Thumbnail
  • ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა (1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ის რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს გაეჯიბრა და 4:3 მოუგო.

იაკობიშვილმა ორშაბათს ინდოელი სუშილ სუშილი (5:2) და თურქი მუსტაფა კაია (7:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში კი პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან 1:4 წააგო. ვინაიდან ამ უკანასკნელმა ფინალში გასვლა მოახერხა, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადაერთო, სადაც წინასწარი შეხვედრა ბრიტანელ ნიკოლაე გოიოკარუს 5:0 მოუგო, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის როგორც ვთქვით, აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს დაუპირისპირდა, რომელსაც ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 4:3 აჯობა და მედალს დაეუფლა.


ამგვარად, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ვერცხლის მედალი გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალს კი ზურაბ იაკობიშვილის გარდა ნიკა კენჭაძე (79 კგ.) დაეუფლა. საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმომადგენელი ათივე წონაში ჰყავდა.

7 ოქტომბრიდან მსოფლიოს ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს აგრეთვე ათივე წონაში ეყოლება წარმომადგენელი.

კომენტარები

ბოლო ამბები