Thumbnail
  • ლეილა ფერნანდესი 7:6 (7:3), 4:6, 6:4 არინა საბალენკა
  • ემა რადუკანუ 6:1, 6:4 მარია საკარი
  • 73-ე და 150-ე ჩოგნები ფინალში გავიდნენ
  • რადუკანუს ყველაზე მეტი გეიმი თამაშში მარიამ ბოლქვაძემ მოუგო

ამერიკის ღია პირველობაზე ასეთ ფინალს ვერავინ წარმოიდგენდა!

19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი მსოფლიო რეიტინგში 73-ე ადგილზეა, 18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ კი სულაც მსოფლიოს 150-ე ჩოგანია. ახლა, ეს თინეიჯერი გოგონები US OPEN-ის ფინალში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სენსაციური ფინალი შედგა და ერთ-ერთი მათგანი შაბათს დიდი სლემის ტურნირს მოიგებს.

ეს თინეიჯერთა პირველი ფინალი იქნება 1999 წლის შემდეგ, როდესაც, ასევე ნიუ იორკში, სერენა უილიამსმა მარტინა ჰინგისი დაამარცხა.

სხვათა შორის, ფინალისკენ გზაზე რადუკანუს ყველაზე მეტი გეიმი ერთ თამაშში ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ (167-ე ჩოგანი) მოუგო! 26 აგვისტოს ბოლქვაძე ბრიტანელთან ორ სეტში კი დამარცხდა (3:6, 5:7), მაგრამ 8 გეიმის მოგება მოახერხა. რადუკანუს მას შემდეგ თამაშში 6 გეიმზე მეტი არ წაუგია.

რადუკანუ პირველია ისტორიაში, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში კვალიფიკაციიდან გააღწია. ასეთი რამ კაცების ჩოგბურთშიც კი არ მომხდარა. მან ნახევარფინალში ბერძენი მარია საკარი (მე-18 ჩოგანი) ძალიან ადვილად, ორ სეტში, 6:1, 6:4 დაამარცხა.

18 წლის ემა რადუკანუ აშშ-ის ღია პირველობის ფინალშია

“ვერ ვიჯერებ! ეს შოკია, სიგიჟეა. ფინალში გასვლა და ამ სიტუაციაში ყოფნა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ემოციებს სიტყვებით ვერ გამოვხატავ - დიდი სლემის ფინალში ვარ, ასეთ ასაკში,” - ეს რადუკანუს სიტყვებია, რომლისთვისაც ცოტა ხნის წინ უიმბლდონის ღია პირველობის მატჩებზე დასწრებაც კი ბედნიერება იყო, ივლისში კი დიდ სლემზე პირველად ითამაშა.


რადუკანუმდე, ფინალის საგზური 73-ე ჩოგანმა ლეილა ფერნანდესმა მოიპოვა, რომელმაც რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ბელარუსი არია საბალენკა 7:6 (7:3), 4:6, 6:4 დაამარცხა. მანამდე მას მოქმედი ჩემპიონი ნაომი ოსაკა, გერმანელი ანჟელიკ კერბერი და მეხუთე ჩოგანი ელინა სვიტოლინა ჰყავს დამარცხებული.

მოკლედ, ფინალში ერთმანეთს თინეიჯერი გოგონები შეხვდებიან. საჩოგბურთო სამყარო ახალი თაობის მოთამაშეებიდან ასეთ ასაკში დიდი სლემის ფინალში გასვლა უფრო ამერიკელი კოკო გაუფისგან (17 წლის) ელოდა, რომელსაც 15 წლის იყო, როცა უიმბლდონზე გაიბრწყინა და მერვედფინალში გავიდა (2019).


“როცა პატარა ხარ, თავისუფლად თამაშობ, წნეხის გარეშე. თამაშის დროს არ ვფიქრობ ხოლმე, ვის ვხვდები,” - ამბობს რადუკანუ, რომელიც კანადაში დაიბადა - მამა რუმინელი ჰყავს, დედა კი - ჩინელი. ორი წლის იყო, როცა მშობლებმა დიდ ბრიტანეთში წაიყვანეს. იქ გაიზარდა, ბრიტანელია, მაგრამ კანადური პასპორტიც აქვს. რაც შეეხება სპორტულ დეტალებს: რადუკანუ მემარჯვენეა, კარგად აწვდის, მიღებაზეც კარგად თამაშობს - ძლიერად არ ურტყამს, მაგრამ ზუსტად და ტექნიკურად. ტურნირი ჯერ არ მოუგია. ანუ, შანსი აქვს, ტიტულების შეგროვება პირდაპირ დიდი სლემით დაიწყოს! მისი სპონსორი Nike გახლავთ.

ლეილა ფერნანდესიც კანადაშია დაბადებული - მამა ეკვადორელი ჰყავს, დედა - ფილიპინელი კანადის მოქალაქეობით. მემარცხენეა, აქვს ძალიან ძლიერი დარტყმა. მარტში მონტერეის (მექსიკა) ტურნირი მოიგო. კონტრაქტი Asics-თან აქვს გაფორმებული.

ლეილა ფერნანდესი მემარცხენეა და ძლიერი დარტყმა აქვს

“შეუძლებელი არაფერია! მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ უსაზღვრო პოტენციალი მაქვს. ბევრ ადამიანს ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ კარგი ჩოგბურთელი გამოვიდოდი, ახლა კი აქ ვარ, დიდი სლემის ფინალში,” - ამბობს ფერნანდესი და დასძენს: “სკოლაში მასწავლებელი მეუბნებოდა, ჩოგბურთს თავი დაანებე, ვერაფერს მიაღწევო. დღეს ამაზე უკვე მეცინება. მაშინ არ მეცინებოდა! ახლა მიხარია, რომ ეს მითხრა, რადგან მას მერე ეს ფრაზა ყოველდღე ჩამესმოდა. მინდა, იმ მასწავლებელს დავუმტკიცო, რომ ყველაფრის მიღწევა შემიძლია, რაზეც ვოცნებობდი.”

ფინალის მოგების შემთხვევაში, რადუკანუ რეიტინგში 150-ე ადგილიდან 23-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს, ფერნანდესი კი - 73-დან მე-19 ადგილზე გადავა. რადუკანუ უიმბლდონზე მერვედფინალში იყო და სუნთქვის გაძნელების გამო დანებდა, ნიუ იორკში კი ფინალშია. თუ მოიგო, 2,1 მილიონ ევროს მიიღებს, ფინალში დამარცხებულისთვის კი მილიონია განკუთვნილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები