- საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში სამი საშინელი მატჩი ჩაატარა
- ეროვნული გუნდი ემოციურად ძალიან იოლად ტყდება
- მომდევნო სამ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
1 წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოს ხვდებოდა. ანგარიში 2:1 იყო, როდესაც ბოლო წამებზე, მაკედონელთა მეკარემ სამი მეტრიდან ურთულესი დარტყმული მოიგერია და თავის გუნდს მოაგებინა. ჩვეულებრივ, ამ ტიპის თამაშებს იშვიათად ვუყურებ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი მიზეზი საპატიო იყო. ამ წყვილში გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გასამართ ფინალში საქართველოს ნაკრები ელოდა. მომავალი მეტოქეც ყველას გვაინტერესებდა. თვალში მომხვდა, რომ კოსოვოც და ჩრდილოეთ მაკედონიაც მეტნაკლებად თანაბარი გუნდები იყო - მებრძოლი, ორგანიზებული აუტსაიდერები. თითქოს ერთმანეთს ჰგავდნენ კიდეც.
წინა კვირას კოსოვოსთან რომ საქართველოს ნაკრები თამაშობდა, ძალიან ჰგავდა იმ გუნდს, რომელმაც ერთი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალი წააგო. თითქოს მოსაგები თამაში, მაგრამ ნულოვანი აღმაფრენა, არანაირი ემოცია და ფანტაზია, კვარაცხელიას გარეშე არავითარი იდეა შეტევაში და ისევ 0:1-ზე უშანსოდ წაგებული თამაში.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევში ორი თამაში ჩაატარა და ორი ძალიან უსიამოვნო და საწყენი მარცხი იწვნია - კატასტროფული რომ ითქმის, ისეთი. ამას ბულგარეთთან ტესტ-მატჩში მორიგი სირცხვილიც დაემატა.
ჩვეულებრივ, ჩემი საქმე ანალიტიკური სტატიების წერაა ხოლმე. თუმცა, ამ სამი თამაშის სერიოზულად ანალიზი და სხვადასხვა ტაქტიკურ და სათამაშო დეტალებზე წერა ამჯერად აბსოლუტური უაზრობაა. გულწრფელები თუ ვიქნებით, საქართველოს ფეხბურთი არც უთამაშია. ამიტომ, ზოგად პრობლემებზე თუ ვისაუბრებთ.
გარდამტეხი წერტილი
საქართველოს ნაკრები, ტრადიციულად, ემოციური გუნდია. ეიფორიული განწყობაც იოლად ჩვევია და ხელების ჩამოშვებაც. ქართული ჟანრის კლასიკა კარგად დაწყება, დადებითი (ხშირად ზღვარგადასული) მოლოდინების შექმნა და შემდეგ მოსაგები თამაშის წაგებაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ხოლმე მენტალურად გუნდის მთლიანად გატეხვა. არამხოლოდ ნაკრები, ქართველი გულშემატკივარიც წლიდან წლამდე ამ ეტაპებს გადის.
ასე იყო ჯერ კიდევ თითქმის 20 წლის წინ, როცა იტალიასთან მართლაც კარგ თამაშს, რუმინეთთან სახლში მარცხი მოჰყვა. ის ნაკრებიც გატყდა და შესარჩევიც სრულად ჩავარდა. დიდი მოლოდინებით და ემოციური აღმაფრენით დაიწყო კლაუს ტოპმიოლერმაც, თუმცა უკრაინასთან და შოტლანდიასთან ბოლო წუთებზე წაგებული, არწასაგებები მატჩების შემდეგ იყო ლიეტუვასთან მარცხი. ტოპმიოლერისა და იმ გუნდისადმი რწმენაც მაშინ დასრულდა. თემურ ქეცბაიას გუნდმა შესარჩევი კარგად დაიწყო, თუმცა თბილისში, ლატვიასთან აუცილებლად მოსაგები მატჩი წააგო და ამის შემდეგ ქეცბაიას წასვლა თითქოს მხოლოდ დროის ამბავი იყო.

რისი თქმა მინდა: საქართველოს ნაკრები და მისი გულშემატკივარი ძალიან მტკივნეულად რეაგირებს ე.წ. პატარა გუნდებთან წაგებებზე. შეიძლება რომელიმე იტალიას ან ესპანეთს კარგად ეთამაშო, დადებითი მოლოდინებიც შეიქმნას, თუმცა ნაკრები ლიეტუვასთან ან კოსოვოსთან მარცხს ემოციურად ვერ ხარშავს ხოლმე. მერე უკვე ყველაფერი ჩვეული სცენარით მიდის: უთავმოყვარეო წაგებები, მწვრთნელის ლანძღვა, აქცენტი შემდეგ შესარჩევზე, რომელშიც იქნებ მაინც ‘გაგვიმართლოს’, უნიჭო ხუმრობები ქართულ ფეხბურთზე, დეზორგანიზებული ფეხბურთელები და ნიჰილისტურ-ცინიკური დამოკიდებულება ნაკრების მიმართ. შესარჩევიდან შესარჩევამდე ამ უსიამოვნო წრეზე დავდივართ.
სწორედ ამიტომ, მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევის დაწყებამდე კოსოვოსთან თამაშებს ყველაზე მეტი სიფრთხილით ველოდი. კოსოვოსთან მოგება და ჯგუფში მისი გასწრება ამ ეტაპზე ეროვნული გუნდის აუცილებელი ამოცანაა. ვიცით, რომ კოსოვო არც ლიხტენშტეინია და არც ანდორა, თუმცა თუ რამე გინდა ფეხბურთში, ჯგუფში მას უნდა გაასწრო. კოსოვოსთან წაგებას გამართლება ვერ ექნება - თუნდაც იმ შესარჩევ ციკლში, რომელიც თავიდანვე ვიცოდით, რომ გუნდის მშენებლობისთვის უნდა გამოგვეყენებინა. სწორედ ამიტომ, ეს ძალიან მძიმე მარცხი იყო.

ზემოთ ემოციურ ფაქტორზე ვწერდი. ეროვნულ გუნდს საკადრო პრობლემები ჰქონდა. მარტის სამ შესარჩევ შეხვედრაში სულ სხვა ხარისხის ფეხბურთი ითამაშა, ახლა კი - აბსოლუტურად სხვა გუნდი იყო. საკადრო პრობლემების გარდა, ეს ემოციური ფაქტორითაც უნდა აიხსნას.
მარტში სხვა ფაქტორები იყო: ახალი (თანაც სახელიანი) მწვრთნელი ახალი მოლოდინებით და ემოციებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტრიბუნებზე დაშვებული გულშემატკივარი და თამაშები შვედეთთან და ესპანეთთან, როცა არაფერს კარგავ, შენგან არავინ არაფერს ელის და თავისუფლად თამაშობ. ამ პირობებში სანიოლის გუნდმა დადებით ემოციურ მუხტზე მართლაც პერსპექტიული ფეხბურთი ითამაშა.
სხვა საქმეა კოსოვოსთან თამაში: ცარიელი ტრიბუნები, რთულად მოსაგები, მაგრამ არცთუ სახელიანი მეტოქე, რომელიც დამატებით ჟინს და მოტივაციას არ იწვევს, საკადრო პრობლემები და აუცილებლად ასაღები სამი ქულა. ასეთ თამაშებში ეროვნულ გუნდს კლასი არ ჰყოფნის, მშვიდად რომ გაიმარჯვოს და დამატებითი მოტივაცია თუ აღმაფრენაც არ აქვს.
ესპანეთთან უკვე გამტყდარი გუნდი ვნახეთ - პირველივე წუთიდან ჩანდა, რომ წასაგებად განწირულები იყვნენ. ობიექტურად, ესპანეთი იმ თამაშში საქართველოს ქულებს არავითარ შემთხვევაში არ გაატანდა. ‘ფურია როხას’ ქულები ძალიან სჭირდება და გამორიცხულია, საქართველოსნაირ გუნდთან შინ ვერ მოიგოს. მაგრამ ერთია ბრძოლაში წაგება და მეორე ანდორასავით თამაში. ჩვენ ანდორასავით წავაგეთ. ლუის ენრიკეს გუნდს, ფაქტობრივად, კარგი ვარჯიში ჰქონდა - აუჩქარებლად და აუღელვებლად, დიდი ანგარიშით მოიგო. მეტსაც გაიტანდნენ, უბრალოდ არ სჭირდებოდათ.
ბულგარეთთან რაც მოხდა, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა. დიდი სირცხვილი იყო. ან აღარ ვითამაშოთ ასეთი ამხანაგურები, ან სერიოზულად მივუდგეთ და თუ წაგებაა, საჩოგბურთო ანგარიშებით მაინც ნუ ვაგებთ და ტაიმში სამ გოლს ნუ ვუშვებთ. ასეთ თამაშებს კარგი არაფერი მოაქვს. სხვანაირად, ამ ყველაფერს მაზოხიზმი ჰქვია.
სანიოლის შეცდომები
ფრანგმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ მარტში დაგვარწმუნა, რომ ექსპერიმენტების არ ეშინია. მაშინ იმ ექსპერიმენტებმა გაამართლა. მაგალითად, გურამ გიორბელიძემ კარგად დაკეტა დაცვის მარცხენა ფლანგი, ნაკრებში ახალწვეულებიც გამოჩნდნენ და ფრანგმა სპეციალისტმა ეროვნული ჩემპიონატიდანაც დაიწყო მოთამაშეების მიწვევა. ვლადიმირ ვაისის უძრაობის შემდეგ ეს სწორი ნაბიჯი იყო.
თუმცა, სექტემბრის შესარჩევებისთვის სანიოლს, როგორც გამოჩნდა, ცოტა ზედმეტი მოუვიდა. ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ არ იმუშავა.

კიდევ ერთი საკითხია: რამდენად გამართლებული იყო, ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზე მასიურად ფსონის გაკეთება? ის, რომ სანიოლი, მისი რამდენიმე წინამორბედისგან განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონატს თვალს ადევნებს და მოთამაშეებს შანსს აძლევს, სწორი გზავნილია. თუმცა, ჩვენი ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ, რთული წარმოსადგენია, რომ სანახევროდ საქართველოს ჩემპიონატიდან დაკომპლექტებული გუნდით თუნდაც საშუალო ევროპულ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში რეალისტური ამოცანა იყოს. ჩვენი ჩემპიონატის დონე, მისი ტემპი და სიჩქარეები ერთკვირიანი სანაკრებო ციკლის ეროვნულ გუნდში ინტეგრაციას ძალიან ართულებს. მგონია, რომ ნაკრებში ჩვენი ჩემპიონატის მხოლოდ ძალიან გამორჩეულები უნდა თამაშობდნენ და მათი ეროვნულ გუნდში ინტეგრაციის ხანგრძლივი და ეტაპობრივი პროცესი უნდა იყოს. ძალიან რთულია ნაკრებში დებიუტი და მით უმეტეს, დებიუტი ესპანეთთან.
მოკლედ, სანიოლის ექსპერიმენტებმა ამჯერად არ იმუშავა.
კვარაცხელიას ფაქტორი
ზემოთ ვახსენე, რომ კოსოვოსთან მატჩმა მაკედონიასთან მარცხი გამახსენა. ორივე ამ თამაშს ერთი საერთო ჰქონდათ - გუნდს ხვიჩა კვარაცხელია აკლდა. საერთოდაც, რომ არა ერთი დიდი შეცდომა (მაყურებლის ტრიბუნებზე არდაშვება) და ერთი დიდი არგამართლება (კვარაცხელიას კოვიდი), შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მაკედონიას მოუგებდა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა. თუმცა, ეს ისტორიული შანსი უკვე დაკარგულია. ახალ ნაკრებს ძველი პრობლემაც მოჰყვება. ძალიან ბევრი, მე ვიტყოდი ზედმეტად ბევრიცაა დამოკიდებული ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალურ ოსტატობაზე. "მიეცი ბურთი ‘კვარას’ და ის რამეს მოიფიქრებს" - დაახლოებით ასე თამაშობს ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები.

ამ შესარჩევში ორივე გატანილი გოლი მის ანგარიშზეა. ორივე გოლი პირადად მოიფიქრა.
კვარაცხელია საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა, თუმცა მასზე ამ ხარისხით დამოკიდებულება სახიფათო ტენდენციაა. სანიოლს მოუწევს, გუნდის შემტევი თამაში მეტ-ნაკლებად სისტემური გახადოს.
მეკარის საკითხი
უშუალოდ თამაშზე და შედეგზე გავლენა არ ჰქონია, თუმცა ბევრი რამ დაიწერა მეკარის საკითხზე. ნაკრებს მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენცია აქვს - გიორგი ლორია და გიორგი მამარდაშვილი. გულშემატკივრების პოზიციას რომ ვუსმენ და ვკითხულობ ხოლმე, მოლოდინი დიდი იყო, რომ მამარდაშვილს უნდა ეთამაშა.
ამ შემთხვევაში სანიოლის ლოგიკის უფრო მესმის. თუნდაც ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, მამარდაშვილი უფრო მეტად არის ეროვნული გუნდის მომავალი, ვიდრე ლორია. თუმცა, მეკარის პოზიცია როტაციას და ცვლილებას ყველაზე ფრთხილად ექვემდებარებდა ხოლმე. მამარდაშვილმა ლა ლიგაში ჯერ მხოლოდ რამდენიმე თამაში ჩაატარა.

ნათელია: თუკი ის ვალენსიას კალიბრის გუნდს სტაბილურად შემორჩა, რისი დიდი იმედიც გვაქვს, ნაკრებში ძირითად მეკარეობასაც ჩაიბარებს. თუმცა, ამ ეტაპზე ლორიას შეცვლა ან როტაცია, მის თვითრწმენას და თავდაჯერებას გაანადგურებდა. ამიტომ მესმის ის, რომ სანიოლმა მეკარე ასე მარტივად არ შეცვალა. შედარებისთვის, გერმანიის ნაკრების მაგალითს გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ, თითქოს ტერ შტეგენი ნოიერზე უკეთეს ფორმაში ჩანდა, თუმცა ‘ბუნდესგუნდში’ ნოიერს ბოლომდე ენდნენ.
იმის თქმა მინდა, რომ მეკარის პოზიციაზე ისევ ლორიას ნდობა და მამარდაშვილისთვის შანსის ამხანაგურ შეხვედრაში მიცემა, სამწვრთნელო ლოგიკაში ჯდება. მამარდაშვილის დრო ძალიან მალე მოვა. ამ თამაშებში კი მეკარის ცვლილება ამ გუნდს ვერ უშველიდა. საქართველოს ნაკრებმა ორივე შესარჩევი სრულად ჩააგდო და მეკარეს, ან სხვა რომელიმე ერთ ფეხბურთელს არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მეტიც, ბულგარეთთან მამარდაშვილის თამაშს, რბილად, რომ ვთქვათ, საუკეთესო არ ეთქმის. ძალიან რთულია იყო მეკარე, როცა შენს გუნდს 'ღია კარის დღე' აქვს მოწყობილი...
დასკვნა
რა უნდა ვქნათ? ეს კითხვა უკვე გაჩნდა. სექტემბრის თამაშებმა ცხადყო, რომ მხოლოდ მწვრთნელის ცვლილებით ეროვნული გუნდი განვითარების ახალ ეტაპზე ვერ ავა. სანიოლმა აშკარა შეცდომები დაუშვა, თუმცა ამ ეტაპზე მასზე ჯოხის გადატეხვა ძალიან არასწორია. ქართულ ფეხბურთს გლობალური პრობლემები აქვს და მხოლოდ ნაკრების მწვრთნელი ვერაფერს შეცვლის. არც ის მგონია, რომ ამ ეტაპზე სანიოლზე კვალიფიციური, ან სახელიანი მწვრთნელის მოძებნა რეალისტური ამოცანა იყოს. პირიქით, ამ წაგებებს ამ ფორმაციის გუნდის გატეხვის საშუალება არ უნდა მივცეთ. გუნდსაც და მწვრთნელსაც მხარდაჭერა სჭირდება, თორემ შიგნიდან გატეხილი საქართველოს ნაკრები როგორია, ეგ ბევრჯერ გვინახავს.
საქართველოს ნაკრები იმ კონდიციაშია, რომ ჩვენი რეალისტური პროგრამა და მიზანი კოსოვოს, ლიეტუვის, ლატვიის და ამ ტიპის გუნდების სტაბილურად დამარცხება უნდა იყოს. ანუ, ეტაპობრივი პროგრესი ამას გულისხმობს: პროგრესი ვერ გექნება, თუ ხორვატიას მოუგე და შემდეგ ლატვიასა და მალტასთან დაკარგე ქულები. არც საბერძნეთში მოპოვებულ ქულას აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ კოსოვოსთან შინ წააგებ. გულშემატკივრის ემოციას შოტლანდიასთან და ხორვატიასთან გამარჯვებები და ესპანეთთან ომები უფრო რჩება, მაგრამ პრაგმატული, რაციონალური და აუცილებელი მიზანი ჩვენი კალიბრის გუნდების სტაბილურად დამარცხება უნდა იყოს. ამას რეიტინგში წინსვლა და წილისყრისთვის უკეთეს კალათებში მოხვედრა უნდა მოჰყვეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თუნდაც საშუალო ევროპულ გუნდებთან ჯგუფიდან გამსვლელი ადგილებისთვის კონკურენციაზე ფიქრი. სანამ ამას არ მოვახერხებთ, იქამდე სულ შეკრულ წრეზე ვივლით - დადებითი, ეიფორიული ემოციიდან მწარე მარცხამდე და იმედგაცრუებამდე.
ემოციური ფონისთვის სანიოლის გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი გამარჯვება ამ ციკლში და ქულები კოსოვოსთან და საბერძნეთთან. ბოლო ადგილი მძიმე დარტყმა იქნება. თუნდაც, ერთი მოგება და მეოთხე ადგილი ჯგუფში პრაგმატულად ბევრს არაფერს ცვლის, თუმცა ემოციური აღქმის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კოსოვოს, ესპანეთის და ბულგარეთის სირცხვილს ჩამორეცხვა უნდა. მომდევნო სამი თამაში გადაწყვეტს, რა განწყობით შეხვდება საქართველოს ნაკრები შემდეგ შესარჩევს.
ამ ეტაპზე შესარჩევში, რაც ხდება, ქართული კლასიკაა - ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. მარტის შემდეგ ნაბიჯები, სამწუხაროდ, მხოლოდ უკან გადავდგით.

კომენტარები