- ბევრი ელოდა, რომ ლაპორტა კუმანს ატლეტიკოსთან მატჩს შემდეგ გაუშვებდა
- ბარსელონას პრეზიდენტი ნიდერლანდელ სპეციალისტს ნდობას უცხადებს
- PREVIEW | კუმანის ბოლო მატჩი? ატლეტიკო V ბარსელონა ბევრი პრობლემით
ბარსელონამ მიმდინარე სეზონი ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან ცუდად დაიწყო. ბენფიკასთან 0:3 წაგებული შეხვედრის შემდეგ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ჟოან ლაპორტა რონალდ კუმანს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებდა.
მედიაში, ბარსელონას მთავარი მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატიც გაჩნდა, მათ შორის ყველაზე აქტიურად კლუბის ყოფილი ლეგენდის ჩავის, ანდრეა პირლოსა და რობერტო მარტინესის ვარიანტები განიხილებოდა.

ესპანური პრესა ვარაუდობდა, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს ლაპორტა დღეს, მადრიდის ატლეტიკოსთან შეხვედრის შემდეგ გაუშვებდა, თუმცა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კლუბის პრეზიდენტმა ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
"კუმანი ბარსელონას მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს. მას აქვს ნდობა და არ აქვს მნიშვნელობა დღევანდელ შედეგს. მას ვესაუბრე და დასკვნები გამოვიტანე. ვაფასებ იმას, რომ იგი ბარსელონას ასეთ რთულ დროს ხელმძღვანელობს. როდესაც ფეხბურთელები ტრავმებს მოიშუშებენ და დაბრუნდებიან, ჩვენ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდებით. კუმანს ჰქონდა იმედგაცრუების მომენტები, თუმცა მან ჩვენი სული აღადგინა და ახლა, როდესაც ჩვენი დაშავებული ფეხბურთელები ბრუნდებიან, ის იმსახურებს დროს და ჩვენს ნდობას. ითქვა, რომ მასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ეს სიმართლე არ არის. ჩვენ კარგი და გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს. ის კარგი ადამიანია და მჯერა, რომ იგიც იმავეს ფიქრობს ჩემზე. ყველანი ვცდილობთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს", - განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის ატლეტიკო ბარსელონას "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დღეს უმასპინძლებს. ტურის გამორჩეული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები