგიდან სასტარტო შემადგენლობაში 4 ფეხბურთელი გამოჩნდა და ყველა – დინამო ბათუმიდან: ჩაბრაძე, აზაროვი, ზარია და მამუჩაშვილი. საინტერესოა, რომ ზარიამ და მამუჩაშვილმა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშეს და დებიუტი ჰქონდა ავსტრიული ვოლფსბერგერის ლეგიონერ ლუკა ლოჩოშვილსაც, რომელმაც ერთ-ერთი ცენტრალური მცველის პოზიციაზე დავით ხოჭოლავა შეცვალა.

ზურიკო დავითაშვილი ერიკ გარსიას შეჩერებას ცდილობს

აღსანიშნავია, რომ მარცხენაფლანგელი აზაროვი ამჯერად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გამოჩნდა, დაცვის მარცხენა ფლანგზე კი გიორბელიძე ვიხილეთ. სანიოლმა ორივე ნომინალურ ცენტრფორვარდზე უარი თქვა – ძირითადში არც მიქაუტაძე იყო და არც – ქვილითაია. შედეგად, საქართველოს ნაკრების შეტევების დაგვირგვინება ზარიას დაეკისრა. არადა, თავდაპირველად ძირითად თერთმეტეულში საბა ლობჟანიძე მოიაზრებოდა, თუმცა, გახურებისას ისევ ტრავმა გაუმიზეზდა და საბოლოოდ, განაცხადს მიღმა დარჩა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით დაიწყო და მე-14 წუთზე პირველი გოლიც ვიხილეთ. კუთხურის შემდეგ ბურთი ცუდად იქნა გამოტანილი და საჯარიმოს მისადგომებიდან ხოსე გაიამ დაარტყა. ვალენსიელისთვის ხელის შეშლა გურამ კაშიამ სცადა, თუმცა, რიკოშეტის შემდეგ ბურთმა მიმართულება იცვალა და გიორგი ლორიას კარში აღმოჩნდა.

ტაიმის შუაწელს ესპანეთი უკვე 2:0-ს იგებდა და თავი ამ შემთხვევაშიც ვალენსიას ფეხბურთელმა გამოიჩინა. კარლოს სოლერმა ახლო მანძილიდან ისე დაარტყა, ხელი ვერავინ შეუშალა, მანამდე კი, მარკოს ლორენტეს ფლანგური გარღვევა იყო, რომელსაც ასევე ვერავინ დაეწია (ბოლოს ჯაბა კანკავა მისდევდა). 

გიორგი ზარიამ ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა

მალევე ხოსე გაიამ დუბლი შეასრულა და მართალია, მისი გოლი ოფსაიდის გამო გაუქმდა, ესპანეთმა მე-3 გოლი მაინც გაიტანა. მასპინძლებმა მარცხენა ფლანგზე ჩვეული კომბინაცია კიდევ ერთხელ გაითამაშეს, ლორენტემ ამჯერადაც საჯარიმოში ჩააწოდა და ფერან ტორესმა შეაგდო, თუმცა, ამ ეპიზოდში საუბარი გურამ გიორბელიძის ავტოგოლზეც შეიძლება. ქართველი მცველი ბურთის მოგერიებას ვარდნაში ცდილობდა, თუმცა, ეს ცუდად გამოუვიდა.

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მე-2 ტაიმი საქართველოს ნაკრების სახიფათო შეტევით დაიწყო. თავდაპირველად, დავითაშვილი უტევდა სახიფათოდ, კუთხურის შემდეგ კი, აზაროვმა სოლერი ლამაზი ფინტით ჩამოიცილა, თუმცა, მისი დარტყმული უნაი სიმონმა მოიგერია, რომელიც ამ ეპიზოდში თამაშში საფუძვლიანად პირველად ჩაერთო.

მალევე დავითაშვილმა კიდევ 2-ჯერ შეუტია და თუკი პირველ შემთხვევაში, უხეირო დარტყმა გამოუვიდა, მეორეჯერ ბურთი უნაი სიმონმა მოიგერია. აი, ესპანელების საპასუხო კონტრიერიში კი შედეგიანი გამოდგა. ბურთი პაბლო სარაბიამ წაიღო, შეტევა შეცვლაზე შესულმა პაბლო ფორნალსმა გააგრძელა და ისევ სარაბია მოსძებნა, რომელმაც მოხდენილი დარტყმით ლორია მოძრაობაზე დაიჭირა - 4:0.

გიორგი ჩაკვეტაძემ თამაშის გამწვავება რამდენიმე ეპიზოდში სცადა

იქვე საქართველოს ნაკრებს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა, უნაი სიმონმა გატანა გიორგი მიქაუტაძეს არ დაანება. ბელგიური სერენის ქართველი თავდამსხმელი მოედანზე ახალი შესული იყო, როდესაც მცველებს იოლად გაუსწორდა და კარგადაც დაარტყა. მასპინძელთა მეკარემ ბურთი ძელის გავლით მოიგერია, დამატებაზე თავით ასევე შეცვლაზე შესული ვაკო ყაზაიშვილი ურტყამდა, თუმცა, კარს მცირედით ააცილა.

დარჩენილ დროში შეცვლაზე შესულმა გიორგი ჩაკვეტაძემ თამაშის გამწვავება რამდენჯერმე სცადა, თუმცა, ბევრი არაფერი გამოუვიდა. თავის მხრივ, ესპანელებს დიდად "თავი აღარ მოუკლავთ", თუმცა, ანგარიშს კიდევ გაზრდიდნენ, რომ არა მორიგი გაუქმებული გოლი. უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სარაბიამ დუბლის შესრულება მოახერხა, თუმცა, მანამდე, ოფსაიდი დაფიქსირდა. საბოლოოდ, 4:0 და საქართველოს ნაკრების მორიგი ფიასკო.

საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო B ჯგუფში ერთადერთი ქულით მე-5 ადგილი უკავია და ნათელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ამჯერადაც ვერ მოიპოვებს. ქართველ ფეხბურთელებს ყატარი 2022-ის საკვალიფიკაციო ციკლში 3 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთთან, 12 ოქტომბერს, პრიშტინაში, კოსოვოსთან და 11 ნოემბერს, ისევ ბათუმში, შვედეთთან. ცნობისთვის, დღესვე კოსოვო შინ საბერძნეთს დაუზავდა (1:1). პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე სტუმრები ტასოს დუვიკასმა დააწინაურა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი წონასწორობა ვედატ მურიქიმ აღადგინა. 

ესპანეთი 4:0 საქართველო

გოლები: 1:0 გაია (14), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი (74. სანჩესი) - ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (60. მერინო), ლაპორტი (46. ალბიოლი), გაია (74. მენდეზი) - სოლერი, როდრი, ლორენტე - სარაბია, ფაბიან რუისი, ფერან ტორესი (60. ფორნალსი).

საქართველო (4-5-1): ლორია - ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (75. კაკაბაძე) - დავითაშვილი (69. ჩაკვეტაძე), მამუჩაშვილი, კანკავა, აბურჯანია (69. ალთუნაშვილი), აზაროვი (57. ყაზაიშვილი) - ზარია (57. მიქაუტაძე).

 

კომენტარები

ბოლო ამბები