Thumbnail

ლიეტუველმა კალათბურთელმა, რომელმაც საქართველო გაამწარა, კარიერა დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იონას მაჩიულისმა ევრობასკეტი 2015-ის მერვედფინალში საქართველოს 34 ქულა ჩაუგდო
  • რომ არა ის, ქართველი კალათბურთელები ტურნირზე ისტორიულ შედეგს დააფიქსირებდნენ

სახელოვანმა ლიეტუველმა კალათბურთელმა იონას მაჩიულისმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, ფიბა ევრობასკეტმა კი ის იმ მატჩის ჰაილაითებით გააცილა, რომელიც ქართველ ქომაგს ძალიან მწარედ უნდა ახსოვდეს.

საუბარია ევრობასკეტი 2015-ის მერვედფინალურ მატჩზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლილში შედგა და ლიეტუვამ საქართველოს 85:81 სძლია, მაჩიულისმა კი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
იონასმა მოედანზე 38 წუთი გაატარა და რაც ისროლა, ლამის ყველაფერი ჩააგდო. ლიეტუველმა კალათბურთელმა 9-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 9-ვე საჯარიმო გამოიყენა და 34 ქულა მოაგროვა.

მაჩიულისმა საქართველოსთან ლამის ყველა სროლა გამოიყენა

ამით, მაჩიულისმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაშის ისტორიული შანსი წაართვა, ლიეტუვამ კი იმ ევრობასკეტზე ფინალამდე მისვლა მოახერხა, სადაც ესპანეთთან 63:80 წააგო.

ცნობისთვის, 36 წლის მაჩიულისს ევროპირველობის ვერცხლის მედალი 2013 წელსაც აქვს მოგებული, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მისი ნაკრები მე-3 ადგილზე გავიდა.

იონასმა პროფესიულ დონეზე 19 სეზონი ითამაშა და მადრიდის რეალის მაისურით 2015 წელს ევროლიგა აქვს მოგებული, 2013 და 2015 წლებში კი ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები