Thumbnail

'ჩამოუშვა ცხვირი და საერთოდ აღარ თამაშობდა' - ხვიჩა თანაგუნდელმა გააკრიტიკა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა რუსეთის ჩემპიონატში შინ ნიჟნი ნოვგოროდთან წააგო. შეხვედრა განსაკუთრებით უიღბლო 20 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის გამოდგა - ხვიჩამ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტიდან მეკარეს ვერ აჯობა, მოგვიანებით კი სტუმრებმა გაიტანეს და გაიმარჯვეს - 1:0.

მატჩის შემდეგ ხვიჩა მისმა თანაგუნდელმა, მეკარე იური დიუპინმა გააკრიტიკა. რუსეთის ნაკრების 33 წლის გოლკიპერის თქმით, გაცუდებული 11-მეტრიანის შემდეგ კვარაცხელიამ ცხვირი ჩამოუშვა და თამაშს თავი დაანება. 

რუბინის მეკარემ წაგებაში კვარაცხელია დაადანაშაულა 

"ნიჟნი ნოვგოროდის თამაში გარჩეული გქონდა, მეტოქეს მომენტები მაშინ ექმნებოდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში სამი კაცი ჰყავდა. ბუნებრივია, მათ წინააღმდეგ ოთხი მოთამაშე იყო საჭირო, რათა უპირატესობა გვქონოდა. მაგრამ გამწვავების დროს, ფლანგიდან საჯარიმოში ჩამოწოდებისას, ჩვენი 1-2 მოთამაშე რჩებოდა.

მაგალითად, ხვიჩა დღეს ძალიან ხშირად სიღრმეში იჭედებოდა. მან იცის, რომ შორეული ძელი უნდა დაკეტოს. ვეძახდი, ვეძახდი, მაგრამ იმ პენალტის შემდეგ ჩამოუშვა ცხვირი და საერთოდ აღარ თამაშობდა. 

ვფიქრობ, მასთან ფსიქოლოგიურად დალაპარაკებაა საჭირო. ეს ფეხბურთია. დავუშვათ, ვერ გაიტანე პენალტი, წინ გაქვს კიდევ 30 წუთი, გააკეთე ყველაფერი, რომ გამოასწორო შეცდომა. მან კი თამაში შეწყვიტა. მიზეზი ბევრია, მაგრამ მე რაც დავასახელე, ის არის ძირითადი", - თქვა დიუპინმა თამაშის შემდეგ.

ყაზანის რუბინმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო და ჯერჯერობით 14 ქულით მე-8 ადგილზეა, თუმცა მეტოქეებს მისი გადასწრების შანსი აქვთ. ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში ითამაშა, მის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები