Thumbnail

სანაძის შედეგიანი მატჩები სერბეთში - დუდას კლუბი კოვიდ-პანდემიამ შეაფერხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

დუდა სანაძის ბორაცი მოახლოებული სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, თუმცა, გეგმები გუნდში დაფიქსირებულმა კოვიდ-შემთხვევებმა აურია. 

სერბულ კლუბს მორიგი საკონტროლო მატჩები მიმდინარე კვირაში მონტენეგროში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ტესტების შემდეგ გაირკვა, რომ კოვიდი ორ კალათბურთელსა და პერსონალის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა. მოთამაშეთა ვინაობას ჩაჩაკელები არ ამხელენ.

სანამ მზადება დაპაუზდებოდა, ჩაჩაკმა 5 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მონაწილეობა ყველაში მიიღო. დუდას მონაგარი ასეთია: 10 ქულა – ფმპ-სთან (86:89), 18 ქულა დერბისთან (110:93), 3 ქულა – მეტალაცთან (94:89), 11 ქულა – ვრშაცთან (101:78), 16 ქულა – ზდრავლიესთან (100:83). აღნიშნული გუნდებიდან მხოლოდ დერბია მონტენეგროდან, დანარჩენები კი სერბეთს წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ სანაძე ბორაცში გასულ სეზონში ჩაირიცხა და ადრიატიკის ლიგის 8 მატჩში შემდეგი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 21.5 წუთი, 11.3 ქულა, 1.1 მოხსნა, 1.8 პასი. დუდამ საუკეთესო თამაში ბოსნიური იგოკეასთან ჩაატარა, როდესაც 24 ქულა მოაგროვა. ადრიატიკის ლიგის ახალი სეზონი სტარტს 24 სექტემბერს აიღებს, ქართველი კალათბურთელის გუნდი კი პირველ მატჩს 25-ში, სტუმრად, სწორედ ხსენებულ იგოკეასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები