Thumbnail

"პირლოს იუვენტუსი ვერ გაიგებდი, რა იყო. რაღაც იუვენტუსს არ ჰგავდა თითქოს" - ასე მითხრა საუბრისას გუშინ, თამაშის წინ ერთმა კარგმა ბიჭმა და იუვეს დიდმა გულშემატკივარმა. ახლა მე გეტყვით, ეს ემოცია ციფრებში როგორ "ითარგმნება".

ძალიან მარტივად - მთელი გასული სეზონის განმავლობაში იუვეს არცერთხელ არ უთამაშია ყველაზე იუვენტინური ანგარიშით 1:0. ზოგადად, იუვე ზედიზედ 20 თამაშია ჩემპიონატში გოლს უშვებს და თავისებურ ანტირეკორდზეა.

ბოლოს ასეთი მაჩვენებელი ტურინელებს 50-იან წლებში ჰქონდათ, ანუ დაახლოებით მაშინ, როცა პელეს და გარინჩას ბრაზილიამ მუნდიალის ნახევარფინალი და ფინალი ერთნაირი ანგარიშით, 5:2 მოიგო. სხვა ფეხბურთი იყო - 3-2-5 სისტემით, ე.წ. double W-თი (რომელიც სწორედ ბრაზილიამ შეცვალა ახალი, იმ დროისთვის რევოლუციური 4-2-4-ით) ლაღი თამაშით და ბევრი გოლებით, რაც ნულზე თამაშს ძალიან ართულებდა.

როცა ყველა თამაშში გოლს უშვებ და ერთი წელია 1:0 არ მოგიგია, აი, ეს არის, იუვენტუსი რომ იუვენტუსს არ გავს.

...და ეს მხოლოდ პირლოს ბრალი არ ყოფილა. არც იმის წინა, მაურიციო სარის გუნდი ჰგავდა ტრადიციულ იუვენტუსს. ზოგადად, იუვეს პრობლემებს ღრმა ფესვები და მრავალმხრივი, კომპლექსური მიზეზები აქვს და არასწორი იქნება, ეს მხოლოდ პირლოს გამოუცდელობას და სარის ტურინულ კლუბთან შეუთავსებლობას დავაბრალოთ.

ეს ნათლად აჩვენებდა, რომ ტურინულ კლუბში რაღაც წესრიგში სიღრმისეულად ვერ არის. არადა, იუვეს ზუსტადაც რომ დაცვაში არ უნდა უჭირდეს. ამ გუნდის იდენტობას და ტრადიციას თავი დავანებოთ, უკან ბონუჩი-კიელინის დუეტი ჰყავს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, რა ძალაა და მათთან ერთად დე ლიხტიც. უბრალოდ, დაცვა სისტემური ამბავია. ინდივიდუალურად თავს ვერ დაიცავ, მარტომ შეიძლება შეუტიო, ისე, როგორც ფედერიკო კიეზა აკეთებს, მაგრამ დაცვაში სისტემა, მთელი გუნდი მუშაობს. ეს 20-თამაშიანი სერიაც იმას აჩვენებს, რომ პრობლემა უფრო მეტად სისტემურია, ვიდრე კონკრეტულ ადამიანებს უკავშირდება.

ამხელა შესავალი, რატომ დამჭირდა? იმიტომ, რომ მეთქვა - ჩელსისთან გუშინდელი 1:0 იუვესთვის დიდი ამბავია. ამ შედეგის მნიშვნელობა მხოლოდ 3 ქულით არ შემოიფარგლება. იუვენტუსი გუშინ თავის თავს ჰგავდა, უფრო სწორად მასიმილიანო ალეგრის გუნდს - ტაქტიკურად ძალიან განსწავლული, დაცვითი, დისციპლინირებული, ორგანიზებული და პრაგმატული.

იუვენტუსმა ჩელსი ფედერიკო კიეზას გოლით დაამარცხა

ჩელსის მწვრთნელი თომას ტუხელი ტაქტიკური ორთაბრძოლების გურუა - ჰკითხეთ ეს გვარდიოლას, ჩოლო სიმეონეს ან ზინედინ ზიდანს და დაგიდასტურებენ, თუმცა გუშინ ალეგრიმ მასტერკლასი ჩაატარა და მწვრთნელების ორთაბრძოლაც პირწმინდად მოიგო.

რა უნდა ქნა, როცა შენი გუნდი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, ორგანიზებულ პრესინგს ვერ თამაშობს და მეტოქედ პრესინგიდან ამოსვლის და კონტრშეტევების დიდოსტატი ჰყავს?! სიღრმეში ჩაწეული დაცვა უნდა დააყენო და სივრცეები საერთოდ არ დატოვო.

რა უნდა ქნა, როცა ნომინალური ფორვარდი არ გყავს?! მეტოქეს იქეთ უნდა მისცე შეტევის საშუალება, მის დაცვაში ‘ყალბი ცხრიანით’ სივრცეები შექმნა და სწრაფი შემტევებით ამ სივრცეებს შეუტიო. რა უნდა ქნა, როცა ნახევარდაცვაში ხეირიანი შემქნელი არ დგას და ბენტანკური გყავს, რომელიც ბურთს ყოვლად უწყინარ სიტუაციებშიც კარგავს?! შენმა გუნდმა უბურთოდ ბევრი უნდა ითამაშოს და უბურთო თამაში, სირბილი, ბრძოლა და ართმევა ბენტანკურს, როგორც ჭეშმარიტ ურუგვაელს, უყვარს და ეხერხება.

ლუკაკუს ბონუჩის და კიელინის წინააღმდეგ თამაშიდან არასოდეს გაუტანია

თამაშის მერე სათქმელად ეს ყველაფერი მარტივი და ბანალურია, თუმცა მოედანზე ამის გადატანა - ძალიან რთული, მით უმეტეს, პრობლემურ და არეულ გუნდში. ალეგრიმ ეს ძალიან კარგად მოახერხა. იუვე თავს ძალიან მაგრად იცავდა: ჩელსის ბურთი 66 პროცენტი ჰქონდა, იუვეს - მხოლოდ 34, თამაშის 46 პროცენტი იუვეს მესამედზე წარიმართა, ჩელსის მესამედზე მხოლოდ - 12. ამის მიუხედავად, ლონდონელებმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და სახიფათო მომენტიც მე-80 წუთამდე საერთოდ ვერ შექმნეს.

იუვენტუსი შეტევაში ფენომენალური კიეზას ინდივიდუალური ოსტატობის იმედად იყო. კიეზამ გაიტანა და იუვეს სხვა მომენტებიც ჰქონდა. ზოგადად, თამაში ალეგრის სცენარით და გეგმით წავიდა. გავბედავ და ვიტყვი: უპირატესობა იუვეს ჰქონდა იმ გაგებით, რომ თანამედროვე ფეხბურთში უპირატესობა ბურთის და ტერიტორიის ფლობას არ ნიშნავს, ეს უფრო ის არის, რომ მეტოქეს აიძულო, შენი გეგმით მისთვის არაკომფორტული თამაში ითამაშოს. ვოიცეხ შჩესნიმ თამაშის მერე ისიც კი თქვა, რომ იუვეს მოსწონდა და ერთობოდა დაცვაში უბურთოდ თამაშით. გუშინ იუვესთვის დაცვაში მთელი გუნდით უბურთოდ დგომა უფრო კომფორტული იყო, ვიდრე ჩელსისთვის მთელი გუნდით შეტევა.

გუშინ თამაშის სცენარს და გეგმას იუვე აკონტროლებდა. უბურთოდ თამაშიც ამ გეგმის ნაწილი იყო. ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ ტურინელთა შეტევების 81 პროცენტი (ასტრონომიულად ბევრი) ფლანგებიდან წარიმართა. აბა, ცენტრიდან ზემოთ ხსენებული ბენტანკურის, რაბიოს (რომელიც გუშინ ძალიან კარგი იყო) და მაკკენის გონებამახვილური პასების იმედი არ შეიძლება გქონდეს. სამაგიეროდ, იუვე აკონტროლებდა დროს და ტემპს, უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს, ვიდრე ბურთის ფლობაა. ტურინელებმა მეტოქე მათთვის სასურველ რიტმში ათამაშეს და ტემპის მატების ხარჯზე ზეწოლის საშუალება არ მისცეს.

იუვეს გუშინდელი ხასიათი ერთ ფოტოში

ვიცი, რომ გუშინდელი თამაში საყურებლად ბევრს არ მოეწონა, ტაქტიკური თამაში იყო ფეხბურთის გურმანებისთვის და არა სანახაობა. ისიც ვიცი, რომ ზოგადად, 1:0-იან თამაშებზეც არ გიჟდება გულშემატკივარი. ამ ანგარიშის ესთეტიკა შოუს და სანახაობას გამორიცხავს. ეს მკაცრი გეგმის, დისციპლინის და კონტროლის ანგარიშია. თუმცა, იუვეს სტილი და იდენტობა ისტორიულად ეს არის და, ზოგადად, იუვენტუსიც უფრო ნიშური კლუბია, ვიდრე პოპულარული ორგანიზაცია, რომელიც მთელს მსოფლიოში უყვართ. იუვე სანახაობას არ ყიდის.

ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ დავუთმეთ ამ თამაშის განხილვას ამდენი ყურადღება. ნათელია, ეს ერთი გამარჯვება არსებითად სურათს ტურინელებისთვის ვერ შეცვლის. პრობლემები რჩება. თუმცა, გუშინ იუვენტუსი თავის თავს ჰგავდა, ბოლო ძალიან ხანგრძლივ პერიოდში პირველად. რაც მთავარია, ამ სეზონში პირველად, გუნდს ალეგრის ხელი და სტილიც ეტყობოდა. მაქსი ტურინში ამისთვის დაბრუნდა. მის გუნდს წლების მანძილზე ჩემპიონთა ლიგაში ტაქტიკურად თამაში არ წაუგია (თუ არ ჩავთვლით რეალთან ფინალს) - ასეთი თამაშები, ტაქტიკური ორთაბრძოლები და 1:0 ალეგრის სტილია.

ტაქტიკა იქით იყოს, ემოციურადაც ეს გუნდი იუვენტუსს ჰგავდა - ურთიერთდახმარების, ერთად ტანჯვის, თმენის და ბრძოლის კოლექტიურ სულს ასხივებდა. "ჩვენი ხასიათით მოვიგეთ" - სწორედ ამიტომ აღნიშნა მატჩის გმირმა ფედერიკო კიეზამ. არადა, დიდი ხანია იუვე თითქოს უგულოდ და უსულოდ თამაშობს. ზუსტად გუშინ, ბონუჩიმ თქვა ‘ატლეტიკთან’ ინტერვიუში საინტერესო რაღაც - რონალდოს მოსვლის შემდეგ გუნდმა დაიჯერა, რომ შედეგს მხოლოდ კრიშტიანოც ყოფნიდა და მონდომებას, თავდადებას და ბრძოლას მოუკლოო.

ჩელსისთან ბრძოლის და თავდადების დეფიციტი ნამდვილად არ იყო. თუკი ამ სეზონში იუვეს აღმასვლა უწერია, დარწმუნებული ვარ, ჩელსისთან თამაში ამის ფუნდამენტი უნდა იყოს. ყველაფერი იმით იწყება, როცა შენს თავს და სტილს პოულობ. იუვეც თავის თავს პოულობს.

კომენტარები

ბოლო ამბები