Thumbnail

10 გოლი ცენტრალურ მატჩში! დინამო ბათუმმა ლოკომოტივი გაანადგურა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლოკომოტივი ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც დინამო ბათუმს ამ სეზონში დამარცხებული არ ჰყავდა. 24-ე ტურში ეს შეიცვალა და თანაც, როგორ!

პირველი ტაიმი ბათუმელებმა 1:0 მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში 2 ბურთი მიიღეს და აგებდნენ, მერე კი გოლების წვიმა დაიწყო და საბოლოოდ 7:3...

მატჩი ლოკომოტივის ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და უფრო მწვავედაც უტევდა, თუმცა სტუმრებმა ეს ვერ გამოიყენეს და ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს. გია გეგუჩაძის გუნდის პრაქტიკულად პირველივე ნორმალური იერიში გოლით დასრულდა. ჯაბა ჯიღაურმა ირაკლი აზაროვის კარგი პასის შემდეგ მცველი მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტად დარტყმა მოახერხა, რითაც სეზონში მე-7 გოლი გაიტანა. ლოკოს პირველი ტაიმის ბოლოს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ თეიმურაზ შონიას დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა და ტაიმი ბათუმელებმა 1:0 მოიგეს.

გეგუჩაძის გუნდმა პირველი ტაიმი ჯიღაურის გოლით მოიგო

მე-2 ნახევარი საქართველოს ჩემპიონატის ლიდერისთვის ცუდად დაიწყო - გეგუჩაძის გუნდმა 4-წუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა. 51-ე წუთზე ბექა დარცმელიამ მახვილი კუთხიდან ჯარიმა დაარტყა, რომელსაც არავინ შეხებია ბადეში ისე აღმოჩნდა, ხოლო სულ მალე საჯარიმოში თორნიკე კირკიტაძემ ფანტასტიკურად ითამაშა. მან ოლეკსანდრ აზაცკი ეფექტურად მოატყუა და ლაზარე კუპატაძესთან პირისპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია. სულ მალე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა კიდევ გაიტანა, თუმცა ადამა ვადის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ გია გეგუჩაძემ ცვლილებები განახორციელა. მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი შეტევაში გადასწია, ხოლო დაცვაში ადგილი გიორგი ნავალოვსკიმ დაიკავა. სწორედ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა აღადგინა წონასწორობა 65-ე წუთზე, როდესაც ძალიან მახვილი კუთხიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა. ეს ნავალოვსკის პირველი გოლია დინამო ბათუმის ფორმით.

ნავალოვსკიმ დინამო ბათუმში თავისი პირველი გოლი გაიტანა

თუ მანამდე ბათუმელებმა 4-წუთიან ინტერვალში 2 გოლი გაუშვეს, ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა და 6 წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ 3 გოლი გაეტანათ! 69-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილის კუთხურის შემდეგ ჯიღაურმა თავით გაიტანა, დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო ორ წუთში გაფრინდაშვილმა კიდევ ერთი ასისტი მიითვალა - ამჯერზე გიორგი ფანცულაიამ გაიტანა, რომელიც ასევე ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში. 79-ე წუთზე გაფრინდაშვილმა გოლი თვითონაც გაიტანა, შორი მანძილიდან დაარტყა და ლამაზი გოლი გამოუვიდა. გავიხსენოთ, რომ თორნიკეც შეცვლაზე შევიდა და ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ გეგუჩაძეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოლოდინი გაუმართლეს და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. 84-ე წუთზე დუბლი გიორგი ფანცულაიამ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 6:2.

მამუჩაშვილი ჯიღაურს დუბლს ულოცავს

გუნდები არც ამაზე გაჩერებულან. დარჩენილ დროში თავი ირაკლი აზაროვმაც გამოიჩინა და 7:2, ხოლო საბოლოო ანგარიში მამია გავაშელიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც აზაცკის ბურთი წაართვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა. საბოლოოდ, 7:3, რაც ისტორიული შედეგია. თანაც, 10-დან 9 გოლი მე-2 ტაიმში გავიდა!

დინამო ბათუმმა 50 ქულა დააგროვა და ლიდერის პოზიციაზეა, ლოკომოტივი კი 36 ქულით მე-5 საფეხურზეა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, თელავს სტუმრად შეხვდება, ხოლო ლოკო იმავე დღეს წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებს.

დინამო ბათუმი 7:3 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ჯიღაური (21), 1:1 დარცმელია (51), 1:2 კირკიტაძე (55), 2:2 ნავალოვსკი (65), 3:2 ჯიღაური (69), 4:2 ფანცულაია (71), 5:2 გაფრინდაშვილი (79), 6:2 ფანცულაია (84), 7:2 აზაროვი (87), 7:3 გავაშელიშვილი (89)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე (19. გაფრინდაშვილი), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, მანჯგალაძე (57. ნავალოვსკი) - მამუჩაშვილი, ზარია (57. ფანცულაია), ჯიღაური (77. გროცურეკი) - ჯოვინო (77. ნიქაბაძე)

ლოკომოტივი (4-3-3): სპენკელინკი - გაბაძე (82. მჭედლიშვილი), ვადი, ანდრონიკაშვილი, უბილავა - სამურკასოვი, შონია (74. კახაბრიშვილი), დარცმელია - კირკიტაძე (82. ჭიაბრიშვილი), სიხარულიძე (74. გავაშელიშვილი), იმრანი

კომენტარები

ბოლო ამბები