Thumbnail
  • რაჰიმ სტერლინგმა Sky Sports-თან ინგლისის ნაკრების შესახებ ისაუბრა
  • ინგლისელი ევროზე მოპოვებული ვერცხლის მედლებით კმაყოფილი არ არის
  • 26 წლის შემტევი ყველაზე ხშირად მაქსიმალური სიჩქარის მონაცემს ამოწმებს 

რაჰიმ სტერლინგმა Sky Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. წარმოშობით იამაიკელი ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში დებიუტზე, გასულ ზაფხულს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატსა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.

სტერლინგი მხოლოდ 26 წლისაა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში უკვე თითქმის 9 წელია თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან "სამი ლომის" შემადგენლობაში 70 შეხვედრა ჩაატარა. რაჰიმს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2012 წლის 14 ნოემბერს, 17 წლის ასაკში, შვედეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, სადაც ინგლისელები ანგარიშით 2:4 დამარცხდნენ.

"ეს იყო კარგი და ეს იყო ცუდი. ჩვენ წავაგეთ და ეს იყო მატჩი, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ის ცნობილი გოლი გაიტანა. როდესაც ამბობთ 9 წელიწადს, არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო", - თქვა სტერლინგმა.

შვედეთთან გამართული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, შემტევი ფეხბურთელი ნაკრებში მეორე მატჩის ჩატარებას დიდხანს ელოდა. 16-თვიანი პაუზის შემდეგ სტერლინგი 2014 წლის 5 მარტს "სამი ლომის" განაცხადში დაბრუნდა და დანიასთან შეხვედრაში, რომელშიც ინგლისელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს, საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მას შემდეგ ის ეროვნულ გუნდში რეგულარულად ასპარეზობს.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში რაჰიმ სტერლინგმა 41 გოლში მიიღო მონაწილეობა (18 გოლი, 23 საგოლე გადაცემა). 18 გოლიდან 16 მან შეხვედრის მეორე ნახევარში გაიტანა. ინგლისელი მიიჩნევს, რომ 2018 წლის ოქტომბერში, სევილიაში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება (ინგლისმა ის შეხვედრა 3:2 მოიგო) მისთვის სანაკრებო კარიერაში გადამწყვეტი იყო.

"ესპანეთთან შესრულებული დუბლი ეს იყო გარდამტეხი, ფართო საზოგადოებასა და იმ ფეხბურთთან, რომელსაც ნაკრებში ვთამაშობდი. როდესაც ინგლისის ნაკრებში პირველად მოვხვდი, აღფრთოვანებული ვიყავი. რთული მომენტებიც იყო, ისე როგორც ეს სხვა პროფესიებშია, მაგრამ საქმე ისაა, თუ როგორ გადალახავ მათ. როდესაც ნაკრებში სათამაშოდ მივდიოდი, ყოველთვის ვამბობდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, უნდა ვცადო და ყველაფერი კარგად გავაკეთო", - დაამატა ინგლისელმა.

გასულ ზაფხულს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისმა 1966 წლის შემდეგ პირველად შეძლო დიდი საერთაშორისო ტურნირის ფინალში გასვლა და ეს რაჰიმ სტერლინგის დამსახურებაცაა. ინგლისელმა ევრო2020-ზე გამართულ 7 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა (ხორვატიის, ჩეხეთის და გერმანიის წინააღმდეგ), აქედან 2 გამარჯვების. რაჰიმმა ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა. მიუხედავად ამისა, გარეთ საუთგეიტის გუნდმა ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონობა, რადგან "სამი ლომი" ფინალში იტალიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ინგლისისთვის ვერცხლის მედლები წარმატებაა, თუმცა სხვანაირად ფიქრობს სტერლინგი.

"არსებობს ხალხი, რომელიც გვილოცავს და ამას წარმატებად მიიჩნევს, თუმცა ეს არ არის დიდად მოსალოცი, რადგან ჩვენ არ მოგვიგია. არ ვართ კმაყოფილი მხოლოდ კარგი თამაშით და მაყურებლისთვის შეთავაზებული კარგი შოუთი, ჩვენ ნამდვილად გვსურდა ამ თასის შინ დაბრუნება და ეს გუნდის მენტალიტეტია. ფინალში გასვლა იყო კლასი, მაგრამ გამარჯვება გვინდა. გვინდა ისტორიის შექმნა და ვფიქრობ, ეს არის მთავარი გზავნილი მას შემდეგ, რაც გარეთ საუთგეიტი მოვიდა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ "ყველა თამაშს "უემბლიზე" თამაშობდით", თუმცა ეს უზარმაზარი ზეწოლაა, რადგან საკუთარ კედლებში ხარ და ხალხი შენგან რაღაცას ელოდება", - ესეც სტერლინგის სიტყვებია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტერლინგს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. ეს ის დროა, როდესაც ინგლისის "ოქროს თაობის" რამდენიმე წარმომადგენელი, მაგალითად სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი, "სამი ლომის" შემადგენლობაში კიდევ თამაშობდა. ამ თაობამ ერთმანეთთან დაპირისპირების და ბევრი სხვა მიზეზის გამო, წარმატების მიღწევა ვერ შეძლო.

მას შემდეგ, რაც გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა (2016 წელს), მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გუნდის, გულშემატკივრების და მედიის გაერთიანება და ერთ გუნდად ჩამოყალიბება იყო. 

"როდესაც შეკრებაზე პირველად მივედი, ვხედავდი, რომ ბევრი დაპირისპირება იყო, მაგალითად, მედია ფეხბურთელების წინააღმდეგ. როდესაც გარეთი მოვიდა, მან ნათლად განმარტა, თუ რა იყო მისი განზრახვა. მას სურდა ინგლისს ყველა ფრონტზე ებრძოლა (იგულისხმება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები). თუ ამის გაკეთება გვსურდა, მედიაში, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში ეს დამოკიდებულება უნდა შეგვეცვალა. თუ ეროვნულ გუნდთან ერთად რაღაცის მიღწევა გვსურს, ყველა ერთნი უნდა ვიყოთ. მოსვლის დღიდან საუთგეიტი მედიასა და გულშემატკივრებთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა და ვფიქრობ, მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია. გულშემატკივრები კვლავ ამყარებენ კონტაქტს ფეხბურთელებთან და ამის დანახვა მატჩების დროს შეგიძლიათ. მოთამაშეები გრძნობენ სიყვარულს", - განაცხადა რაჰიმმა.

თამაშებისა და ვარჯიშების შემდეგ ფეხბურთელები თავიანთ ნაჩვენებ სტატისტიკურ შედეგებს ნახულობენ და განიხილავენ. ამის მთავარი მიზანი არის ის, რომ დაინახონ ნაკლი და შემდეგ მის გამოსწორებაზე იმუშაონ.

"ჩემი აზრით, როდესაც უმაღლეს დონეზე თამაშობ, მონაცემების ნახვა და მათი გაანალიზება არის ის, რითაც მოედანსა და მის მიღმა საკუთარი თავის გაუმჯობესება შეგიძლია. ეს ნამდვილად გადამწყვეტია, რომ ამ დონეზე კარგად იასპარეზო. მე ყოველთვის ვამოწმებ ჩემს სიჩქარეს. ჩვენს გასახდელში განსაკუთრებით კი კაილ უოლკერის მსგავსი ფეხბურთელები, ხშირად გულახდილად ვკითხულობთ: "რა იყო ჩვენი მაქსიმალური სიჩქარე?". მაღალი სიჩქარე - ეს არის მონაცემი, რომელსაც თამაშის და ვარჯიშის შემდეგ ვაკვირდებით", - დაამატა სტერლინგმა.            

კომენტარები

ბოლო ამბები