Thumbnail
  • ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალია ესპანეთს შეხვდება
  • “სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა მეტოქეზე და თავის გუნდზე ილაპარაკა

ოთხშაბათს, 6 ოქტომბერს, ერთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Uefa.com-თან სწორედ ამ შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გუნდს ევრო 2020-ზე გამარჯვება ყველაზე მეტად სწორედ “ფურია როხასთან” გაუჭირდა.

“გულახდილად მინდა ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე რთული მატჩი ჩვენ ესპანეთთან გვქონდა. ესპანელებს ძალიან მაგარი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ოთხშაბათის თამაში აუცილებლად ძალიან საინტერესო იქნება. კომბინაციურ ფეხბურთში ესპანელებს ვერავინ შეედრება. ამ ასპექტში მათ დონემდე მისაღწევად დრო არ გვქონია, - განაცხადა მანჩინიმ, - როცა ნაკრები თამაშობს, სან სირო ყოველთვის სავსეა ხოლმე. ევროპის ჩემპიონობის შემდეგ ერთა ლიგის მოგება ძალიან კარგი იქნებოდა. ასევე შესანიშნავი იქნება, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურსაც ნაადრევად გავინაღდებთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.”

მანჩინიმ იტალიური ფეხბურთის მთავარ ამომავალ ვარსკვლავებზეც ისაუბრა: “ჯანლუიჯი დონარუმა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მაღალ დონეზე თამაში ადრე დაიწყო. მას შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს და წლიდან წლამდე უმატებს, რათა მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ მიიჩნიონ. ცხადია, ძალიან გაგვიმართლა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი მეკარე გვყავდა. ასევე ვფიქრობ, რომ ფედერიკო კიეზასაც შეუძლია მომატება. ის თავის თამაშს ბევრ ასპექტში აუმჯობესებს. ფიზიკური და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულია, თუმცა სტაბილურობისთვის ფსიქოლოგიურ ასპექტშიც უნდა გაუმჯობესდეს.”

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდების ნახევარფინალური შეხვედრა ოთხშაბათს, “სან სიროზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბელგიისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდები შეხვდებიან - ეს მატჩი 7 ოქტომბერს, ტურინში, ასევე 22:45-ზეა დაგეგმილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები