- ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
- რუსი სპეციალისტის თქმით, პენალტი ქართველს არ უნდა დაერტყა
- ხვიჩას უიღბლო დღე - გაცუდებული პენალტი და მორიგი წაგება
რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში ყაზანის რუბინმა ნიჟნი ნოვგოროდთან წააგო (0:1) და ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო, ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო გატანა, მაგრამ 11 მეტრიდან მეკარეს ვერ აჯობა.
მატჩის შემდეგ რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ თერთმეტმეტრიანი ანდრეს დრეიერს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ხვიჩამ გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. რუსი სპეციალისტის აზრით, ქართველ ფეხბურთელზე გავლენას მის ტრანსფერთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟიც ახდენს.
"დიახ, ასეა, სათადარიგო სკამიდან დრეიერს დავუძახეთ, რომ პენალტი დაერტყა, მაგრამ ხვიჩამ დარტყმა თვითონ გადაწყვიტა. გუშინ დრეიერს ვუთხარი, რომ პენალტი თუ დაინიშნებოდა, ის დაარტყამდა და დარწმუნებული ვიყავი ამ პასუხისმგებლობას აიღებდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. კვარაცხელიას ცუდი თამაშის მიზეზი? არ ვიცი. ეს მისი მეორე სეზონია, მისთვის გაცილებით რთულია და ის აჟიოტაჟიც, რომელიც მის გარშემო არსებობს, ასევე ახდენს გავლენას. მეორე სეზონი ყოველთვის ყველაზე რთული გამოწვევაა. თუმცა, ამ ყველაფერს ყველანი ერთად გავდივართ, არა მხოლოდ კვარაცხელია", - თქვა სლუცკიმ.

ხვიჩა კვარაცხელია ნიჟნი ნოვგოროდთან ძირითად შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 28-ე წუთზე ჩაერთო, პენალტი კი მეორე ტაიმის დასაწყისში გააცუდა.
ყაზანის რუბინმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო და ჯერჯერობით 14 ქულით მე-8 ადგილზეა, თუმცა მეტოქეებს მისი გადასწრების შანსი აქვთ. ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში ითამაშა, მის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია.
კომენტარები