- ერლინ ჰაალანდი ნორვეგიაში 3 კლუბს მუდმივად ეხმარება
- დორტმუნდის ფორვარდი სანაკრებო პრემიებს ქვედალიგელებს უნაწილებს
ეს მართლაც სამაგალითო საქციელია!
როგორც ირკვევა, დორტმუნდის ბორუსიას და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი ნაკრებში აღებულ პრემიებს 3 ღარიბ კლუბს ურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიულმა მედიამ გაავრცელა.
გაირკვა, რომ 21 წლის ჰაალანდი მუდმივად ეხმარება ნორვეგიის მეხუთე ლიგაში მოასპარეზე როსელანდს, რომელიც მამამისის, ალფ-ინგე ჰაალანდის ბოლო კლუბია. დორტმუნდის გოლეადორი ფინანსურად ასევე ეხმარება მეორელიგელ ბრინს, სადაც თვითონ ერლინგმა კარიერა დაიწყო და ფულს ასევე ხშირად ურიცხავს მეორელიგელ გრორუდს, რომელიც ნორვეგიაში ტალანტების აღმზრდელ კლუბადაა მიჩნეული. კონკრეტული თანხები არ დასახელებულა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მაგალითად, ნორვეგიის ნაკრებში აღებულ პრემიებს ჰაალანდი პირდაპირ ამ სამ კლუბს უნაწილებს.
სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე ერლინგ ჰაალანდმა ნორვეგიის ნაკრებში ჯამში 5 გოლი გაიტანა - თითოჯერ ნიდერლანდებისა და ლატვიის კარი აიღო, გიბრალტართან კი ჰეთთრიკი შეასრულა. მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევში ნორვეგია 6 ტურის შემდეგ G ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს და მესამე პოზიციაზე მყოფ თურქეთს 2 ქულით უსწრებს. ჰაალანდისა და კომპანიისთვის მომდევნო მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - 8 ოქტომბერს ნორვეგია თურქეთს უნდა ესტუმროს.

ერლინგ ჰაალანდის ხელფასი დორტმუნდის ბორუსიაში წელიწადში დაახლოებით 8-10 მილიონი ევროა (ბრუტო). უკვე ცხადია, რომ ძალიან მალე მისი შემოსავალი მინიმუმ გაორმაგდება - სავარაუდოდ, რომელიმე ტოპ-გრანდში გადავა.
კომენტარები