- ყაზანის რუბინმა რუსეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო
- კვარაცხელიამ ნიჟნი ნოვგოროდთან პენალტი მოიპოვა, მაგრამ ვერ გაიტანა
- 'მასზე აჟიოტაჟი მოქმედებს' - რუბინის მწვრთნელი კვარაცხელიას კრიზისზე
- 'ჩამოუშვა ცხვირი და საერთოდ აღარ თამაშობდა' - ხვიჩა თანაგუნდელმა გააკრიტიკა
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, ყაზანის რუბინის წარუმატებელი სერია გრძელდება. ამჯერად რუბინი შინ ნიჟნი ნოვგოროდთან დამარცხდა (0:1), 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოქტომბრის მატჩებისთვის არის გამოძახებული, 11-მეტრიანიდან ვერ გაიტანა…
მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, თუმცა მისი მოედანზე შემოყვანა 28-ე წუთზე, ერთ-ერთი ფეხბურთელის ტრავმის გამო მაინც მოუხდა.
ხვიჩა თამაშში აქტიურად ჩაერთო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ჩვეულ სტილში, მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და პენალტი მოიპოვა, თუმცა 11-მეტრიანი ნიშნულიდან მისი დარტყმის მიმართულება ნიჟნი ნოვგოროდის მეკარემ გამოიცნო და ბურთი მოიგერია.
კვარაცხელიას გამოუყენებული შანსი რუბინს წაგებად დაუჯდა. მოგვიანებით სტუმრებმა თავად მოახერხეს პენალტის გატანა და ყაზანიდან 3 ქულის წაღება.
ყაზანის რუბინმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო და ჯერჯერობით 14 ქულით მე-8 ადგილზეა, თუმცა მეტოქეებს მისი გადასწრების შანსი აქვთ. ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში ითამაშა, მის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია.
კომენტარები